ზუგდიდელი ქომაგები: დაგვიბრუნეთ სტადიონი!

AutoSharing Option
ზუგდიდის უკვე ყოფილი სტადიონის შესასვლელი, გასული საუკუნის 50-იანი წლების ფოტო

2011 წლის შემოდგომაზე ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარე გულია თუთბერიძის სახელობის ცენტრალური სტადიონის დემონტაჟი დაიწყო. მაშინ იყო ლაპარაკი, რომ ეს ტერიტორია დადიანების ბაღს დაუბრუნდებოდა, ძველ იერსახეს აღიდგენდა და დასასვენებელი პარკი გაშენდებოდა.

მაშინ ზუგდიდელებს საქართველოს პრეზიდენტმა აცნობა, რომ მათ ქალაქს მალე ახალი, კეთილმოწყობილი სტადიონი ექნებოდა, ახალი არენის პროექტი უკვე მზადაა და სამუშაოებიც დაწყებულიაო.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს ახალი არენა ძველის საფუძველზე უნდა აშენებულიყო - კომუნისტების დროს ზუგდიდის გარეუბანში, კომბინატის დასახლებაში
ოთარ ფაცაციას (შემდგომში საქართველოს პრემიერ-მინისტრი) ხელმძღვანელობით სტადიონის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ მხოლოდ კარკასი მოესწრო, შემდგომ წლებში დატრიალებულმა ქაოსმა, სამოქალაქო ომმა და გაჭირვებამ კი იქაურობა გააპარტახა.

თუმცა კარკასი მაინც შემორჩა, რაც მშენებლობის ვადებს საგრძნობლად დააჩქარებდა - თანამედროვე სტანდარტებით აგებული არენის ტევადობა 4 ათას მაყურებელზე იყო გათვლილი, რაც ზუგდიდისთვის სავსებით საკმარისია, თუმცა შემდგომისთვის მაყურებელთა რაოდენობის ერთი ამდენით გაზრდაც იყო ჩაფიქრებული.

წინასწარი გათვლებით, სტადიონი 2012 წლის სექტემბრისთვის მზად უნდა ყოფილიყო. ახალი სტადიონის გახსნამდე კი ზუგდიდური კლუბი მეტოქეებს განმუხურში მასპინძლობდა, სადაც მოკრძალებული სტადიონი ააშენს.

მართალია, იყო დაპირება, სტადიონი აშენდებაო და ითქვა, მუშაობაც დაწყებულიაო, მაგრამ სინამდვილეში არც არაფერი გაკეთებულა. აბა, 2012 წლის შემოდგომაზე სტადიონი და ფეხბურთი ვის ახსოვდა.

სწორედ ამიტომ ზუგდიდელმა გულშემატკივრებმა მოძრაობა წამოიწყეს. ისინი აგროვებენ ხელმოწერებს მოთხოვნით, რომ ზუგდიდს დროზე აუშენონ თანამედროვე სტადიონი.

გულშემატკივრებიც აღშფოთებულები არიან და შიშობენ, ვაითუ ზუგდიდიც სტადიონის გარეშე დატოვონო. მათ აიმედებენ, მშენებლობა მალე დაიწყებაო, მაგრამ არ დაწყებულა და რა გარანტია აქვთ, რომ ააშენებენ? მე შენ გეტყვი, ასეთები არ მომხდარა?! ბათუმის ამბავი გაიხსენეთ, სადაც 7 წლის წინ ულამაზესი საფეხბურთო კომპლექსი დაანგრიეს და დაპირებების მიუხედავად, აჭარაში ფეხბურთს სამაგიეროდ არაფერიც არ შემატებია.

16 ივლისს ზუგდიდს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ეწვევა და დილით ქაღალდკომბინატის კულტურის სახლში "ზუგდიდის" გულშემატკივრებს შეხვდება. "აბრაგები" კი მინისტრთან სტადიონის მშენებლობასა და კლუბში არსებულ ვითარებაზე საკუთარი აზრის დაფიქსირებას აპირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზუგდიდში" კატასტროფული ვითარებაა - გულშემატკივრები აქციებზე ფიქრობენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული