ოთარ ხიზანეიშვილი: თბილისის "დინამოში" კონკურენციის არ მეშინია

AutoSharing Option
სეზონი დაიწყო, ოთარ ხიზანეიშვილი კი თბილისის "დინამოს" არათუ შემადგენლობაში, არამედ განაცხადშიც არ ჩანს.

ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი გუნდს პირველ თურქულ შეკრებაზე ახლდა, მეორედ კი თბილისში დარჩენა მოუხდა - ოთარი პოლტავის "ვორსკლასთან" სპარინგში დაშავდა და კარგა ხანი მკურნალობდა.

"შეკრებაზე დავშავდი, მკურნალობა დამჭირდა და ამან ძალიან დამწია უკან, მაგრამ მოვმჯობინდი, ვარჯიში დავიწყე და იმედია, მოედანს მალე დავუბრუნდები", - ამბობს ხიზანეიშვილი.

31 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი მაისში უმთავრდება. ის უარყოფს გავრცელებულ ხმებს, თითქოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდიდან მისი წასვლის საკითხი განიხილებოდა:

"ასეთი ლაპ
არაკი არ ყოფილა, გუნდში ვარ და სეზონს "დინამოში" დავასრულებ. მერე რა მოხდება - ეს კლუბის ხელმძღვანელებისა და მწვრთნელის გადასაწყვეტია. იმედია, რომ კარიერას ისევ "დინამოში" გავაგრძელებ".


ზამთარში თბილისურ კლუბში ბილბაოს "ატლეტიკის" ცენტრალური მცველი უსტარიცი ჩამოვიდა და ძირითადში სწორედ ხიზანეიშვილის ადგილი დაიკავა. კონკურენტი სერიოზულია და ოთარს სასტარტოში დაბრუნებისთვის დიდი ბრძოლა მოუწევს, თუმცა კონკურენცია არ აშინებს:

"მე ისეთ კლუბში ვთამაშობ, რომლის შემადგენლობაშიც გარანტირებული ადგილი არავის ექნება. ეს მეხება მეც და ნებისმიერ სხვა მოთამაშესაც.

მითამაშია რუსეთში, გერმანიასა და ყაზახეთში და იქ შემადგენ
ლობაში დამკვიდრება არანაკლებ მძიმე იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ლეგიონერი ვიყავი და ადგილობრივებისთვის ერთი თავით უნდა მეჯობნა. ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი ამბავია, შეჩვეული ვარ და კონკურენცია ნამდვილად არ მაშინებს.

მთავარია, ფორმა დროულად აღვიდგინო. მჯერა, რომ "დინამოს" კიდევ გამოვადგები".


გამოცდილი მოთამაშე განახლებულ "დინამოს" იმედიანად უყურებს:

"დუშან უჰრინი სერიოზულად მუშაობს და მგონია, რომ შარშანდელთან შედარებით, წლეულს საკმაოდ გავძლიერდით. ფაქტობრივად, ახალი გუნდი ყალიბდება და დიდი ამბიციები გვაქვს. ასეთ კლუბში თამაში კი ყოველთვის სასიამოვნოა.

იმედია, მალე "დინამო" წარმატებებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც მიაღწევს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი და მაგარი იგროკი წარმატებები ჯიგარო.
Guja
19:18 12-03-2013
0

სიახლეები პოპულარული