ზურაბ ღირდალაძე - ბომბარდირი პირველი ლიგიდან

AutoSharing Option
ფოტოზე: მარჯვნივ ზურაბ ღირდალაძე
ბოლო ტურში წარმატებული გამოსვლით, თბილისის "ვიტ ჯორჯიას" უმაღლეს ლიგაში გადასვლის რეალური შანსი გაუჩნდა - "მცხეთა პარკის" ბინადრებმა გასვლაზე გათამაშების ლიდერი, ცხინვალის "ლიახვი" 2:0 დაამარცხეს და მეორე პოზიცია განიმტკიცეს...

პირველ ლიგაში რამდენიმე საინტერესო მოთამაშეა და ერთ-ერთი მათგანი, უდავოდ, "ვიტ ჯორჯიის" ფორვარდი ზურაბ ღირდალაძეა. ეს 21 წლის თავდამსხმელი კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ. კარიერა "ზესტაფონში", 17 წლის ასაკში დაიწყო, შემდეგ იყო "გაგრაში", "სასკოსა" და "ბორჯომში"...

მაგრამ ის სწორედ "ვიტ ჯორჯიაში" "გაიხსნა" და გამორჩეულ სეზონსაც ატარებს - 19
შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი. ღირდალაძე განსაკუთრებით მეორე წრეში ათამაშდა - 11 მატჩში მან 10-ჯერ შეარხია მეტოქეთა კარის ბადე და დიდწილად ამანაც განაპირობა, "ვეტერინარები" მე-2 ადგილზე რომ აღზევდნენ.

ბოლო კვირა ღირდალაძემ განსაკუთრებით კარგად ჩაატარა. ჯერ სათასო ნახევარფინალში ბოლნისის "სიონს" გაუტანა, 24 აპრილს კი ცხინვალის "ლიახვთან" ზემოხსენებულ მატჩში სულაც დუბლი გაიფორმა. სხვათა შორის, "ვიტ ჯორჯიამ" პირველი ლიგის ლიდერს პირველ წრეშიც მოუგო და გაცილებით სოლიდური ანგარიშით, 4:1 და ღირდალაძემ ამ შეხვედრაშიც დუბლი შეასრულა.

"პირველი წრე დამაჯერებლად ვერ ჩავატარეთ და ლიდერებს დიდი სხვაობით ჩამოვრჩებოდით, მაგრამ ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გავიარეთ, მეორე წრეში 13 მატჩიდან კი 8 მოვიგეთ და 5 ფრედ დავასრულეთ.

ბუნებრივიც არის, მეორე ადგილზე რომ დავწინაურდით. ცხინვალის "ლიახვთან" მოგებით კი უმაღლეს ლიგაში გადასვლის რეალური შანსი გაგვიჩნდა.

ჩემპიონატის დასრულებამდე ძალიან მცირე დრო დარჩა და იმედია, დარჩენილ მატჩებსაც კარგად ჩავატარებთ", - ამბობს ღირდალაძე.

თავდამსხმელს პირად წარმატებაზეც ვკითხეთ:

"ვერ ვიტყვი, რომ პირველი წრე კარგად ჩავატარე. თანაც, ბოლოსკენ დავშავდი და ვერ ვთამაშობდი. მაგრამ ძალიან წამადგა მოსამზადებელი ეტაპი, ფორმაში შევედი და, რაც მთავარია, გუნდი ათამაშდა და ხელს მიწყობს. სხვაგვარად, ვერაფერს მივაღწევდი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული