ლაშა პარუნაშვილი: ევროპაში წასული საქართველოში საკუთარი ნებით არ ბრუნდება

AutoSharing Option
ლაშა პარუნაშვილი "ესბიერგში" ზამთარში თბილისის "დინამოდან" გადავიდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი დანიურ კლუბში ოთარ კაკაბაძესა და ბუდუ ზივზივაძესთან ერთად გადავიდა და იმედოვნებდა, რომ "ესბიერგი" სუპერლიგაში ადგილს შეინარჩუნებდა...

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და კლუბი დანიურ ელიტას დაემშვიდობა. "ლელო" ლაშა პარუნაშვილს ელაპარაკა. ის ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, "ესბიერგის" დატოვებას არ აპირებს...

- მალე გუნდები მომდევნო სეზონისთვის მზადებას დაიწყებენ. ცნობილი გახდა, რომ კვლავ დანიურ გუნდში ითამაშებთ...
- დიახ, ასეა, რადგან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში მიმთავრდება, ანუ - სრული ორი სეზონის შემდეგ.

- წასვლა არ
გსურდათ თუ სხვა გზა არ იყო და უნდა დარჩენილიყავით?

- მე რა მსურდა, ერთია და რეალობა - მეორე. ასეთ მდგომარეობაში მყოფს, "ესბიერგში" დარჩენა მერჩივნა.

- "ასეთ მდგომარეობაში" რას გულისხმობთ?
- დანიაში "დინამოდან" ისეთ დროს წამოვედი, ტრავმა ახალი მორჩენილი მქონდა და ტრენაჟორების დარბაზში სულ რაღაც ერთი კვირა მქონდა ნავარჯიშები. არადა, ლავიწის ძვალი იყო გატეხილი. სხვათა შორის, ეს ქობულეთის სტადიონზე შემემთხვა - წაქცევა და ტკივილი ერთი იყო. "ესბიერგში" მისულს თვე-ნახევარი ფორმის აღსადგენად დამჭირდა და მხოლოდ ბოლო 4 თამაში ჩავატარე. სათამაშო პრაქტიკა რომ გაკლია, ასეთ დროს სხვა გუნდში გადასვლა რეალური არ არის.

- საქართველოში დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?
- აჯობებს, რომ აქ დავრჩე და ვითამაშო.

- ნაკრების კანდიდატი ხართ და გულშემატკივრებს სურთ, რომ უკეთეს დონეზე თამაშობდეთ...
- ჩემზე მეტად არავის უნდა, რომ უკეთეს ლიგაში ვიყო. მესმის, ბევრს ეს ფრაზა აღიზიანებს, მაგრამ ევროპაში წასული, საქართველოში საკუთარი ნებით არ ბრუნდება. ასეთია სამწუხარო რეალობა. ევროპელი სელექციონერები დანიის პირველ ლიგასაც მეტი ინტერესით უყურებენ და თამაშებიც კარგად შუქდება.

"ესბიერგი" ამბიციური გუნდია, 5-ჯერ იყო დანიის ჩემპიონი. სუპერლიგიდან რომ გავარდა, მაშინვე ითქვა, რომ ჩვენი მიზანი ლიგაში დაბრუნება იქნებოდა. მე ერთი სეზონი მჭირდება, ფორმა რომ აღვიდგინო და ხალხს თავი კარგად გავაცნო. თუ გუნდი სუპერლიგაში დაბრუნდება, მერე მეტი პერსპექტივაც გამოჩნდება.

- სად გაიცანით ცნობილი მენეჯერი ლეო ტედ ლეუვენი, რომელმაც "ესბიერგში" წაგიყვანათ?
- ის "ვიტესის" სპორტული დირექტორი იყო, როცა ვაკო ყაზაიშვილს აკვირდებოდა, ჩვენ კი ერთად ვთამაშობდით და იქიდან ვახსოვდი.

- "ესბიერგში" დიდი კონკურენციაა. თქვენს პოზიციაზე გუნდის კაპიტანი, ვიცე-კაპიტანი და მთავარი მწვრთნელის შვილი თამაშობენ...
- ფეხბურთელს თუ კონკურენციის ეშინია, ჯობია, საერთოდ დაასრულოს კარიერა. გუნდში ვარ, მათთან ერთად ვვარჯიშობ და მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი კონკურენტები მყავს, მჯერა, ძირითადში ვითამაშებ.

- ზოგადად, დანიაში ქართველებს თამაში უჭირთ. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
- იმიტომ, რომ დანიური ფეხბურთი ქართულისგან აბსოლუტურად განსხვავდება. ამ უცხო სტილს კი შესაგუებლად დრო სჭირდება, რომელსაც ლეგიონერს არ აძლევენ. მაგრამ კარგი ისაა, რომ "ესბიერგში" მე და ბუდუ ზივზივაძე დავრჩით, ერთად ვიქნებით და ამ სირთულეებს უფრო იოლად გადავლახავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სოსო

უკითხვაადაც თქვა რომ ის და ბუდუ დარჩნენ ესბიერგში.
წარმატებები ბიჭებო ესბიერგში.
სამტრედიას და დინამოს კი სხვა ქართველები ასახელებენ.
Guadua
14:26 17-06-2017
0
ბარემ ზივზივაძეზეც გეკითხათ.
სოსო
14:11 17-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული