ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ტრავმა წარსულს ჩაბარდა - გიორგი ჭანტურიამ ვარჯიში უკვე დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 24 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია კარგა ხანია, ფეხბურთს ვეღარ თამაშობს. რა თქმა უნდა, მისი არყოფნა საქართველოს ნაკრებისთვის დანაკლისია. მოგეხსენებათ, "ურალის" ფეხბურთელი ვერც უახლოეს ორ შეხვედრაში დაეხმარება ეროვნულ გუნდს...

მან ტრავმა რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში, "ლოკომოტივთან" საშინაო მატჩში (1:1) მიიღო. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჭანტურიას მუხლის მყესები ჰქონდა დაზიანებული და უახლოეს მომავალში ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.

წინასწარი ინფორმაციით, ჭანტურიას გამოჯანმრთელებას დაახლოებით 6 თვე დასჭირდებოდა. ეს არასასიამოვნო ამბავი ნოემბერში მოხდა. არადა, ფეხბურთელი თანდათან ეგუებოდა ახალ კლუბს, ფორმაში შედიოდა და
ასეთ დროს ხანგრძლივი იძულებითი  პაუზა ვერ იყო კარგი ამბავი ვერც თავად ჭანტურიასთვის და ვერც - "ურალისთვის"...

განსაკუთრებით სასიამოვნო იყო თანაგუნდელთა მხარდაჭერა. "ურალის" ფეხბურთელები "როსტოვთან" მე-17 ტურის მატჩზე ჭანტურიას გასამხნევებელი, სპეციალური მაისურებით გავიდნენ. მაისურებზე რუსულად და ქართულად, ოღონდ ლათინური ასოებით, ეწერა: "გიორგი, მალე გამოჯანმრთელდი!"  რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო...

...და აი, როგორც გავიგეთ, ჭანტურიამ უკვე დაიწყო ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით. მან სარეაბილიტაციო კურსი მიუნხენში გაიარა. მკურნალობის პროცესი ძალიან კარგად, ყოველგვარი გართულების გარეშე წავიდა და ინდივიდუალური ვარჯიშის დაწყებაც ამიტომ გახდა ამ ეტაპისთვის შესაძლებელი.

გადაწყვეტილი ამბავია ისიც, რომ ჭანტურია აუცილებლად გაჰყვება "ურალს" ბალკანურ შეკრებაზე და ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად მოემზადება. მოკლედ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჭანტურიას ტრავმა წარსულს ჩაბარდა და იწყება მზადება ახალი ბატალიებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ