რევაზ ძოძუაშვილს "ტორპედოსთვის" ლატვიელი მცველი მოსწონს

AutoSharing Option
შევიტყვეთ, რომ ქუთაისის "ტორპედოში" მორიგ ახალწვეულს, თანაც, ლეგიონერს ელიან - ლატვიელ ცენტრალურ მცველ იგორ სავჩენკოვსს, რომელიც რიონისპირელებს უახლოეს დღეებში შეუერთდება.

ეს ინფორმაცია "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელ რევაზ ძოძუაშვილთან გადავამოწმეთ:

"დიახ, სავჩენკოვსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. კარგი ფეხბურთელია, წლების განმავლობაში წამყვან ლატვიურ კლუბებში თამაშობდა...

საერთოდ, იქ მუშაობის პერიოდში და შემდეგაც იგორს ყურადღებას ვაქცევდი და მომწონდა. შარშან მამუკა ღონღაძის თანაგუნდელი იყო და მანაც კარგად დამიხასიათა. დიდი ალბათობაა, რომ ლატვიელს დავიმატებთ".

"სავჩენკოვსთან ერთად შარშან ნახევარი წელი ვითამაშე. ძალიან კარგი მცველია. ბოლოს ის "სკონტოში" ვარჯიშობდა, მაგრამ საბოლოოდ,
ქუთაისში წამოსვლა გადაწყვიტა", - გვითხრა "ტორპედოს" ახალწვეულმა მამუკა ღონღაძემ.

სავჩენკოვსი "ვენტსპილსის" აღზრდილია. ამ გუნდს ის წლების განმავლობაში კაპიტნობდა. დაუცავს სხვა ლატვიური კლუბების ღირსებაც. სამშობლოში საკლუბო დონეზე ყველა ტიტული აქვს მოგებული. სამჯერ ლატვიის ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია.

სხვათა შორის, 2012 წელს, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვით, ღონღაძე და სავჩენკოვსი ვირსლიგის (უმაღლესი ლიგის) 22 საუკეთესოს შორის მოხვდნენ. 2008 წელს კი, ანალოგიურ გამოკითხვაში, დავით გამეზარდაშვილთან ერთად, საუკეთესო ცენტრალურ მცველად დაასახელეს (მაშინ ბალტიისპირელებმა ნახევარმცველებში ზურაბ მენთეშაშვილი და თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი გამოარჩიეს).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული