"იბერია სტარი": ლაპარაკია ნახევარ მილიონზე ოდნავ მეტ თანხაზე, რომლითაც უეფას თასის მოგება გვსურს

AutoSharing Option
13 ივნისს "იბერია სტარის" ოფისში კლუბის პრესკონფერენცია ჩატარდა, რომელსაც სპორტული დირექტორი გიორგი დარჯანია გაუძღვა. მან წაიკითხა მიმართვა ქალაქის მერისადმი, სადაც კლუბის ხელმძღვანელობა შეხვედრას და პრობლემებში თანადგომას სთხოვს:

- დღევანდელი შეკრების მიზანია, თქვენი ყურადღება კიდევ ერთხელ მივაპყროთ "იბერია სტარში" შექმნილ მდგომარეობას. ამ თემას პრესკონფერენცია ერთი თვის წინაც მიეძღვნა. შემდეგ ჩვენი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად არაერთ ორგანიზაციას და სახელმწიფო სტრუქტურას მივმართეთ.

პრაქტიკულად, დროც არ რჩება, რომ სექტემბერში დაგეგმილი შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მოვემზადოთ. ცხადია, ასეთი ტურნირისთვის ვარჯიშის ერთი კვირით ადრე დაწყებას აზრი არ აქვს.

ვცდილობდით, გუნდი გადაგვერჩინა, მაგრამ ვისაც მივმართეთ, არავინ რეალურად არ დაგვხმარებია, ყველგან ყრუ კედელს წავაწყდით და ვერავის მხარდაჭერა ვერ ვიგრძენით. პრაქტიკულად, გვრჩება მხოლოდ ის, რომ მივმართოთ თბილისის მერიას.

ჩვენ მცირე ხნის წინათ მერიის სპორტის სამსახურში ქალბატონ ირმა პატარავას შევხვდით, მაგრამ ამის იქით ჩვენი ლაპარაკი არ წასულა.

საერთოდ, აშკარაა, რომ ხდება ჩვენი მოთხოვნის იგნორირება და "იბერია სტარის" დისკრედიტაცია.

- დისკრედიტაცია რაში გამოიხატება?
- როდესაც გუნდი მსოფლიოს საუკეთესოთა შორის ადგილს იმკვიდრებს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტია, ეს ქვეყნისა და ქალაქის პრესტიჟია. ასეთი გუნდის დაშლა თავად მისი დისკრედიტაციაც არის და ქვეყნისაც. ძალიან გაუგებარია, რომ ასეთი წარმატებული გუნდის სატკივარი გულთან ახლოს არავის მიაქვს.

ამის შემდეგ ქართული ფეხბურთის წარმომადგენლები როგორ უნდა დაელაპარაკონ რომელიმე უცხოურ კომპანიას თანადგომასა და წარმატებული კლუბის შექმნაზე, როდესაც ჩვენივე ქვეყანაში ასეთი დამოკიდებულებაა?

ყველა გზა მოვსინჯეთ და ბოლოს მერიას მივმართეთ. სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი სრულად გაწერილია, მერია კი ათასგვარ ღონისძიებას აფინანსებს და მიგვაჩნია, რომ სპორტისა და კერძოდ, ასეთი წარმატებული კლუბის თანადგომა ისევ ქვეყნისა და თბილისის იმიჯს წაადგება.

- მერე, მერია დააინტერესეთ, გუნდში რუსლანა ჩამოგვყავსო...
- ხუმრობა იქით იყოს და ლაპარაკია ნახევარ მილიონზე ოდნავ მეტ თანხაზე, რომლითაც უეფას თასის მოგება გვსურს.

თბილისისნაირი ქალაქისთვის ეს მიზერული თანხაა, როდესაც მისი ბიუჯეტი 700 მილიონს აღწევს. ეხმარებიან წყალბურთელებს და მგონია, რომ ფეხბურთი არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

- ვიცით, რომ "დინამოსაც" მიმართეთ - როგორი იყო კლუბის პასუხი?
- პასუხად თავაზიანი უარი მივიღეთ, რადგან ამჟამად "დინამო" თანხების აკუმულირებას ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლასა და საფეხბურთო აკადემიაზე ახდენს. მადლობის მეტი რა უნდა ვუთხრათ, ჩვენი პრობლემები მათ მაინც მოისმინეს.

- უეფას თასის ახალ გათამაშებაში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანეთ?
- შევიტანეთ, მაგრამ მოთამაშეებს ხელშეკრულების პირობები უნდა შევუსრულოთ და ხელფასები გადავუხადოთ, გუნდი მოსამზადებლად გავუშვათ. განაცხადს რა აზრი აქვს, თუ ვერ მოვემზადეთ და გუნდი ვერ გავიყვანეთ? თუ ეს ვერ მოვახერხეთ, "იბერია სტარი" დაიშლება.

* * *
ბექა ნოზაძე, "ქართული სპორტის ქომაგების" ერთ-ერთი ლიდერი:

- ქვეყნის სირცხვილია ასეთი წარმატებული კლუბის დაშლა და ამ ფაქტს სახელმწიფოც და ბიზნესიც გულგრილად რომ ადევნებს თვალს.

ყველა მათგანს მოვუწოდებ, დაეხმარონ "იბერია სტარს", ქვეყანას კვლავაც ჰყავდეს ყველაზე წარმატებული კლუბი და ქართველ გულშემატკივარს ამ სიამოვნებას ნუ მოგვაკლებენ.

არის ჩანაფიქრი, რომ აქციები გავმართოთ და ყველას ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, რომ გულშემატკივრის ინტერესის იგნორირება არ შეიძლება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული