დინამო (თბ)-ლოკომოტივი 4:0 - დერბი ცალ კარში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
...იყო დრო, ამ გუნდების დერბიში საქართველოს ჩემპიონის ვინაობა ირკვეოდა. დღესდღეობით კი ორივე გუნდი უფრო მოკრძალებული მიზნებით შეხვდა გარდამავალი ჩემპიონატის ფინიშს. თუმცა მოტივაცია "დინამოსაც" და "ლოკომოტივსაც" საკმარისზე მეტი ჰქონდათ: გამარჯვების შემთხვევაში მასპინძლები ვადაზე ადრე ინაღდებდნენ ევროპალიგის პლეი ოფში მონაწილეობას, სტუმრებს კი ფრეც ჰყოფნიდათ, ბოლო ტურს დამშვიდებულები რომ შეხვედროდნენ.

საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ბოლო ტურის მატჩს "დინამოსთვის" აზრი აღარ აქვს, ხოლო "ლოკომოტივს" ურთულესი დაპირისპირება ელოდება სახიფათო ზონაში მყოფ "შუქურასთან"...

წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ "დინამომ" აბსოლუტურად დამსახურებულად გაიმარჯვა. ეს კი არა, უფრო
დიდი ანგარიშითაც რომ მოეგო, არავის გაუკვირდებოდა. მასპინძლებმა განსაკუთრებით მატჩის ბოლო 15 წუთში გაილაღეს, როცა მეტოქის სრულიად დემორალიზებული დაცვის შეცდომების წყალობით, მომენტს მომენტზე ქმნიდნენ, მაგრამ იმ უამრავი შანსიდან მხოლოდ ერთი გამოიყენეს: მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური "თავის" გოლს ნამდვილად იმსახურებდა და "დინამოს" შემტევმა ნახევარმცველმაც ახლო მანძილიდან შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

არადა, ჯიღაურს მანამდეც შეეძლო გოლის გატანა, როცა ოთარ კიტეიშვილის მოხდენილი პასის მერე ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ რევაზ თევდორაძემ თავისი გუნდი აშკარა ხიფათს გადაარჩინა. საერთოდაც, სტუმართა მეკარემ სხვა ეპიზოდებშიც ჩინებული რეაქცია გამოავლინა და "ლოკომოტივი" უფრო სასტიკად რომ არ განადგურდა, თევდორაძის დამსახურებაა, რომელმაც აკაკი ხუბუტიასაც აუღო რთული ბურთი.

იმავე ხუბუტიას და ჯიღაურს სხვა მომენტებიც ჰქონდათ მატჩის მიწურულს, მაგრამ მიზანმა ოდნავ უმტყუნათ. თუმცა ვეჭვობთ, რომ "დინამოს" უკრაინელი თავკაცი ვიაჩესლავ გროზნი უკმაყოფილო დარჩენილიყო მოვლენების ასეთი განვითარებით: მის ხელმძღვანელობით გუნდმა ხომ, უდავოდ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა და, იმის გარდა, რომ მიმდინარე ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა ოთხბურთიანი სხვაობით, ბოლო ტურის შეხვედრა, ფაქტობრივად, ფორმალობად აქცია.

თანაც, "დინამოს" შემადგენლობა როდის იყო ასეთი ახალგაზრდული, ვეღარც გაგვიხსენებია: 18 წლის ფორვარდმა ბექა მიქელთაძემ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა, 18 წლის მარცხენა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, ისე,  როგორც 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ; შეცვლაზე შევიდნენ 17 წლის ნიკა ნინუა და 19 გიორგი ზარია...

...მატჩის დასაწყისში მოედანზე მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ "დინამო არენაზე" შეკრებილი სარეკორდოდ... მცირე მაყურებელი ვერც წარმოიდგენდა, მასპინძლები დიდი ანგარიშით თუ მოიგებდნენ. ანუ, თავდაპირველად, აშკარად თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და პირველი ხიფათიც სტუმრებმა შექმნეს: ლუკა ზარანდია ჩინებული დრიბლინგით ცენტრიდან შეიჭრა მარცხენა ფლანგზე და ზუსტადაც დაარტყა შორეულ კუთხეში, მაგრამ მასპინძელთა კაპიტანმა და ყველაზე გამოცდილმა (უჩა ლობჟანიძესთან ერთად) მოთამაშემ, ნუკრი რევიშვილმა პოზიცია ზუსტად შეარჩია.

საპასუხო "ჩხვლეტა" მასპინძლებმა მალევე განახორციელეს: ჯაბა ჯიღაურმა მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და ზუსტი პასიც მიაწოდა მეტოქის საჯარიმოში მყოფ მიქელთაძეს, მაგრამ ახალგაზრდა ცენტრფორვარდის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

ამის მერე კიტეიშვილის პასით ჯაბა ჯიღაური აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ ოდნავ ააცილა. მერე კი ვნახეთ ჩინებული ორსვლიანი კომბინაცია: გიორგი პაპუნაშვილმა ბურთი მარჯვნიდან წაიღო, ჯიღაურთან მართლაც ეფექტური "კედელი" გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ გასულმაც რბილი და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.

სტუმრებს მაინც შეეძლოთ შესვენებამდე ანგარიშის გათანაბრება. "ლოკომოტივმა" მრავალფაზიანი შეტევა განავითარა, საბოლოო დარტყმას რატი არდაზიშვილი ასრულებდა, მაგრამ რევიშვილი ამჯერადაც უშეცდომოდ გაისარჯა და ახლო კუთხეში დარტყმული ბურთი მოიგერია.

მეორე ტაიმი კი, ფაქტობრივად, "ცალკარა" გამოდგა და ამის პირველი "სიგნალი" იყო ის მომენტი, როცა ვახტანგ ჭანტურიშვილის აქტიურობის შედეგად, კინაღამ ავტოგოლი ვიხილეთ. თუმცა, მასპინძელთა მეორე გოლი მაინც მალე გავიდა - ჭანტურიშვილმა სიღრმიდან გრძელი პასი მიიღო და მეკარესთან პირისპირ გასულმა თავისი გუნდის უპირატესობა განამტკიცა.

ამის შემდეგ სტუმრებმა ერთხელაც (და უკანასკნელად) გაიბრძოლეს: მოედანზე რამდენიმე წამის წინ შემოსულმა მათე ვაწაძემ ეფექტური მოძრაობით მეურვეც ჩამოიცილა და ზუსტადაც დაარტყა, მაგრამ იმ სუსხიან საღამოს რევიშვილი უშეცდომოდ თამაშობდა.

მერე ვნახეთ მართლაც ჩინებული კომბინაცია, მათე ცინცაძემ ცენტრში რომ წამოიწყო, ჯაბა ჯიღაურმა მარჯვენა ფლანგიდან გააგრძელა და ბოლოს კი, ყველაფერი ბექა მიქელთაძის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

ისე, ნამდვილად არ გვინდა მასპინძელთა შემტევების მოტივირებული ასპარეზობის დაკნინება, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, თუ როგორ მიუტევებელ შეცდომებს უშვებდნენ "ლოკომოტივის" უკანახაზელები...

უმაღლესი ლიგა. XIII ტური. თეთრი ჯგუფი
18.11. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 4:0
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (35. ჯიღაურის პასით), 2:0 ჭანტურიშვილი (54. ხუბუტიას პასით), 3:0 მიქელთაძე (61. ჯიღაურის პასით), 4:0 ჯიღაური (79)
დინამო (4-2-3-1): რევიშვილი - უ. ლობჟანიძე, ხუბუტია, რენე ფერეირა, ლოჩოშვილი - ცინცაძე, კიტეიშვილი (85. გ. ჩაკვეტაძე) - ჯიღაური, პაპუნაშვილი (82. ნინუა), ჭანტურიშვილი - მიქელთაძე (75. ზარია).
სათადარიგოები: გ. თევზაძე, ლილუაშვილი, კობოური, ლომაია
მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი
ლოკომოტივი (3-4-3): რ. თევდორაძე - მახარაძე, გეთიაშვილი, ხიდეშელი - ჩიტეიშვილი (60. კიკნაძე), კლიმიაშვილი (79. ქიქავა), კუხიანიძე, უბილავა - ზარანდია, გ. დიასამიძე, არდაზიშვილი (54. ვაწაძე).
სათადარიგოები: გაბაძე, ჭანტურია, კიკაბიძე, კუპატაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: მახარაძე (69), ზარანდია (74), რენე ფერეირა (82)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბოლო ტური

26 ნოემბერი

თეთრი ჯგუფი
ჩიხურა-ცხინვალი
ლოკომოტივი-შუქურა
ტორპედო-დინამო (თბ).

წითელი ჯგუფი
დილა-კოლხეთი
დინამო (ბთ)-საბურთალო
ზუგდიდი-სამტრედია.

ბომბარდირები
ზივზივაძე (სამტრედია) 9
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
დვალი (ცხინვალი) 7
ვოლკოვი (სიონი) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული