დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 0:1 - ბოლო წუთზე გადაწყდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამო" პირველ ტურებში შთამბეჭდავად ვერ გამოიყურებოდა, მაგრამ ზედიზედ 3 მატჩია, კახა კაჭარავას გუნდმა თამაში გამოასწორა, ქულათა მაქსიმუმი (9) მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდა.

თითქოს, "დინამოს" წინსვლა რა გასაკვირი უნდა იყოს, მაგრამ შარშანდელი კატასტროფული სეზონის შემდეგ გუნდი ფსოქოლოგიურად გატეხილი იყო, დღეს კი ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს...

შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი და თამაშიც გაჩაღდა. ქობულეთის მძიმე საფარზე სირბილი და ბურთის გორება ისედაც არავის სიამოვნებს და ახლა ამას წვიმაც დაემატა.
მატჩი უფრო ათლეტების ბრძოლას ჰგავდა, ნაღდი, ლამაზი და სწრაფი ფეხბურთი კი მხოლოდ ეპიზოდურად ჩანდა.

თბილისელებმა მოიგეს და ეს ლოგიკურია, რადგან მეტი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. მთავარი ისაა, რომ კაჭარავას გაწვრთნილებმა ბოლო წუთებამდე იბრძოლეს და გადამწყვეტ მომენტში შანსით მაინც ისარგებლეს.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საბა ლობჟანიძის სახით თბილისელებმა დიდი ძალა დაიმატეს - საგოლე გადაცემა სწორედ მან შეასრულა. მატჩის გმირი კი ბექა მიქელთაძე იყო, რომლის გოლმაც სტუმრებს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

მიქელთაძე "დინამოში" თავის ადგილს იმკვიდრებს და ნელ-ნელა ერთობ საინტერესო მოთამაშედ ყალიბდება.

მატჩის სტენოგრამა
7' - კუთხური ლობჟანიძემ შეასრულა, მცველების მიერ მოგერიებული ბურთი საჯარიმოში პაპუნაშვილმა დააბრუნა და მიქელთაძემ კარში დაარტყა, მაგრამ მეკარე ტიმოფეევმა შეტევა იოლად მოიგერია.
15' - კიტეიშვილმა სახიფათოდ დაარტყა კარში, თუმცა დავით კვირკველია ბურთს გადაეფარა და გუნდი გადაარჩინა.
16' - კუთხური ისევ ლობჟანიძემ შეასრულა, ბათუმელთა მცველები დაიბნენ, სალუქვაძემ კი ბურთი ხარიხას მოარტყა!
18' - ფონიავას ჩაწოდებული ბურთი ახლო მანძილიდან კარისკენ ქავთარაძემ თავით გაგზავნა. თბილისელთა მეკარე ლიტოვჩენკომ საიმედოდ ითამაშა და სტუმრები რეალური ხიფათისგან იხსნა.
28' - ისევ ბათუმელთა შეტევა. ამჯერად, თარხნიშვილმა შეუტია, ლიტოვჩენკომ კი ძლიერად დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია.
46' - საჯარიმოში არაბული მცველებს გასცდა და კარის წინ ლობჟანიძე შენიშნა, რომლის თავური დარტყმის შემდეგაც ტიმოფეევმა ბურთი კუთხურზე მოიგერია და მასპინძლები აშკარა გოლისგან იხსნა.
54' - შონიამ კარში პოზიციადაკარგული ლიტოვჩენკო შენიშნა და "მოჭრილად" დაურტყა - უკრაინელმა ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა.
65' - კენედი ნვანგანგას შეტევა საჯარიმოსთან გაუგრძელეს, მან კი კარისკენ "გაისროლა", თუმცა უშედეგოდ.
75' - პაპუნაშვილმა კარგად ითამაშა, საჯარიმოში შეიჭრა, ცრუ მოძრაობით ორი მცველი ჩამოიტოვა და კარში მახვილი კუთხიდან დაარტყა - მასპინძლები კიდევ ერთხელ გადარჩნენ.
77' - ფონიავამ დინამოელთა გადაცემა ჩაჭრა და საჯარიმოსთან ფლამარიონი შენიშნა, რომლის სახიფათო დარტყმაც მიზანს ასცდა.
78' - ფონიავას კუთხურის შემდეგ შონიამ ახლო მანძილიდან ისევ თავით დაარტყა, ბურთი გველესიანს მოხვდა ხელზე და ბათუმელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა (სამართლიანადაც მოიქცა, რადგან სტუმართა მცველს გაშლილი ხელით არ უთამაშია).
80' - სტუმრები გადარჩნენ: ფლამარიონის კუთხურის შემდეგ მგელაძის დარტყმულ ბურთს მცველი გადაეფარა. დამატებაზე ფონიავა 5 მეტრიდან ცდილობდა კარის აღებას, მაგრამ გველესიანი გადაეფარა და თბილისელებს დიდი უსიამოვნება ააცილა.
90' - კიტეიშვილმა მარცხენა ფლანგზე ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა, ჩაკვეტაძეს შეტევა საჯარიმოში გათავისუფლებულ ლობჟანიძეს გაუგრძელა, მან კი კარის წინ მოძებნა მიქელთაძე, რომელმაც გამარჯვების გოლი მკერდით გაიტანა - 0:1.

ეროვნული ლიგა. VI ტური
09.04. ქობულეთი. "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 0:1
გოლი: 0:1 მიქელთაძე (90. ლობჟანიძის პასით)
დინამო ბთ (4-2-3-1): ტიმოფეევი - ფარტენაძე, გოგიტიძე, კვირკველია (65. მგელაძე), სუხიაშვილი - თევდორაძე (46. შონია), თარხნიშვილი - ქავთარაძე, კენედი, ფონიავა - კვასოვი (70. ჟოვინიო).
სათადარიგოები: რ. ტაკიძე, ქორიძე, ტვილდიანი, კვანტალიანი
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
დინამო თბ (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - მიშჩენკო, სალუქვაძე, გველესიანი, ლოჩოშვილი - ქარდავა, კიტეიშვილი - ლობჟანიძე, მიქელთაძე (90+4. ქაფიანიძე), პაპუნაშვილი (81. ზარია) - არაბული (59. ჩაკვეტაძე).
სათადარიგოები: რევიშვილი, თევზაძე, კუცია, ნ. ნინუა
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილებები: სალუქვაძე (61), თარხნიშვილი (90+3)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

მომდევნო ტური
12 აპრილი
ლოკომოტივი-დილა

13 აპრილი
კოლხეთი-სამტრედია
დინამო (თბ)-შუქურა
საბურთალო-დინამო (ბთ)
ტორპედო-ჩიხურა.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 6
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 5
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 4
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 3
ნ. საბანაძე (ტორპედო) 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული