სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
პირველი ლიგა: ახალი ფორმატი, ძველი სახეები
AutoSharing Option
11:02 01-12-2011
უამინდობამ კორექტივები არამხოლოდ უმაღლეს ლიგაში შეიტანა: ნაადრევად წამოსული თოვლის გამო პირველ ლიგაშიც გადაიდო რამდენიმე თამაში; ასე მაგალითად, XV ტურში "ა" ზონაში ხუთიდან მხოლოდ ორი მატჩი ჩატარდა, "ბ" ზონაში კი - სამი. არადა, ორივე ზონაში გათამაშების პირველი ეტაპის დამთავრებას, ფაქტობრივად, აღარაფერი აკლდა - სამი ტურიც და ყველაფერი გაირკვეოდა.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესის მსგავსად, ამ სეზონში პირველი ლიგის გათამაშებაც ახლებური ფორმატით ტარდება: ჩემპიონატში მონაწილე 20 გუნდი თანაბრად გადანაწილდა "ა" და "ბ" ზონაში. ორწრიანი ტურნირის შემდეგ "ა" და "ბ" ზონის ორ-ორი საუკეთესო გუნდი ახალ ტურნირში ჩაებმება, სადაც უმაღლეს ლიგაში IX-XII ადგილზე გასულ გუნდებთან ერთად ასპარეზობას ნული ქულით დაიწყებს. ეს რვაგუნდიანი ტურნირიც ორწრიანია და ოთხი საუკეთესო გუნდი მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. აი, რაც შეეხება პირველი ლიგის "ა" და "ბ" ზონაში III-X ადგილზე გასულ გუნდებს, მათთვისაც ცალკე ტურნირი ჩატარდება: ეგრეთ წოდებულ გასავარდნ პლეი ოფში გუნდებს პირველ ეტაპზე ერთმანეთში დაგროვილი ქულები გადაჰყვებათ.

აქაც ორი ჯგუფი შეიქმნება და გუნდებიც შემდეგნაირად გადანაწილდებიან: A ჯგუფში იასპარეზებენ "ა" ზონაში III, VI, VIII, IX და "ბ" ზონის IV, V, VII და X ადგილზე გასული გუნდები; B ჯუფს კი შეადგენენ "ა" ზონის IV, V, VII, X და "ბ" ზონის III, VI, VIII და IX ადგილოსნები. ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასული გუნდები ავტომატურად ვარდებიან პირველი ლიგიდან; ხოლო მეშვიდეადგილოსნები ერთ მატჩში (ნეიტრალურ მოედანზე) გაარკვევენ ურთიერთობას - გამარჯვებული მომავალ სეზონში პირველ ლიგაში ითამაშებს, დამარცხებული კი მეორე ლიგაში.

ასეთია პირველი ლიგის გათამაშების რეგლამენტი და იმის მიუხედავად, რომ პირველი ეტაპის დამთავრებამდე სამი ტურია დარჩენილი, ორივე ზონის გამარჯვებულის ვინაობა, ფაქტობრივად, გარკვეულია. ვიდრე "ა" და "ბ" ზონის გათამაშების მიმოხილვას შემოგთავაზებთ, კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ, თუ როგორი ტიტულიანი გუნდები ასპარეზობენ რანგით მეორე ლიგაში;

თბილისის "ლოკომოტივს" სამჯერ აქვს საქართველოს თასი მოპოვებული, ჩემპიონატში ორჯერ ვერცხლის მედლებს დაეუფლა, ერთხელ კი ბრინჯაოს; ბათუმის "დინამოს" საქართველოს თასიც აქვს მოგებული, სუპერთასიც, პლუს ჩემპიონატის ვერცხლიც და ბრინჯაოც; ლანჩხუთის "გურია" საქართველოს თასის პირველი გამარჯვებულია და ორჯერ ვერცხლის მედლებიც მოიპოვა, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორობით მოიწონებს თავს "სამტრედიაც".

არანაკლებ შთამბეჭდავია დღესდღეობით პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდების საუმაღლესლიგო მონაწილეობის სტაჟიც: უძლიერესთა შორის ბათუმის "დინამომ" 19 (!) სეზონი ჩაატარა (უკეთესი შედეგი მხოლოდ თბილისის "დინამოს" და ქუთაისის "ტორპედოს" აქვს, ანალოგიური - ფოთის "კოლხეთსა" და გორის "დილას"), თბილისის "ლოკომოტივმა" და "სამტრედიამ" - 13-13, ლანჩხუთის "გურიამ" და წყალტუბოს "სამგურალმა" - 11-11, ოზურგეთის "მერცხალმა" და ხობის კოლხეთმა" - 4-4, "ჭიათურამ", ახალციხის "მესხეთმა" და ვანის "სულორმა" - 2-2, საჩხერის "ჩიხურამ" - 1.

"" ზონა
დაბრუნების მოლოდინი
ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ვივარაუდეთ, რომ "ა" ზონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ბათუმის "დინამო" უნდა ყოფილიყო. ბათუმის "დინამო" 1990-1999 წლებში საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო და, ფაქტობრივად, ყველა ტიტულიც მოიპოვა, ჩემპიონობის გარდა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ბათუმელები რეგულარულად ასპარეზობდნენ ევროტურნირებზე და 1995-99 წლებში ვისაც ამ გუნდის საერთაშორისო სარბიელზე ჩატარებული მატჩები ახსოვს, ყველა დაგვეთანხმება, რომ "დინამო" არც ერთ მეტოქესთან არ შერცხვენილა.

სამწუხაროდ, XXI საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, აჭარაში ფეხბურთის მიმართ დამოკიდებულება უარესობისკენ შეიცვალა და საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ეს დიდი ტრადიციების მქონე გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. აღარაფერს ვამბობთ მავანთა მიერ მიღებულ "ბრძნულ" გადაწყვეტილებაზე, როდესაც ბათუმის სტადიონი (ჩინებული ადგილმდებაროება რომ ჰქონდა) დაანგრიეს.

პირველი ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ბათუმის "დინამომ", ფაქტობრივად, გაინაღდა გადათამაშებაში ასპარეზობა: ახალგაზრდა სპეციალისტის, იოსებ ნასუაშვილის გუნდს დარჩენილ სამ თამაშში ერთი ქულაღა სჭირდება. "ა" ზონის ფავორიტმა ეს ეტაპი სტაბილურად ჩაატარა (მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - მესამე ტურში, თბილისში სტუ-სთან) და ყველაზე ნაკლები (7) ბურთიც გაუშვა. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელითაც თუ გაძლიერდა, გუნდს რეალურად ხელეწიფება უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაც, ოღონდ, მანამდე იმ მართლაც ყბადაღებულ თემასაც წერტილი უნდა დაესვას, რასაც სტადიონის პრობლემა ჰქვია.

ამ სეზონის დაწყების წინ "დინამოს" შემადგენლობა საგრძნობლად გაახალგაზრდავდა (გუნდის საშუალო ასაკია 23-24 წელიწადი), თუმცა მიზნის მიღწევაში ეს ფაქტორი ხელისშემშლელი არ გამომდგარა. საერთოდაც, "დინამო" დაბალანსებული შემადგენლობით გამოირჩევა: კარს საიმედოდ იცავს 25 წლის შოთა მამინაშვილი, უმაღლესი ლიგის სხვადასხვა გუნდებში უასპარეზიათ უკანახაზელებს 23 წლის კარენ მაკარიანს, 23 წლის ნიკა ხუხიას, 26 წლის დემურ სამსეიშვილსა და 24 წლის ვაჟა ქორიძეს; სომხეთში გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა 26 წლის ნახევარმცველი ირაკლი ცანავა, გუნდის წამყვანი ფეხბურთელია 23 წლის ზვიად ლობჟანიძე, ისე როგორც მისი ახალგაზრდა პარტნიორები: თორნიკე ბერიძე, ალექსანდრე ბაციკაძე, ნიკა ნასუაშვილი, გელა გოგიტიძე, ნიკა დიასამიძე; "დინამოს" საუკეთესო ბომბარდირი კი 24 წლის მიხეილ ჯორბენაძეა.

რაღა თქმა უნდა, ცალკე უნდა აღვნიშნოთ გუნდის ვეტერანი და, საერთოდაც, პირველი ლიგის ყველაზე ტიტულიანი მოთამაშე: 37 წლის ამირან მუჯირის ისედაც შთამბეჭდავი საფეხბურთო კარიერა კვლავაც გრძელდება! თანაც გრძელდება იმ გუნდში, სადაც 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და საიდანაც გაიცნო კიდეც ფეხბურთის სამყარომ; ამირან მუჯირს ისრაელშიც უთამაშია, საბერძნეთშიც და კვიპროსზეც, მაგრამ მის საფეხბურთო ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოში, ბულგარეთსა და აზერბაიჯანში გატარებულ პერიოდს - ამ სამი ქვეყნის ჩემპიონი გახლდათ. არც ის დაგვავიწყდეს, 1997-98 წლებში მუჯირს 2 მატჩი რომ აქვს ჩატარებული საქართველოს ნაკრებში.

ბათუმის "დინამოს" ფავორიტობას მართლაც ყველა "შეგუებული" ვიყავით, რაც შეეხება "ა" ზონის მეორე გამარჯვებულს, ამ შემთხვევაში რომელიმე გუნდისათვის უპირატესობის მინიჭება ძნელი საქმე იყო. ამჟამად კი ისეთი სიტუაციაა, რომ ამ ერთი ვაკანტური ადგილისათვის ორი გუნდი აცხადებს პრეტენზიას: ოზურგეთის "მერცხალი" და "ჭიათურა"; ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ორივე ამ გუნდის წარმატებული ასპარეზობა მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ.

ოზურგეთელებმა უმაღლეს ლიგაში უკანასკნელად 2003-04 წლების სეზონში იასპარეზეს და შვიდწლიანი პაუზის შემდეგ "მერცხალს" კვლავაც გაუჩნდა შანსი უძლიერესთა რიგებში ითამაშოს. ადგილობრივი სპეციალისტის, ხარიტონ ჩხატარაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მერცხალს" თავის კონკურენტთან შედარებით გარკვეული უპირატესობაც აქვს: პირველი ეტაპის დამთავრებამდე 4 ტურით ადრე "ჭიათურას" 2 ქულით უსწრებს და ამას გარდა, ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა აქვს. სხვათა შორის, 19 ნოემბერს ჩატარებული "მერცხალისა" და "ჭიათურის" დაპირისპირებას ოზურგეთის "მეგობრობის" სტადიონზე 1500 გულშემატკივარი ესწრებოდა!

"მერცხალის" შემადგენლობაში, ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც უდიდეს გამოცდილებას იძენენ გუნდის სტაჟიანი წევრების გვერდით: 37 წლის მიხეილ ქობულაძისა და 41 (!) წლის გია გოგუასგან. სხვათა შორის, "მერცხალის" ვეტერანი მეკარე გია გოგუა საქართველოს პირველ ჩემპიონატშიც თამაშობდა (ქობულეთის "შუქურას" შემადგენლობაში)! ამას გარდა, სხვადასხვა დროს ფოთის "კოლხეთშიც " უასპარეზია და ლანჩხუთის "გურიაშიც", თუმცა საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვან ფეხბურთელს (უმაღლესი და პირველი ლიგის მასშტაბით) კარიერის უმეტესი ნაწილი სწორედ ამჟამინდელ გუნდში აქვს გატარებული.

ამ ჩემპიონატში თუ რომელიმე გუნდის პროგრესი უნდა აღინიშნოს, უპირველეს ყოვლისა, "ჭიათურაზე" ითქმის - წინა სეზონი გუნდმა ბოლოსწინა ადგილზე დაამთავრა, ახლა კი უმაღლეს ლიგაში გადასვლისათვის იბრძვის. ამ სეზონის დაწყების წინ "ჭიათურაში" რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ჩაირიცხა, უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის გამოცდილება რომ გააჩნდათ: ზაურ ხაჭიპერაძე, დავით და გიორგი ქირიები, შალვა ფირცხალავა, მოგვიანებით მათ ნიკოლოზ სტეფანიშვილიც დაემატათ; ნურც ის ფეხბურთელები დაგვავიწყდება, მიხეილ კიპაროიძის გუნდში წინა წლებშიც რომ ასპარეზობდნენ: 23 წლის ნიკა გაფრინდაშვილი, 22 წლის ლაშა ცუცქირიძე და "ჭიათურის" ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე, 29 წლის შემტევი დავით სევასტოპულო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეორე ადგილისათვის ბრძოლა "მერცხალსა" და "ჭიათურას" შორის უნდა წარიმართოს; რაც შეეხება სხვა გუნდებს, საგანგებოდ გვინდა აღვნიშნოთ სტუ-ს შედეგიანი თამაში: გოჩა ჟორჟოლიანის გუნდმა მეტოქეთა კარში ყველაზე მეტი (30) გოლი გაიტანა. პირველ ლიგაში ხანგრძლივზე-ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებულ სტუ-ს შემადგენლობაშიც არიან ისეთი ფეხბურთელები, სხვადასხვა დროს უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშიათ: 30 წლის გიორგი კვახაძე, 26 წლის ალექსანდრე ლაღაძე და 25 წლის ლევან ჯიქიძე. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი 9 გოლით დღესდღეობით "ა" ზონის საუკეთესო ბომბარდირია.

დაბოლოს, მხოლოდ ამ ზონის კი არა, საერთოდ პირველი ლიგის ყველაზე ახალგაზრდულ გუნდზეც - თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 18 (!) წელს არ აღემატება; თუმცა დებიუტანტ და ასევე ახალგაზრდა მწვრთნელის, 33 წლის გიორგი ჩიტაურის შეგირდებზე აუგს ვერავინ იტყვის.

"" ზონა
სოლიდური ფავორიტი
უპირობო ფავორიტი ამ ზონასაც ჰყავდა: საჩხერის "ჩიხურას" წინა სეზონშიც ჰქონდა უმაღლეს ლიგაში აღზევების შანსი, მაგრამ პლეი ოფში ცხინვალის "სპარტაკთან" დამარცხდა. თუმცა, ამ სეზონის დაწყების წინ გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა და დიდი ხნით ადრე გაინაღდა გადასასვლელ ტურნირში მონაწილეობის უფლება. ეგ კი არა, "ჩიხურას" ისეთი სოლიდური შემადგენლობა ჰყავს, უმაღლეს ლიგაშიც ხუთეულში მოხვედრისათვის უნდა ებრძოლა!

საჩხერელთა გუნდის ასეთი წარმატებული ასპარეზობა, ერთი შეხედვით, გასაკვირვი არავისთვის უნდა იყოს: ცნობილი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, უკვე წლებია, რაც "ჩიხურას" ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი. ასევე წლებია, გუნდის მთავარ მწვრთნელად გამოცდილი სპეციალისტი, 54 წლის სოსო ფრუიძე მუშაობს, ვისაც უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონი გაუტარებია ("ტორპედოსა" და "ბორჯომის" თავკაცის რანგში).

მოკლედ, გათამაშების ეს მონაკვეთი "ჩიხურამ" ისე განვლო, შთამბეჭდავზე მეტი რომ ჰქვია - თოთხმეტ თამაშში 13 მოგება, 1 ფრე და არც ერთი წაგება, დაგვეთანხმებით, მართლაც ჩინებული შედეგია. აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, გუნდს ამ თოთხმეტ მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 3 ბურთი რომ აქვს გაშვებული; ყოველივე ეს კი იმის საფუძველს იძლევა, რომ თუ რაიმე არასაფეხბურთო (გნებავთ, პოლიტიკურმა) ფაქტორებმა არ იმოქმედა, "ჩიხურას" უმაღლეს ლიგაში გადმოსვლა არ უნდა გაუჭირდეს. საჩხერლებს ამ მიზნის მიღწევა დღესდღეობით არსებული რესურსითაც შეუძლიათ, ხოლო ახალი ფეხბურთელების დამატებით ბევრად უფრო ამბიციურ მიზნებზეც შესაძლებელი იქნება ფიქრი.

უმაღლეს ლიგაში "ჩიხურას" ერთადერთი სეზონი (2006-07 წლები) აქვს გატარებული და იმ შემადგენლობიდან გუნდში ორად-ორი ფეხბურთელიღაა შემორჩენილი: 27 წლის ირაკლი ზაბახიძე და 26 წლის ლაშა ვაშაკიძე; სხვებთან შედარებით, გუნდის მეტ-ნაკლებად "სტაჟიან" წევრებად ითვლებიან 24 წლის ერეკლე ზივზივაძე, 22 წლის ლაშა ჩიკვაიძე და 20 წლის ალექსანდრე ივანიშვილი;

რაც შეეხება ამ სეზონის დაწყების წინ გუნდში მოსულ ახალწვეულებს, თითქმის ყველა მათგანს უმაღლესი ლიგის სხვადასხვა გუნდში არაერთი წელიწადიც გაუტარებიათ და 23 წლის რევაზ თევდორაძეს (მეკარე), 26 წლის ლაშა ჭელიძეს, 28 წლის ნიკა გუშარაშვილს, 26 წლის ჯაბა ბერიანიძეს (სამივე - მცველი), 31 წლის ლაშა ნოზაძეს, 25 წლის ლევან ბაკურაძეს, 27 წლის ირაკლი ლილუაშვილს, 27 წლის გიორგი სილაგავასა და 23 წლის ნიკა კვასხვაძეს (ყველა - ნახევარმცველი) ქართველი გულშემატკივარის წინაშე წარდგენა, ალბათ, არც სჭირდებათ; იმედისმომცემ ფეხბურთელებად მიიჩნევიან 21 წლის გიორგი სალარიძე და 19 წლის თორნიკე მუმლაძე, - ეს უკანასკნელი კი 11 გოლით "ჩიხურას" საუკეთესო ბომბარდირია.

მონატრებული გურია და პოკეროსანი დეისაძეები
2001-02 წლების სეზონში ლანჩხუთის "გურიამ" უმაღლეს ლიგაში ბოლო (XII) ადგილი დაიკავა და იმის მერე პირველად გაჩნდა იმის რეალური შანსი, რომ ეს დიდი ტრადიციების მქონე გუნდი კვლავაც უძლიერესთა შორის დაბრუნდეს. ამისათვის კი "ნახევარი საქმე", ფაქტობრივად, გაკეთებულია - დარჩენილ სამ შეხვედრაში "გურიას" სამი ქულა (შესაძლოა, უფრო ნაკლებიც) სჭირდება "ბ" ზონაში მეორე ადგილის დასაკავებლად; თუმცა, "გადასასვლელ ტურნირში" ლანჩხუთელებს, ალბათ, შემადგენლობის გაძლიერებაც დასჭირდებათ, თორემ მხოლოდ ადგილობრივი (ან, ახალგაზრდა) ფეხბურთელებით უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება ადვილი საქმე ვერ იქნება.

არადა, "ჩიხურას" მსგავსად, "გურიასაც" ვადაზე ადრე შეეძლო პლეი ოფში მოხვედრა გაენაღდებინა, მაგრამ, ყველასათვის მოულოდნელად, თბილისის "ზოოვეტთან" და ვანის "სულორთან" ჩატარებულ ორ შეხვედრაში ერთადერთი ქულა აიღეს! სწორედ ამის შემდეგ იყო, კლუბის ხელმძღვანელობამ ძირითადი შემადგენლობის ხუთ ფეხბურთელს კონტრაქტი რომ გაუწყვიტა: 22 წლის დავით კეკელიძეს (მეკარე), 20 წლის აკაკი დვალიშვილს, 23 წლის ზურაბ რაზმაძეს (მცველები), 22 წლის ივანე კილაძეს (ნახევარმცველი) და 23 წლის იაგო დეისაძეს (თავდამსმელი).

შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი არამხოლოდ "გურიას", არამედ საერთოდ პირველი ლიგის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია: თორმეტ მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი! ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დეისაძემ ორჯერ ("აეტთან" და "სულორთან" შეხვედრებში) "პოკერიც" შეასრულა, მაგრამ, როგორც ხედავთ, გუნდის დატოვება მაინც მოუწია. ისე, ალბათ, ადრევე უნდა გვეხსენებინა მწვრთნელის ფაქტორიც: ამ სეზონის დაწყების წინ "გურიაში" გიგლა იმნაძე დაბრუნდა, ვისი ხელმძღვანელობითაც ლანჩხუთელებმა საქართველოს თასის პირველ გათამაშებაში (1990 წელს) გაიმარჯვეს. სწორედ იმნაძის დამსახურებაც არის, "გურიას" სერიოზული ამბიცია რომ გაუჩნდა;

ამას გარდა, სეზონის დაწყების წინ გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც მივიდა (უპირველეს ყოვლისა, 27 წლის ნახევარმცველი გიორგი მელქაძე და 25 წლის ფორვარდი გიგა კვერენჩხილაძე უნდა აღვნიშნოთ), რომლებიც ლანჩხუთელთა "სტაჟიან" წევრებთან (ტარიელ კუკულაძე, რევაზ კუკულაძე, ჯემალ გოგიბერიძე) ერთად ცდას არ აკლებენ უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად.

"გურიას" გადასწრების თეორიული შანსი დარჩა ხონის "იმერეთს", თუმცა ამისათვის, დავით ჭელიძის გუნდმა სამივე დარჩენილი მატჩი უნდა მოიგოს, ხოლო ლანჩხუთელებმა კი ქულაზე მეტი ვერ მოაგროვონ. დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება, ცოტა არ იყოს, წარმოუდგენელია; თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ხონელთა ასპარეზობა მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულად უნდა შეფასდეს - ამ ახალგაზრდული გუნდისგან მსგავს შედეგს ბევრი ნამდვილად არ ელოდა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში "იმერეთის" ფეხბურთელიც მონაწილეობს: 24 წლის ფორვარდი იაკობ დეისაძე ხონელთა გუნდს სეზონის დაწყებიდან რამდენიმე ტურის შემდეგ შეუერთდა, თუმცა ამის მერე გოლიადორული თვისებები მალევე გამოავლინა და 10 მატჩში 10 ბურთი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "ნორჩ დინამოელთან" შეხვედრაში იაკობ დეისაძემ "პოკერი" შეასრულა და კიდევ აქვს შანსი, თავისზე ერთი წლით უმცროსი ძმის, იაგო დეისაძის შედეგი გაიმეოროს.

საერთოდ კი, ძმებ დეისაძეებს ამ სეზონში 24 გოლი "დაუგროვდათ", რაც, ვფიქრობთ, ჩინებული მაჩვენებელია. აღარაფერს ვამბობთ იმ მართლაც იშვიათზე-იშვიათ მოვლენაზე, როცა ძმებმა სამჯერ შეძლეს "პოკერის" შესრულება!

დაბოლოს, ორ თბილისურ გუნდზეც: "ნორჩი დინამოელის" ახალგაზრდული გუნდი ღირსეულად ასპარეზობს თავისზე ბევრად გამოცდილ მეტოქეებთან; იმავეს ვიტყოდით პირველ ლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ "ზოოვეტზეც", რომლის მთავარი მწვრთნელიც ცნობილი სპეციალისტი, პედაგოგი და მეცნიერი ელგუჯა გუგუშვილი გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
toka-geo
12:00 01-12-2011
რას გავუკეთოთ კომენტარი, სურათი და ტექსტის ავტორი წერია, მაგრამ თვით ტექსტის დადება დავიწყნიათ :) :) :)