გიორგი დევდარიანი: ახლაც არ ვარ ეიფორიაში, ისევ ფრთხილად ვილაპარაკებ

AutoSharing Option
ბოლო წლებში, თბილისის "ლოკომოტივი" სტაბილურობით არ გამოირჩეოდა, ლიდერებში კი დიდი ხნის განმავლობაში აღარ ყოფილა, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გუნდი სულ წვალობდა და "მზის ქვეშ" ადგილს ებღაუჭებოდა...

მიმდინარე სეზონი "ლოკომ" კარგად დაიწყო და ეს ბევრმა დროებით მოვლენად ჩათვალა, მაგრამ პირველი წრე დასრულდა და აშკარაა, რომ გიორგი დევდარიანმა გუნდს ის სულისკვეთება შესძინა, რითიც წლების წინათ მისი "თბილისი" დედაქალაქელი გულშემატკივრისთვის საყვარელი და მშობლიური გუნდი გახადა.

"ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი "ლელოს" გუნდის სახეცვლილებაზე, გეგმებსა და პრობლემებზე ელაპარაკა...

- "ლოკომოტივში" ბევრი რამ შეცვალეთ - შემადგენლობა, სულისკვეთება, მიზნები.
ეს ყველაფერი საიდან დაიწყეთ?

- ეს, უპირველესად, კლუბის ხელმძღვანელების - ლექსო თოფურიასა და გიორგი ყიფიანის მიდგომის შედეგია, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. მწვრთნელიც ჩვეულებრივი ადამიანია და როგორც ფეხბურთელი რეაგირებს ნდობაზე, ასევეა მწვრთნელი - როცა შენი სჯერათ, ეს საკუთარ ძალებში რწმენას გმატებს და გუნდზეც გადადის.

- არადა, სეზონის დაწყებამდე მიზნებზე ფრთხილად ლაპარაკობდით...
- ახლაც არ ვარ ეიფორიაში და მიზნებზე ისევ ფრთხილად ვილაპარაკებ. ჯერ ხომ სეზონის მხოლოდ მეოთხედი გავიდა.

საერთოდ, "ლოკომოტივს" ორი მიზანი აქვს - მაქსიმალურად ზედა საფეხურზე დაწინაურება და მეორე - მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდის გაზრდა და დაწინაურება. შედეგზე არანაკლებ ის მახარებს, რომ ახალგაზრდა ბიჭებს პროგრესი დაეტყოთ - სამურკასოვს, არდაზიშვილს, რომელიც ზოგიერთ შეხვედრაში ლიდერად მოგვევლინა, ასევე არველაძეს. ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე გამოაჩინა ბრჭყალები. იმავეს ვიტყვი ჭანტურიაზე, ქავთარაძეზე, კომახიძეზე, ასევე, გავაშელიშვილსა და კიკნაძეზე, რომლებიც შარშან სათადარიგოებში ისხდნენ. ამ ბიჭებმა ნდობა დაინახეს და ათამაშდნენ.

- ტექნიკური არველაძე სულ რაღაც ერთი წლის წინ ფიზიკურად სუსტი იყო. ახლა კი ათლეტური გახდა და სასიამოვნო ფეხბურთსაც თამაშობს...
- ვატოს 19-წლამდელებიდან ვიცნობ და გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მას დიდი ფეხბურთელის მონაცემები აქვს. თუკი ბოლოდროინდელ ზრდას გააგრძელებს, შესაძლოა, ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდეს. ჩვენთან არიან გამოცდილი მოთამაშეებიც, რომლებიც შარშანდელზე ბევრად უკეთ გამოიყურებიან.

- ...მაგალითად, დიასამიძე. ბავშვობიდან მის ნიჭიერებაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ მხოლოდ წლეულს გამოჩნდა, რეალურად რა შეუძლია...
- მე კი მიმაჩნია, რომ დიასამიძეს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. საკუთარი პოტენციალის მხოლოდ 40 პროცენტს ავლენს, არადა, მას გაცილებით მეტი შეუძლია.

- ორი კარგი მეკარე გყავთ და ორივეს ათამაშებთ, მაგრამ სისტემატურად არც ერთი თამაშობს და ეს ამბავი თავის გამოჩენაში ხელს ხომ არ შეუშლით?
- პირიქით, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პოზიციის მოთამაშეს, კონკურენცია მეკარესაც ზრდის. მე ორივეს ვენდობი.

გუნდში მისვლისას "მოკლე სკამის" პრობლემას განვიცდიდი. ამაში ერთი კარგი ის არის, რომ ასეთ დროს ფეხბურთელები უფრო მეტს თამაშობენ. მაგრამ კონკურენცია თითოეულ მოთამაშესაც ზრდის და მთლიანად გუნდსაც. გადაწყვეტილების მიღებისას, ვცდილობთ, სამართლიანობის პრინციპით ვიხელმძღვანელოთ. შანსი ყველას მიეცემა.

ის მახარებს, რომ ფეხბურთელებს კარგად ესმით, ვის რატომ ვათამაშებთ და შეცვლაზე რატომ შეგვყავს. "ჩიხურასთან" თამაში რომ დაიწყო, გავაშელიშვილი სათადარიგოებში იჯდა, მაგრამ ცხვირი კი არ ჩამოუშვია, გაიგო, მისი შეყვანა მეორე ტაიმში რატომ მსურდა და ისეთი ანთებული გავიდა, დუბლი შეასრულა.

- თავდასხმაშიც დიდი კონკურენცია გაქვთ...
- სიხარულიძე, დიასამიძე და გავაშელიშვილი კარგად ათამაშდნენ. მიმაჩნია, რომ მალე კონკურენციის დონე კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან კიკნაძე და არველაძე იზრდებიან, თამაშობენ და ჯანსაღი ამბიცია აქვთ.

- გარდამავალ ჩემპიონატში სიხარულიძემ 12 შეხვედრაში 3 გოლის მეტი ვერ გაიტანა. გავაშელიშვილმა სულ 3-ჯერ ითამაშა და გოლის გემო დავიწყებული ჰქონდა. ასეთი რა განწყობა შეუქმენით, რომ ვერ აჩერებენ?
- ამ შემთხვევაშიც მთავარი იყო ნდობა. ეს ფეხბურთელს სხვაგვარს ხდის. ჩვენი გუნდი სწორედ ამაზეა აწყობილი. მეორე მომენტია - ბოლო წლებში "ლოკომოტივი" სულ ადგილის შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული და ასეთ გუნდში თავს ვერავინ გამოიჩენდა. კიდევ ერთი ფაქტორი სათამაშო სქემაა, რომელსაც მოთამაშეების მიხედვით ვარჩევთ. წლეულს 3-4-3 განლაგებას ვიყენებთ, რადგან ეს სქემა ფეხბურთელებს კარგად მოერგო.

- "ჩიხურასთან" გამოჩნდა, რეალურად რას წარმოადგენს "ლოკომოტივი"...
- სხვათა შორის, თამაშიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ შედეგი ძალთა შეფარდებას ზუსტად ასახავდა. "ჩიხურა" ძლიერი გუნდია და კარგად შეთამაშებული შემადგენლობა ჰყავს. მასთან მოგება ყველას გაუჭირდება. ეპიზოდებში ძალიან მწვავედაც შემოგვიტიეს.

- გარდამავალ ჩემპიონატში "ჩიხურამ" თბილისში 4:1 მოგიგოთ. დიდი დრო არ გასულა და თქვენ 5:0 დაამარცხეთ...
- ეს სხვა ამბავია და ნამდვილად მახარებს, რომ გავძლიერდით.

- კილომეტრებზე ლაპარაკი თქვენი "ნოუ ჰაუ" იყო. ახლა გუნდები in-stant პროგრამით სარგებლობთ და საინტერესოა, "ლოკომოტივის" მოთამაშეები საშუალოდ თამაშში რამდენს დარბიან?
- თამაშსაც გააჩნია. თუმცა, ზოგადი მონაცემი არ შეცვლილა - საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელები თითო შეხვედრაში 8-დან 12 კილომეტრამდე ფარავენ. მაგრამ მთავარი არა კილომეტრები, არამედ სპრინტების რაოდენობაა. ფეხბურთელმა თამაშში ეს მინიმუმ 20-25-ჯერ უნდა გააკეთოს. ჯერ ამ მაჩვენებლისგან შორს ვართ. არის ლაპარაკი, რომ წლეულს დაძაბულობა გაიზარდა და ეს მახარებს. მეორე მხარეა, ეს რის ხარჯზე მოხდა.

- თქვენი აზრით, რის ხარჯზე მოხდა?
- იმის ხარჯზე, რომ გუნდებიდან წამყვანი მოთამაშეები უცხოეთში წავიდნენ, საქართველოში კი მათი შემცვლელების სწრაფად მოძებნა ძნელია.

სულ მიკვირს, როგორ ითხოვენ, რომ "სამტრედიამ" წლეულსაც ისეთივე ფეხბურთი აჩვენოს, როგორც ზივზივაძის, შერგელაშვილისა და არაბულის პერიოდში. როგორც კი ვინმე ათამაშდება, მაშინვე უცხოეთში მიჰყავთ. არადა, ევროსეზონი დაიწყება და იქ რთული თამაშები გველის. კარგი იქნებოდა, გამორჩეული ბიჭები გუნდებმა ერთი-ორი წლით მაინც რომ შეინარჩუნონ, რათა ევროპისთვის მოვღონიერდეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლოკოს შთამბეჭდავი სტარტი მახარებს, რაშიც მთავარი მწვრთნელის წვლილი დიდია. თუმცა, რაც შეეხება სამართლიანობას,დევდარიანის სამართლიანობა ძნელად დასაჯერებელია. კაცი დაავადებულია პრაგმატიზმით და მოქმედებს პრინციპით- მიზანი ამართლებს საშუალებას, ეს კი ხშირად სამართლიანობას გამორიცხავს.
არ მჯერა
00:02 03-05-2017
0
პირველ ტაიმში ჩიხურასთან მატჩში მსაჯობა იყო ამაზრზენი. -
otari
17:26 02-05-2017
0

სიახლეები პოპულარული