ღმერთია მოწმე, არაფერი დამიშურებია... რაზე სწყდება გული გიორგი დევდარიანს

AutoSharing Option
სეზონის დაწყებამდე ფავორიტობის რამდენიმე კანდიდატს განიხილავდნენ, მაგრამ მათ შორის თბილისის "ლოკომოტივს" არავინ ახსენებდა. არადა, ეროვნულ ლიგაში 5 ტურის შემდეგ "რკინიგზელები" 10 ქულით პირველ ადგილზე არიან და ძალიან ლამაზ, შედეგიან ფეხბურთს თამაშობენ.

ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდთან "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა საინტერესო განცხადებები გააკეთა:

"მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გავიარეთ და ვფიქრობ, სეზონის სტარტს გუნდი მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა ფიზიკურად, ტექნიკურ-ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად. სრული კმაყოფილების საფუძველი მაინც არ მაქვს, რადგან "ლოკომოტივს" გრძელი სათადარიგოთა სკამი არ აქვს, ყველა სასურველი ფეხბურთელის დამატება ვერ შევძელით და ამ ხარვეზის
გამოსასწორებლად მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას ვიზრუნებთ.

"საბურთალოსთან" მარცხიც მოკლე სკამმა გამოიწვია - ცვლილებების განხორციელების შემდეგ ჩვენი თამაშის ხარისხი, გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესდა. მაგრამ "ლოკომოტივის" სისტემა მუშაობს და ახალ თაობებს ზრდის.

ცხადია, ვისურვებდით, რომ ასაკობრივ ნაკრებებსა და უცხოურ კლუბებში ჩვენი მეტი აღზრდილი მოხვდეს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მთავარ გუნდში ჩვენი აღზრდილები დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონში გუნდის მიზანს: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი საუკეთესო ხუთეულში მოხვედრაა. დარწმუნებული ვარ, ამას წარმატებით გავართმევთ თავს და სეზონის ბოლოს ღირსეულ პოზიციაზე ვიქნებით", - ამბობს დევდარიანი.

მან ახლებური ფორმატით მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატზეც ილაპარაკა:

"ძალიან დაძაბული მატჩებია, თითოეულ ქულას დიდი ძალისხმევა სჭირდება. თუმცა დაძაბულობა დონეს ყოველთვის არ აღნიშნავს. ერთი ხელის მოსმით დონის ამაღლება წარმოუდგენელიც არის. იმედია, ჩვენი ჩემპიონატი აღმასვლის გზას ეტაპობრივად დაადგება.

ძალიან სასიამოვნოა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატის გაშუქებას დიდი პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ეკიდება. თანამედროვე მიდგომებისა და შეფუთვის გარეშე ხომ პროგრესზე საუბარიც ზედმეტია. დადებითი ტენდენციები საგრძნობია, მე კი ორ ძირითად ასპექტს გამოვყოფ - მსაჯობის დონე ამაღლებულია. შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული და ამის გამო ვერავის გავკიცხავ, მიკერძოებას კი ვეღარ ვამჩნევ;

მეორე სასიამოვნო ტენდენცია - ეროვნულ ლიგაში გარიგების ეჭვი ერთ მატჩსაც კი არ დაჰკრავდა. ამის არდანახვა არ შეიძლება.

სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს წინსვლისთვის საჭირო ნიადაგის მომზადებას. კარგია, რომ ეროვნულ ჩემპიონატს ამხელა ყურადღება ექცევა. ხალხი სტადიონზე უნდა დაბრუნდეს, ეს პროგრესისთვის დიდი ბიძგი იქნება. წლებია, უამრავი პრობლემაა ბავშვთა ფეხბურთში, ქართულმა ფეხბურთმა სტადიონები დაკარგა. ეს პროცესი უნდა შევაჩეროთ.

ირგვლივ სულ ნეგატივია - თამაშები მოვიგეთ და ინტერნეტში ჩემი მისამართით მაინც ნეგატიურ კომენტარებს ვკითხულობ. წარმოდგენაც არ მინდა, რას წავიკითხავ წაგების შემთხვევაში. ეს მიდგომა ნელ-ნელა უნდა შეიცვალოს".

კითხვაზე - თუ ფიქრობს სანაკრებო ფეხბურთში დაბრუნებაზე, თბილისური კლუბის დამრიგებელმა უპასუხა:

"ნებისმიერი ქართველისთვის დიდი პატივია საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა. სანაკრებო საქმიანობა ჩემთვის განსაკუთრებული გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. როცა ეს შანსი მეძლეოდა, მთელი სულითა და გულით ვცდილობდი საქართველოს წარმოჩენას. სხვა საქმეა, როგორ გამომდიოდა...

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, "ლოკომოტივში" მუშაობა ჩემთვის არანაკლები გამოწვევაა და როგორც მწვრთნელს, შემიძლია ვთქვა, რომ აქ საკუთარი თავის რეალიზება შემიძლია".

დევდარიანის თქმით, თურქეთის სუპერლიგის "ტრაბზონში" გატარებულმა პერიოდმა ბევრი რამ შესძინა:

"შოთა არველაძემ საშუალება მომცა, ახალი გამოწვევა მიმეღო. ახლოდან ვნახე სხვა ფეხბურთი, სხვა დონე, სხვა სისწრაფეები, სხვა წნეხი. საწყენია, რომ ჩემი თურქული კარიერა დიდხანს არ გაგრძელდა, იყო გულისწყვეტის მომენტებიც, რის გარეშეც ფეხბურთი არ არსებობს.

მთლიანობაში, იქ გატარებულმა პერიოდმა ბევრი მასწავლა და ჩემი, როგორც მწვრთნელისა და ადამიანის თვალსაწიერი მნიშვნელოვნად გააფართოვა".

გამოცდილი სპეციალისტი ბევრი ცნობილი მოთამაშის ბავშვობის მწვრთნელი ყოფილა. სამწუხაროდ, მათმა ნაწილმა შესაძლებლობების რეალიზება სრულად ვერ შეძლო, ნაწილმა კი იმედები საერთოდ ვერ გაამართლა. დევდარიანი ღიად ლაპარაკობს, ვის პროგრესს გამოარჩევდა და ყველაზე მეტად ვისზე სწყდება გული:

"ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ გოჩა ხოჯავამ და გიორგი ჭანტურიამ დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშეს. მე ხომ ყველაზე უკეთ ვიცი, ხოჯავა რა შესაძლებლობების პატრონი იყო. სამწუხაროდ, მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება.

მართალია, ჭანტურიამ წლები გაანიავა, მაგრამ მისი იმედი ჯერ არ დამიკარგავს და მინდა მჯეროდეს, რომ თავის სიტყვას კიდევ იტყვის. საწყენია, რომ ახლა მძიმე ტრავმის გამო ვერ თამაშობს. ვისურვებდი, რომ ეს დაბრკოლება გადალახოს და ბოლოს და ბოლოს, დაგვანახებს, რომ მის მიმართ ამხელა მოლოდინი ფუჭად არ გვქონია.

რაც შეეხება წარმატებულთა კატეგორიას: ქართული ფეხბურთისთვის მესი და რონალდო არ გამიზრდია, მაგრამ ღმერთია მოწმე, საქმეს პირნათლად ვემსახურებოდი და ნიჭიერი ბიჭების ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის არაფერი დამიშურებია.

ბედნიერი ვარ, რომ ვაკო ყაზაიშვილსა და დავით ხოჭოლავას დღეს წარმატებული კარიერა აქვთ, საქართველოს ჩემპიონატში გამოირჩევა გიორგი ხარაიშვილი, წინ მიიწევენ ჯიმი ტაბიძე და ლაშა პარუნაშვილი. მჯერა, რომ ჩემი იმედების გამართლებას ლუკა ზარანდიაც დაიწყებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგი რაა გელა,უფულობის გამო დაეშალა გუნდი არველაძეს და ხელფასიც მე მგონი არ აუღია,თუ კომპენსაცია,ზუსტად არ მახსოვს და დევდარიანიც საქმეზე ორიენტირებული მწვრთნელია,სად ნახე,სად გამოეკიდა გიორგი ფულსა და თანამდებობას?კარგს რომ არ დაუნახავ ადამიანს,მერე მისგან ცუდი აღარ უნდა გეწყინოს,მაგრამ დევდარიანს ეგეც არასოდეს უკადრია,ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი.
კარგი მწვრთნელი და ადამიანია გიორგი დევდარიანი და წარმატებებს ვუსურვებ კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც.
სოსო
23:52 12-04-2017
0
წარმატებები გიო. ჩემპიონის ტიტული მომელოცოს. გაიხარე.
kaxa
21:47 12-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული