მიკოლა კოვტალიუკი: საქმეც ის არის, რომ რუსული კარგად მეც არ ვიცი...

AutoSharing Option
ფოტოზე: მიკოლა კოვტალიუკი "ლოკომოტივის" წინააღმდეგ
მიკოლა კოვტალიუკი ფოთის "კოლხეთს" 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა. მაშინ 22 წლის უკრაინელი თავდამსხმელი დააახლოებით ისეთივე ფიგურა იყო, როგორც კატა - ტომარაში. კარგად არავინ იცნობდა და ზუსტად გუნდშიც არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ გამოადგებოდათ...

მაგრამ გელა სანაიას არჩევანმა გაამართლა - მიმდინარე ეროვნულ ლიგაში კოლხების 17 გოლიდან 10 - კოვტალიუკის ანგარიშზეა, რაც 5 გოლით ნაკლებია პირველადგილოსან ირაკლი სიხარულიძის ("ლოკომოტივი") მაჩვენებელზე. აუტსაიდერ გუნდში ასეთი შედეგიანობა უთუოდ დასაფასებელი ამბავია...

ლვოველმა ბიჭმა შჩასტლივოეს "კნიაჟასა" და ლვოვის "კარპატის" ახალგაზრდულ გუნდში
დაწყებული კარიერა მთავარ "კარპატიში" გააგრძელა. მერე იყო მარიუპოლის "ილიჩევეცი", "პოლტავა", "ზემპლინ მიხაილოვცე", კიევის "არსენალი" (2015 წელს ამ გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს), კოვალივკას "კოლოსი"... წლეულს კი, თებერვალში, კოვტალიუკი ფოთის "კოლხეთში" აღმოჩნდა.

მისი ტრანსფერი ეკუთვნის "კოლოსს", რომელიც უკრაინის რანგით მეორე ლიგის კლუბია. კოვტალიუკმა "ლელოსთან" გაამხილა, რომ მალე კონტრაქტი უმთავრდება და ჯერ არ იცის, სად ითამაშებს...

- შემთხვევით, "ზუგდიდის" ნაცვლად, ფოთის "კოლხეთში" აღმოჩნდით. როგორც ვიცით, სინჯების შემდეგ შინ დაბრუნებას აპირებდით...
- ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ "ზუგდიდთან" კონტრაქტი უნდა გამეფორმებინა, კონკრეტული პირობებიც დამისახელეს და ტრანსფერზე ამიტომაც დავთანხმდი... მაგრამ მერე რაღაც შეიცვალა და წასვლას ვაპირებდი. საქართველოში ლევან გულორდავამ ჩამომიყვანა, რომელსაც ზუსტად ამ დროს უთხრეს, რომ "კოლხეთი" თავდამსხმელს ეძებდა და მეც მივიღე ეს წინადადება.

- "კოლხეთში" ბევრი ლეგიონერი ხართ. გუნდი თქვენით კმაყოფილია, თავად რას იტყვით?
- მეც კმაყოფილი ვარ, რადგან მწვრთნელებისა და თანაგუნდელების დამოკიდებულებაც მომწონს და გარემოც.

- ქართველებთან ურთიერთობა გაგიადვილდათ?
- ამ მხრივ, პრობლემა არ ყოფილა, რადგან აქ ძალიან მეგობრული ბიჭები არიან.

- თქვენს თამაშზეც იმავეს იტყვით?
- ბიჭების დამსახურებაა, უკვე 10 გოლი რომ გავიტანე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ "კოლხეთი" არც ისე ცუდ ფეხბურთს თამაშობს და ცხრილში უფრო მაღალ ადგილს იმსახურებს. ბევრი ტრავმირებულია, ოპტიმალური შემადგენლობა არ გვყავს და ხშირად გუნდურ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ.

მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ "კოლხეთი" ფოთში ვერ თამაშობს. საკუთარი გულშემატკივრის გარეშე გამოსვლა კი ძალიან ძნელია, ენობრივი ბარიერიც პრობლემაა...

- რუსული ბევრმა არ იცის?
- საქმეც ის არის, რომ რუსული კარგად არც მე ვიცი. ლვოვში დავიბადე და გავიზარდე. დასავლეთ უკრაინაში რუსულს ისე ვერ ვფლობთ, როგორც - აღმოსავლეთში. მაგრამ თანაგუნდელებთან ცოტა რუსულითა და ცოტა ინგლისურით ვლაპარაკობ.

- საქართველოს ჩემპიონატს რა თავისებურება ახასიათებს, რაც თვალში ყველაზე მეტად გხვდებათ?
- აქაური ფეხბურთი უკრაინულისგან აბსოლუტურად განსხვავდება. საქართველოში ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები არიან, რომელთაც თამაშის საკუთარ თავზე აღება უყვართ და ეხერხებათ კიდეც. უკრაინაში ასე არ არის, იქ უფრო სწრაფად თამაშობენ, ბურთს მაქსიმუმ ერთი-ორჯერ ეხებიან და ეგრევე პასს აკეთებენ, რადგან ჩვენთან შეტევის სწრაფად წამოწყება ფასობს.

- ეს ყველგან ფასობს, მაგრამ ჩვენთან ბურთს ძალიან "აწვალებენ" და ნაკლებად მოძრაობენ...
- ესეც ქართული თავისებურებაა, მაგრამ აქ სხვა სტილის ფეხბურთია. უკრაინაში მეტი ორთაბრძოლაა, აქ მეტოქის ჩამოშორებას უფრო ტექნიკურად ცდილობენ. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ არ მოძრაობენ. საქართველოში რამდენიმე კარგი მოთამაშე და გუნდი აღმოვაჩინე. თქვენს ფეხბურთს აშკარად გამოკვეთილი ნაკლი არც გააჩნია, უბრალოდ, ყველას რაღაც აქვს დასახვეწი.

- საკმაოდ ხისტი ფეხბურთელის სახელი გაქვთ, მაგრამ, რეალურად, ჩვენს ჩემპიონატში ასეთ თამაშს მიუჩვევლები არიან და თქვენგან ეს სიხისტე უკვირთ, შესაძლოა, აღიზიანებთ კიდეც...
- (იცინის) თავიდან უფრო ღიზიანდებოდნენ. ახლა იციან, რომ ბოლომდე ვიბრძვი და არაფერს ვთმობ ხოლმე.

- ამის გამო, მეტოქე გუნდების მოთამაშეებთან კონფლიქტებიც გქონიათ...
- ფეხბურთია და ემოცია განუყოფელია... სხვათა შორის, ისეც არ არის, თქვენ რომ ამბობთ, აქ ბევრი მცველი ჩემზე არანაკლებ ხისტად თამაშობს და ფეხში რომ მირტყამს, "ხურდას" მეც ვუბრუნებ. მაგრამ რეალურ კონფლიქტამდე საქმე არასოდეს მისულა.

- "კოლხეთში" როდემდე რჩებით?
- კონტრაქტი 30 ივნისს მიმთავრდება, სახლში დავბრუნდები და ჯერ არ ვიცი, მერე სად ვითამაშებ. უფრო სწორად, ჩემი ტრანსფერი კოვალივკას "კოლოსს" ეკუთვნის და საქართველოში იჯარით ვთამაშობდი. გამანათხოვრებენ თუ არა, მალე მეცოდინება.

- ანუ "კოლხეთიდან" მიდიხართ?
- ჯერ ესეც არ ვიცი. გამორიცხული არ არის, "კოლხეთშიც" დავრჩე. მენეჯერისგან გავიგე, რომ მიწვევები მაქვს უკრაინაშიც, საქართველოშიც და ევროპაშიც, მაგრამ ჯერ კონკრეტულად გუნდს ვერ დაგისახელებთ, რადგან თავადაც გაურკვევლობაში ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
dges saqartvelohi torpedo karg gamartul fexburts tamahobs,magram aqvs gamtanis problema es biji gamoadgeboda.
0
დინამოში რაც ლეგიონერები იყო(ჩისკოს გარდა რა თქმა უნდა)ეს ბიჭი ყველას ჯობია ერთად აღებულს.
კახა ქირია
18:07 24-06-2017
0

სიახლეები პოპულარული