გორის "დილას" ლაშა თოთაძე დაუბრუნდა, გოჩა ხოჯავამ და რევაზ ბარაბაძემ ვარჯიში განაახლეს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რომ გორის "დილას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - გიორგი დარასელია. მისი დანიშვნა ფეხბურთელების მომჯობინებას დაემთხვა.

"დილას" პრესატაშე ზურაბ კარტოზიას თქმით, რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი უკვე ინდივიდუალურად ვარჯიშობს: არზიანის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ვარჯიშობს, ისევე, როგორც ალადაშვილი, მოდებაძე და სალუქვაძე.

სასიხარულოა, რომ ოპერაციის შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ პლეიმეიკერი გოჩა ხოჯავა და თავდამსხმელი რევაზ ბარაბაძე.

ადრეც ვწერდით, გორის "დილას" ბევრი ხანმოკლე პროექტად მიიჩნევდა, მაგრამ შესაძლოა, ეს მხოლოდ პესიმისტური ვარაუდია. ამის იმედს კლუბში ლაშა თოთაძის დაბრუნება გვაძლევს.

22 წლის მარცხენა მცველი "დილაში" გასული
სეზონის მეორე ნახევარშიც თამაშობდა, მაგრამ მისი სატრანსფერო უფლებები უნგრულ "დიორი ეტოს" ეკუთვნოდა, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ იჯარის გახანგრძლივებაში საკმაოდ სერიოზული თანხა მოითხოვა.

ლაშა "დიორ ეტოს" ზაფხულში დაუბრუნდა და მოსამზადებელ ეტაპზე ყველა საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა - მთავარმა მწვრთნელმა ატილა პინტერმა 22 წლის ქართველი ძირითად შემადგენლობაში 8-ჯერ ათამაშა.

თუმცა მაშინ "ლელო" წერდა, რომ თოთაძის უნგრეთში დარჩენა საბოლოოდ გადაწყვეტილი არ იყო, რადგან ისრაელისა და კვიპროსის კლუბებში იწვევდნენ. ისრაელში მისი გადაყვანა სწორედ დარასელიას სურდა, რომელმაც "დილა" ჩაიბარა.

გორელთა პრესსამსახურის ცნობით, თოთაძეს "დიორი ეტოსთან" კონტრაქტი დაუმთავრდა. თუმცა მანამდე ცნობილი იყო, რომ უნგრული კლუბი ქართველის ტრანსფერზე უფლებას 2013 წლის ზაფხულამდე ფლობდა.

შეგახსენებთ, რომ "დიორი ეტო" ზაფხულში გიორგი განუგრავამაც დატოვა და ამგვარად, კლუბს, სადაც სამი წლის წინ 7 ქართველი თამაშობდა, ჩვენებურთაგან ახლა მხოლოდ რატი ალექსიძე შემორჩა.

გორის "დილა" ჩემპიონატის განახლებისთვის საგურამოში, თბილისის "ლოკომოტივის" ბაზაზე ემზადება. ამასობაში გიორგი დარასელიამ გუნდი უკვე ორჯერ ავარჯიშა: პირველად კი 9 სექტემბერს შეხვდა ფეხბურთელებს, გაეცნო და სამომავლო გეგმებზე ელაპარაკა.

სავარაუდოდ, გორის "დილას" ხელმძღვანელობა მედიას 12 სექტემბერს შეხვდება და ახალ მთავარ მწვრთნელს წარუდგენს. კლუბში ამბობენ, რომ პრესკონფერენციამდე ახალგაზრდა სპეციალისტი ინტერვიუს არ იძლევა.

და კიდევ ის, რაზეც ერთი კვირის წინ მხოლოდ ვარაუდით გვეუბნებოდნენ: საბოლოოდ გადაწყდა, რომ გორის "დილა" საკუთარ არენას 15 სექტემბერს დაუბრუნდება.

"თენგიზ ბურჯანაძის" განახლებული სტადიონი ეროვნულ ჩემპიონატში "დილასა" და თბილისის "დინამოს" მატჩით გაიხსნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული