"ზუგდიდი": ნიკა აფაქიძე და დმიტრო ზოზულია გაბელიასთან

AutoSharing Option
"ზუგდიდი" სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და ნელ-ნელა ახალი ფეხბურთელებითაც ძლიერდება. კლუბის პრესსამსახურის უფროსის, ლაშა გოგილავას ცნობით, კონტრაქტები გააფორმეს ცენტრალურმა მცველმა ნიკა აფაქიძემ და უკრაინელმა დმიტრო ზოზულიამ.

24 წლის აფაქიძე ზუგდიდის საფეხბურთო სკოლა "ბაიას" აღზრდილია და 2009-14 წლებში უკვე თამაშობდა "ზუგდიდის" შემადგენლობაში, იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. 2014 წელს ის ლიტვურ "ტრაკაიში" გადავიდა, საქართველოში კი შარშან დაბრუნდა და ბოლო სეზონი ქობულეთის "შუქურაში" გაატარა.

ზუგდიდელთა მეორე ახალწვეული ზოზულია კი წინა ჩემპიონატში ლანჩხუთის "გურიის" ღირსებას იცავდა.

ორივე ფეხბურთელი ოთარ გაბელიას განკარგულებაშია და გუნდთან ერთად
მთელი დატვირთვით ვარჯიშობს.

* * *
12 ივლისს "ზუგდიდმა" ორჯერადი ვარჯიშების შემდეგ პირველი ორმხრივი საკონტროლო მატჩი გამართა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ შეგირდები "ყვითლებად" და "მწვანეებად" დაყო. ამას გარდა, ჭაბუკთა ლიგაში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელიც ნახა საქმეში. შეხვედრა "მწვანეებმა" მოიგეს - 4:2.

ლაშა კუკავამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო გურამ სამუშიამ, საგოლე პასთან ერთად, გოლიც მიითვალა. "ყვითლებიდან" თავი ლაშა ჭელიძემ და გივი იოსელიანმა გამოიჩინეს.

ყვითლები: დაუშვილი, ბეჭვაია, ჩიკვილაძე, ჭელიძე, მაჩაიძე, კაკაჩია, ზოზულია (ხასაია), შ. ლომია, თუთბერიძე, იოსელიანი, ს. ლომია.
მწვანეები: ჯომიდავა, ჭედია, გ. მალანია, ნარმანია, ქანთარია, სიჭინავა, სიხარულია, ჯიგანია, გ. სამუშია, წურწუმია, კუკავა.

მცირე ტრავმების გამო ვერ ითამაშეს თორნიკე ზარქუამ, ვაკო ტყემალაძემ, ნიკა აფაქიძემ, ნიკა ლაშხიამ, გიორგი ჭანკოტაძემ, პაატა ჭანტურიამ და ნიკა ქირიამ.

პირველ ამხანაგურ მატჩს ზუგდიდელები 14 ივლისს, "ბაიას" ბაზაზე, პირველლიგელ ტყიბულის "მეშახტესთან" გამართავენ.

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული