"მეტალურგის" დირექტორი ზაზა დოლიძე: მთლად უიმედოდ მაინც არა ვარ

AutoSharing Option
16 იანვარს ხალხმრავლობა იყო რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე: "მეტალურგის" ბედ-იღბლით შეწუხებული რუსთაველი გულშემატკივრების "მშვიდობიანი და ხმაურიანი აქცია" ქალაქში არსებული მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელთა "გასაგონად" უფრო იყო მიმართული; მით უფრო, რომ "ფოლადის" სტადიონს ქართული ელექტრონული თუ ბეჭდური მედიის არცთუ მცირერიცხოვანი ჯგუფიც სტუმრობდა...

...ჰო, ფინანსურად ნამდვილად არ ულხინს "მეტალურგს" დღესდღეობით და ამის დასტურად მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ გუნდიდან... 15 ფეხბურთელი წავიდა!

აი, ასეთ, მართლაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოუწია გუნდის ჩაბარება "მეტალურგის" ახალ მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას; მშობლიური ქალაქის გუნდის თავკაცად ოთხწლინახევრიანი
პაუზის მერე დაბრუნებულ კილასონიას "მეტალურგის" მზადებასა თუ პოტენციურ ახალწვეულებზე არც არაფერი დავეკითხეთ - დღე არ გავა, "მეტალურგის" ძველი შემადგენლობიდან ფეხბურთელმა სხვაგან წასვლის სურვილი არ გამოთქვას.

თუმცა საწვრთნელი პროცესი მაინც მიმდინარეობს: პირველ ეტაპზე მოასპარეზე გუნდიდან დარჩენილი რვა ფეხბურთელი (გრიგოლ ბედიაშვილი, კოკა სეფიაშვილი, მიხეილ მახვილაძე, გიორგი ქავთარაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ვასაძე, გიორგი ჩირგაძე, დავით საჯაია), პლუს "მეტალურგის" დუბლებიდან დაწინაურებული პერსპექტიული ჭაბუკები და უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებიდან სინჯებზე მყოფი რამდენიმე მოთამაშე 11 იანვრიდან "ფოლადზე" ემზადებიან.

ოფიციალურად კი, გუნდში ჯერჯერობით ერთადერთი ახალწვეულია: ცხინვალის "სპარტაკიდან" მშობლიური ქალაქის გუნდში გადმოვიდა 21 წლის ვარლამ კილასონია (უმცროსი); დიდი ალბათობით, ასეთივე "მარშრუტი" ექნება კიდევ ერთ ახალგაზრდა შუახაზელს, რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილს, 20 წლის კახა კაკაშვილს.

მოკლედ, წამსვლელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, აი, მათი შემცვლელების ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია.

არადა, საქართველოს ორგზის ჩემპიონი გუნდი და, საერთოდაც, ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართული კლუბი ახალი სეზონის დაწყებას, ბევრისგან განსხვავებით, მყარი და, რაც მთავარია, არცთუ მცირე ბიუჯეტით შეხვდა. თუმცა უკვე სეზონის მსვლელობისას მოვლენები აშკარად არასასურველი სცენარით წარიმართა და ამ ყველაფრის თაობაზე, ალბათ, სჯობს, რომ "მეტალურგის" დირექტორს, ზაზა დოლიძეს მოვუსმინოთ:

Sportall.Ge"შარშან, ზაფხულში, ჩვენი კლუბის დამფინანსებელმა, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ერთწლიანი ბიუჯეტი დაგვიმტკიცა 3 მილიონი ლარის ოდენობით.

მოგეხსენებათ, რომ "მეტალურგმა" სეზონის დაწყებამდე ნაყოფიერი შეკრება გაიარა უცხოეთში. აგვისტო-სექტემბრის თვეში ჩვენს გუნდს არანაირი პრობლემა არ ჰქონია კვების, მგზავრობის, სასტუმროში დაბინავების, ხელფასებისა თუ პრემიების მხრივ.

სამწუხაროდ, ოქტომბრის დასაწყისიდან თვითონ მეტალურგიულ ქარხანაში წარმოიქმნა შიდა პრობლემები და, როგორც აღმოჩნდა, საფეხბურთო კლუბის შენახვა ჩვენი სპონსორისათვის "მძიმე ტვირთი" აღმოჩნდა.

ოღონდ ისე არავინ გაიგოს, თითქოს, ჩვენს მთავარ დამფინანსებელ ორგანიზაციას რაიმეს ვსაყვედურობ: პირიქით, თავიანთი შიდა პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქარხნის წარმომადგენლები რუსთავის ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსაც და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროც არ დავიწყებიათ.

მოკლედ, მათთვის სულერთი ნამდვილად არ იყო "მეტალურგის" ბედ-იღბალი და, მიუხედავად საკუთარი პრობლემებისა, მაინც აგრძელებენ ჩვენს დაფინანსებას. ოღონდ, წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, თანხა საგრძნობლად ნაკლებია და ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.

ეს ყველაფერი ძირითად გუნდზეა გათვლილი, თუმცა ყველა ვხვდებით, რომ სერიოზული მიზნების მისაღწევად აშკარად არასაკმარისია და რუსთაველ ქომაგთა დღევანდელი აქციაც ამას ემსახურება. რუსთავში არაერთი მსხვილი თუ საშუალო წარმატებული საწარმოა და სწორედ მათი დაინტერესება სურთ "რუსთავის ქომაგთა კავშირის" წარმომადგენლებს.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, "მეტალურგში" ამდენი ადგილობრივი ფეხბურთელი რომ ითამაშებს, პლუს, მთავარი მწვრთნელიც ადგილობრივი გახლავთ და ყოველივე ამან გარკვეული ინტერესიც უნდა გამოიწვიოს. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთი მძიმე სიტუაციის მიუხედავად, უყურადღებოდ არ ვტოვებთ რუსთავის ფეხბურთის "ხვალინდელ დღეს "- რუსთავის მერიამ გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი მდგომარეობა და წელიწადში 200 000 ლარის ჩარიცხვას დაგვპირდა.

ეს თანხა მთლიანად მოხმარდება ჩვენი კლუბის ახალგაზრდულ სეგმენტს: ჭაბუკთა და ელიტ-ლიგის ორ-ორ ასაკობრივ გუნდს ტრანსპორტირების, ეკიპირებისა და კვების პრობლემა მოხსნილი ექნებათ, ისე, როგორც ამ გუნდების მწვრთნელების ანაზღაურების საკითხი იქნება დადებითად გადაწყვეტილი.

გარკვეული შეღავათი იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისაგან გამოყოფილი დახმარებაც: მოგეხსენებათ, თავდაპირველად ამ ჩემპიონატში საპრიზო ფონდის სახით მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, რასაც კიდევ 600 000 ლარი დაემატა და სფფ-ის ხელმძღვანელთა კეთილი ნებით, ეს თანხა 12-ივე გუნდზე თანაბრად განაწილდება.

შესაძლოა, დიდი ციფრი არ იყოს, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში აღმოჩენილი გუნდისათვის მაინც შვებაა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მთლად უიმედოდ მაინც არა ვარ და სიტუაციის გამოსწორებაც არავის გაუკვირდეს. როგორც ამჩნევთ, გუნდში საწვრთნელი პროცესი ჩვეული გრაფიკით მიმდინარეობს, ისე, როგორც სელექცია და ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ "მეტალურგმა" მეორე ეტაპისათვის მზადება თურქეთში გაიაროს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული