დევიდ მოიესი პირველად გააკრიტიკეს

AutoSharing Option
რაიმონდ ვერჰეიენს საფეხბურთო სამყაროში საკმარისი ავტორიტეტი აქვს საიმისოდ, რომ თუნდაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს დაუწუნოს მუშაობის მეთოდები.

თუ არ იცით, გეტყვით, რომ 41 წლის ჰოლანდიელს თავის დროზე უმუშავია ჰოლანდიის, სამხრეთ კორეისა და რუსეთის ნაკრებებში (ყველგან გუუს ჰიდინკთან ერთად), საკლუბო დონეზე კი უმუშავია "ბარსელონაში", "ზენიტში", "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტიში".

მისთვის ცნობილი საფეხბურთო სპეციალისტების მეთოდების დაწუნება უცხო სულაც არ არის.

განსაკუთრებით კარგად ის ინგლისურ სამზარეულოს იცნობს და ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში მომუშავე მწვრთნელები ჰყავს ხელში შეკლული.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვერჰეიენმა ამჯერად სამიზნეში
დევიდ მოიესი ამოიღო და მას "დინოზავრების ეპოქის მეთოდებით" მუშაობაში დასდო ბრალი. ყველაფრის თავი და თავი კი რობინ ვან პერსის უმნიშვნელო ტრავმა გახდა, რომელიც ფეხბურთელმა ორიოდე დღეში მოიშუშა. აი, რა დაწერა ვერჰეიენმა "ტვიტერზე":

- მოიესმა სიდნეიში ვან პერსის დამატებითი დატვირთვები დაუნიშნა, რათა ფეხბურთელს ფორმა დაგეგმილზე სწრაფად აღედგინა. ამის გამო რობინმა იაპონიაში გადაფრენის შემდეგ ტრავმა მიიღო. არ მესმის, როგორც შეიძლება ამ უძველეს, დინოზავრების დროინდელ მეთოდებს იყენებდეს მწვრთნელი უმაღლეს დონეზე მუშაობისას.

"იუნაიტედის" უმთავრესი პრობლემა, როგორც ჩანს, იმ შტაბშია, რომელიც გუნდს ხელმძღვანელობს. მთელ მსოფლიოში ხდება ასე. სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელები ტრავმებს ხშირად იღებენ არანორმირებული დატვირთვების წყალობით. ამ დროს აუცილებელია, რომ მწვრთნელებმა სეზონის სტარტამდე დარჩენილ დროში გუნდი, უბრალოდ, არ გადაღალონ.

იქამდე, ვიდრე დინოზავრი-მწვრთნელები, ფიტნესკლოუნები და მეცნიერი კოვბოები ახალ მეთოდებს იგნორირებას გაუწევენ, მათ მუშაობაში დადებითისკენ არაფერი შეიცვლება. აშკარაა, რომ ფეხბურთელებმა თავადაც უნდა ისწავლონ ზედმეტი დატვირთვებისგან თავის არიდება.

მოიესი: სერიოზული არაფერია
ვერჰეიენის კრიტიკას მალევე უპასუხა "ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა. დევიდ მოიესის მტკიცებით, მართალია, ვან პერსი "იოკოჰამასთან" წინა შეხვედრაში ტრავმის გამო შესაცვლელი შეიქნა, მაგრამ მას სერიოზული არაფერი სჭირს და უკვე დღეს "სერესო ოსაკასთან" ის მოედანს დაუბრუნდება. ვან პერსის გარდა, მოიესმა სხვა ტრავმირებულებზეც ილაპარაკა:

"ამ დღეებში "კერინგტონში" საწვრთნელი შეხვედრა გაიმართა, სადაც ნემანია ვიდიჩმა, ლუიშ ნანიმ და ანტონიო ვალენსიამ ითამაშეს. უკვე დარბის უეინ რუნიც. ის ზუსტად იმ კონდიციებშია, რასაც ველოდით. რამდენიმე დღეში უეინი უკვე სერიოზულად გაზრდის დატვირთვებს. ვან პერსის რაც შეეხება, ის იმიტომ შევცვალეთ, რომ გარისკვა არ გვსურდა. ჩემი გათვლით, "ოსაკასთან" ისიც და უელბეკიც შეძლებენ თამაშს.

საზარდულის ტკივილის გამო რამდენიმე დღე დაისვენა კერიკმა. გუნდთან ერთად ვარჯიშს მაიკლი უკვე უქმეებზე განაახლებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დევიდ მოიესი: უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედს" სტოკჰოლმში შეუერთდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული