ირაკლი სიხარულიძე: ჩემი მიზანი ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებაა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის "ლოკომოტივის" თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე დაასახელა.

მის ანგარიშზე 10 ტურში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა, ეს კი საშუალოდ თამაშში 1,1 გოლია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია!

თბილისის "ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩს დღეს თანაქალაქელ "დინამოსთან" გამართავს და მოგების შემთხვევაში, გალიდერდება.

- ეროვნული ლიგა. XI ტურის წინ: ორი გამორჩეული დერბი

მანამდე კი Sportall.ge-მ პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელთან ინტერვიუ ჩაწერა.

- წელს საშუალოდ ყველა შეხვედრაში ერთი გოლი გაგაქვს. რას მივაწეროთ
ეს?

- ეს მთლიანად გუნდის დამსახურებაა. გუნდი აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებს და ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ხშირად მექმნება საგოლე მომენტები. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემს ყველა გატანილ გოლში თითოეულ თანაგუნდელს თანაბარი წვლილი მიუძღვის.

არის მეორე ფაქტორიც: ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია მწვრთნელის ნდობა და ეს "ლოკომოტივში" ნამდვილად მაქვს. გიორგი დევდარიანი ცდილობს, ყველა ფეხბურთელთან მეგობრული იყოს.

- "ლოკომოტივის" ამბიციებზე რას გვეტყვი?
- თითოეულ თამაშზე ჩვენი მაქსიმუმის გამოვლენა და სეზონის მაღალ პოზიციაზე დასრულება გვსურს.

- ამბობენ, "ლოკომოტივი" ძალიან ახალგაზრდა გუნდია და სეზონის ბოლომდე ვერ შეინარჩუნებს ამ ფორმასო...
- ვერ ვიტყვი, რომ ასეა. ჩემი გადმოსახედიდან, ყოველ მომდევნო შეხვედრას წინაზე უკეთესად ვატარებთ.

- ბათუმის "დინამოსთან" თამაშზე გკითხავთ. როგორი გრძნობა იყო ამდენი ხალხის წინ თამაში?
- შესანიშნავი საფეხბურთო გარემო იყო ბათუმში და ეს, პირველ რიგში, იქ მოსული გულშემატკივრის დამსახურებაა, რომელმაც თავის გუნდს 90 წუთის განმავლობაში უგულშემატკივრა. ეს ჩვენთვისაც დამატებითი მოტივაცია იყო და რაც მეტ მატჩში იქნება მსგავსი ატმოსფერო, მით უფრო სანახაობრივი გახდება ჩემპიონატიც.

- "ჩიხურასთან" მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაესწრო და მის თვალწინ დუბლი გაიფორმე. ასე თუ გააგრძელე, არაა გამორიცხული, მალე ეროვნული ნაკრების მაისური მოირგო...
- თამაშამდე არ ვიცოდი, ვლადიმირ ვაისი თუ ესწრებოდა მატჩს. ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება კი ჩემი მიზანია.

- ბევრი ფეხბურთელი ვიცით, ეროვნულ ლიგაში ერთი გაბრწყინებული სეზონის შემდეგ პირველივე შემოთავაზებაზე უცხოეთში რომ წასულა. შენს შემთხვევაში რა იქნება?
- მომავალზე საუბარი ჯერ ადრეა. ახლა მთლიანად "ლოკომოტივზე" ვარ კონცენტრირებული.

- დღეს "დინამოსთან" მნიშვნელოვანი მატჩი გაქვთ...
- კი, სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით მართლაც უმნიშვნელოვანესი მატჩია და იმედია, გაამართლებს მოლოდინს და გულშემატკივარი სანახაობრივ ფეხბურთს ნახავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ირაკლი დღეს უნდა გაიტანო,უნდა მოიგოს ლოკომ,ამით დინამოსაც დაამარცხებთ და შენი სამტრედიიდან გამომგდებ უხეირო მენეჯმენტსაც დაანახვებ მათ უხეირობას.
წარმატებები.
Papa
16:46 10-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული