ეროვნული ლიგის XVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სანაკრებო თამაშების გამო ეროვნულ ლიგაში ორკვირიანი პაუზა იყო და აი, ჩემპიონატიც განახლდა. თანაც, ისე განახლდა, როგორც მანამდე მიმდინარეობდა - უკომპრომისო და საინტერესო დაპირისპირებებით!

მეორე წრის ბოლოსწინა ტურის უმთავრესი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, კიდევ ერთი "საშუალედო ეტაპის" გამარჯვებულის გამოვლენაა: თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, პირველი წრის მსგავსად, მეორე წრის ჩემპიონიც თბილისის "დინამოა"! ანუ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი ჯერ "გაზაფხულის ჩემპიონი" გახდა, ახლა კი - "ზაფხულის ჩემპიონიც"!

თუმცა, არის კიდევ ერთი ვარიანტი ფანტასტიკის ჟანრიდან - მეორე წრის გამარჯვებული "ტორპედო" რომ გახდეს, მომდევნო
ტურში თბილისის "დინამო"... (თხუთმეტ) 15-ბურთიანი სხვაობით უნდა დაამარცხოს.

თუმცა, ვიდრე მეორე წრის ბოლო ტურის (და საერთოდ - მიმდინარე სეზონის) ერთ-ერთი საინტრიგო დაპირისპირება იქნება (კიდევ ერთი "ქართული კლასიკო" 21 ივნისს გაიმართება), მანამდე XVII ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე გავამახვილოთ ყურადღება...

ჩემპიონი და ახალი სტადიონი
ამ ტურის წინათქმაშიც აღვნიშნეთ, რომ მეორე წრის ბოლოსწინა ტურის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა თბილისში, ახალ სტადიონზე ოფიციალური მატჩ(ებ)ის გამართვა უნდა ყოფილიყო. დიღომში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სტადიონს დავით პეტრიაშვილის სახელი რომ ეწოდა, ამის თაობაზე "ლელოს" მკითხველი უკვე ინფორმირებულია...

და აი, პირველი მატჩი ახალ სტადიონზე და პირველი გოლიც: "ლოკომოტივი"-"სამტრედიის" მატჩი ახალი დაწყებული იყო, სტუმართა მარცხენა გარემარბმა, 22 წლის გურამ სამუშიამ ეფექტური გოლი გაიტანა. როგორც გაირკვა, ეს გოლი ამ მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა და ამ მოგებით გია ცეცაძის დამოძღვრილმა "სამტრედიამ" მეორე წრის დამთავრებამდე 1 ტურით ადრე დაიბევა ადგილი ზედა სამეულში.

ამ მატჩის დეტალური განხილვა უკვე შემოგთავაზეთ და ამჯერად აღარ შევუდგებით იმ სიტუაციის აღწერას, თუ როგორი საკადრო პრობლემები ჰქონდა ორივე გუნდს. მხოლოდ იმას დავძენთ, რომ "სამტრედიის" ორმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა გიგლა ბურკაძემ და ვალერი ოლხოვმა ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარეს.

ტატანამ ინტრიგა დააბრუნა!
XVII ტურის შედეგების გათვალისწინებით, სატურნირო ცხრილში უმნიშვნელო გადაადგილებები მოხდა და ერთ-ერთი სწორედ "ჩიხურამ" მოახდინა: უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვების შემდეგ სოსო ფრუიძის გუნდმა IV ადგილზე გადაინაცვლა და ნელ-ნელა მიუახლოვდა პირველ სამეულს.

ისე, ცოტა არ იყოს, უცნაური მატჩი გამოვიდა: პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა, შესვენების მერე კი სამტრედიის სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ერთბაშად 4 გოლი იხილეს! კვლავ გამოიჩინა თავი "კოლხეთის" უკრაინელმა ლეგიონერმა მიკოლა კოვტალიუკმა: 22 წლის ცენტრფორვარდმა ეროვნულ ლიგაში X გოლი გაიტანა.

თუმცა ამ მატჩს სხვა გმირი ჰყავდა: "ჩიხურას" 33 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა ერთმანეთზე უკეთესი სამი გოლი გაუტანა "კოლხეთის" მართლაც არცთუ ურიგო მეკარეს, მოლდოველ სტეპან სიკაჩს!

გამოცდილმა ტატანაშვილმა მიმდინარე სეზონში უკვე მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა და ჯერჯერობით, ეს საუკეთესო მაჩვენებელია. ამას გარდა, ბომბარდირთა დავაში ტატანაშვილი მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება ირაკლი სიხარულიძეს.

"ჩიხურას" შემადგენლობაში კიდევ ერთი ფეხბურთელის აღნიშვნა გვინდა: 27 წლის გიორგი კორიფაძემ ორი საგოლე პასი შეასრულა და მესამე საგოლე კომბინაციაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო!

სადებიუტო და შთამბეჭდავი გამარჯვება
გასულ ტურში წარმატებული სამწვრთნელო დებიუტის მომსწრენი გავხდით - "დილას" თავკაცის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი დეკანოსიძემ ახალ ამპლუაში, პირველსავე მატჩში გაიმარჯვა. თანაც, ამ 3 ქულით "დილა" პლეი აუტის ზონას უკვე 6 ქულით დაშორდა და ადვილი მისახვედრია, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნებოდა ამ მოგებას გორელთა გუნდისთვის.

"შუქურას" კარში 3 გოლი "დილას" ლეგიონერებმა გაიტანეს: ლეანდრო რიბეირომ, ნუბიო ფლავიომ (ორივე - ბრაზილია) და სალიუ ტარავალემ (სიერა ლეონე); თუმცა ყველაზე ეფექტური ის გოლი იყო, "დილას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, 21 წლის თენგიზ წიქარიძემ რომ გაიტანა...

ზაფხულის დამსახურებული ჩემპიონი
ვერაფერს ვიტყვით, მართლაც შთამბეჭდავად ათამაშდა მეორე წრის ფინიშზე თბილისის "დინამო": კახა კაჭარავას გუნდმა ზედიზედ 3 მატჩი მოიგო და მეტოქეთა კარში 13 გოლი გაიტანა! თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, ბევრი ნამდვილად არ მოელოდა, თბილისის "დინამო" დედაქალაქურ "დერბიში" ხუთ უპასუხო გოლს თუ გაუტანდა "საბურთალოს"; მით უმეტეს, რომ ისევე, როგორც "კოლხეთი"-"ჩიხურას" მატჩში, დედაქალაქური დერბის პირველი ტაიმიც 0:0 მორჩა...

...ეს მატჩიც დავით პეტრიაშვილის სახელობის ახალ სტადიონზე ჩატარდა და ამჯერადაც პარალელს გავავლებთ სხვა დაპირისპირებასთან: "ლოკომოტივი"-"სამტრედიის" შეხვედრის მსგავსად, დედაქალაქური დერბის მონაწილენიც არაოპტიმალური შემადგენლობით გამოვიდნენ მოედანზე.

თუმცა, "დინამოს" გრძელი სათადარიგოთა სკამი რომ აქვს, ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა: წინა ტურის მსგავსად, ამჯერადაც კიდევ ერთმა ნიჭიერმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა გაიტანა ეფექტური გოლი! შეგახსენებთ, რომ წინა ტურში შეცვლაზე შესულმა 17 წლის გიორგი კუციამ "შუქურას" კარში გაიტანა ლამაზი გოლი, ამჯერად კი - ასევე შეცვლაზე შესულმა და ასევე 17 წლის ნიკა ნინუამ!

"საბურთალოსათვის" მართლაც კოშმარული მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ამ ბოლო დროს შედეგიანად ათამაშებულმა ბაჩანა არაბულმა მოხდენილი თავური დარტყმით ეროვნულ ლიგაში მე-11 გოლი გაიტანა.

ამას მოჰყვა "დინამოს" კიდევ ერთი ლიდერის, 22 წლის საბა ლობჟანიძის მშვენიერი გოლი, ფაქტობრივად, მთელი მოედნის სოლო-რეიდით გადაკვეთას რომ მოჰყვა.

დაბოლოს, გიორგი პაპუნაშვილის გაბრწყინებაზეც ვთქვათ: "დინამოს" 21 წლის მარჯვენა გარემარბმა ერთმანეთზე უკეთესი 2 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ესპანურ "სარაგოსაში" გასამგზავრებლად გამზადებულმა გიორგი პაპუნაშვილმა საქართველოს ჩემპიონატში უკანასკნელად "დუბლი" 2 წლის წინათ შეასრულა.

კლასიკოს მოლოდინში...
ზედიზედ მესამე მარცხი და ზედიზედ მესამე უგოლო მატჩი: ფაქტია, რომ ბათუმის "დინამოს" ერთობ უსიამოვნო პერიოდი აქვს მეორე წრის ფინიშზე; თანაც, როგორც ადრე აღვნიშნეთ, აჭარულ გუნდს არც მწვრთნელთა ხშირი ცვლა შველის: კონსტანტინ ფროლოვის ხელმძღვანელობით, ბათუმის "დინამომ" ამჯერადაც მინიმალური სხვაობით წააგო.

სიახლე კი ის იყო, რომ ერთწლიანი პაუზის მერე მშობლიური ქალაქის გუნდში დაბრუნდა 26 წლის ბექა მახარაძე, ხოლო კვიპროსიდან სამშობლოში დაბრუნებული 27 წლის ელგუჯა გრიგალაშვილი თავის დროზე ასევე თამაშობდა ბათუმის "დინამოში".

სხვათა შორის, ეს იყო ამ ტურის ერთადერთი შედარებით უფერული მატჩი, სადაც მხოლოდ ერთი გოლი გავიდა: "ტორპედოს" ცენტრალურმა ნახევარმცველმა გიორგი კუხიანიძემ მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ შეასრულა ზუსტად პენალტი.

თუმცა, ქუთაისელთა გუნდისათვის მთავარი ხომ მორიგი 3 ქულა იყო: კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო და კვლავაც კვალდაკვალ მისდევს თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, თბილისის "დინამოს", რომელთან დაპირისპირებითაც მიმდინარე სეზონის მეორე წრე დასრულდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოდი გუადუა რამე დაწერე სამტრედიაზე როგორც ლანძგავ ხოლმე.. შე ბოგმიანო ჩასაპრებული პოზიციიდან რო წერ აქ.. ცეცა მაგარი კაცი ხარრრ
guadua sadaxar yana gatoxneee
12:12 20-06-2017
0
მულტფილმები უნდა. იყოს. ყოველ. დღეს.
cotne
11:07 20-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული