როცა გვარდიოლასგან გარბიხარ - იაია ტურეს ბედი "სიტიში"

AutoSharing Option
იაია ტურე "მანჩესტერ სიტიდან" მიდის. "ბარსელონაში" მომხდარი ამბები ინგლისში ახსენებს თავს იაიას და "სიტის" მომავალ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას. ეს ამბები თავის დროზე ბევრს ახსოვს და ჩვენც ერთხელაც გავიხსენოთ. გვარდიოლამ "ბარსადან" ორი ვარსკვლავი გაუშვა. ერთი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო, მეორე კი - ჩვენი წერილის გმირი.

იაია ტურე, ბევრის აზრით, ზლატანზე ნაკლებად იმსახურებდა "ნოუ კამპის" დატოვებას, მაგრამ გვარდიოლამ ასე გადაწყვიტა. მწვრთნელის აზრი ყოველთვის მთავარია. ეგაა, აფრიკელი ვარსკვლავი ძალიან განაწყენდა. ის წავიდა "სიტიში" და წლების განმავლობაში გუნდის ლიდერია.

"სიტის" კრიტიკოსები არ აკლია და ეს
კრიტიკა ძალიან ხშირად სამართლიანია, მაგრამ ტურეს ვერაფრით გავაკრიტიკებთ. სერხიო აგუეროსთან ერთად ის ერთადერთია, რომელიც ვარსკვლავებით მდიდარ ინგლისურ კლუბში სტაბილურობით გამოირჩევა.

"სიტის" ფეხბურთელის დამსახურების დავიწყება მოუწევს. "სიტისთვის" ახლა გვარდიოლა უფრო ძვირფასია, ვიდრე ტურე. პეპმა ინგლისური კლუბი ნაღდ გრანდად უნდა ჩამოაყალიბოს და ასეთ ვითარებაში აფრიკელი აუცილებლად გაიწირება.

გვარდიოლასა და ტურეს შორის ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ ინგლისური ფეხბურთის ექსპერტები პრაქტიკულად გამორიცხავენ იმას, რომ მათ ერთად ითანამშრომლონ "ეტიჰადზე".

საით, "ინტერი" თუ "არსენალი"?..
სად წავა ტურე? ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ ფეხბურთელის გადაბირებით მილანის "ინტერი" იყო დაინტერესებული. ამაში გასაკვირი არაფერია. იტალიური გრანდი ცდილობს, კვლავ დაადგეს აღორძინების გზას და ამისათვის მას კვალიფიციური ფეხბურთელები სჭირდება.

ტურეს შეუძლია მთავარი კაცი გახდეს "ინტერში". მანჩინის ჯერაც მოსაძებნი ჰყავს ის ფეხბურთელი, ვის გარშემოც გუნდის თამაში უნდა აიგოს. ასეთი სწორედ ტურეა. მის გარჯას შეუძლია "ინტერი" შეკრას.

სულ ცინცხალი ინფორმაციაა: "ინტერს" ძალიან სოლიდური კონკურენტი გამოუჩნდა. ეს გახლავთ "არსენალი". "მეთოფეებმა" ბოლო დროს ფულის ხარჯვა დაიწყეს. ჯერ ეს მაინცდამაინც არ აისახება შედეგებზე, მაგრამ არსენი მაინც თავისას აწვება.

მას უნდა, რომ თუნდაც თავისი მწვრთნელობის ბოლო ჟამს მაინც მოიშოროს მუდმივი დამღა. ბევრი მიიჩნევს, რომ ვენგერი უფრო გადიაა, ვიდრე მწვრთნელი - ის გამუდმებით ზრდის ნიჭიერ მოთამაშეებს, მიიყვანს გარკვეულ დონემდე და მერე მათ ფინანსურად უფრო ძლიერ კლუბებში ყიდის.

ტურეს დამატება მართლაც რომ ჰაერივით სჭირდება "არსენალს". ლონდონში ამ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, პატრიკ ვიეირას აჩრდილი დაბრუნდება. ბევრი მიიჩნევს, რომ თანამედროვე "არსენალს" ყველაზე მეტად სწორედ მინდვრის ცენტრის მძლავრი გამკონტროლებელი სჭირდება.

თუ "არსენალის" შემადგენლობას დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ ნახევარდაცვა მართლაც რომ განსაკუთრებულადაა დაკომპლექტებული. აქ ძალიან ბევრი ერთნაირი აღნაგობის, პატარა ტანის ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, მათი ტექნიკური განათლება იდეალურია, მაგრამ ფიზიკურ სამუშაოს ისინი იდეალურად ვერ ასრულებენ.

ტურეს დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულებაც შეუძლია, გოლების გატანაც და გუნდის ლიდერობაც. აფრიკელის გადაბირება ვენგერს საშუალებას მისცემს, შედარებით გაათავისუფლოს "შავი სამუშაოსაგან" ალექსის სანჩესი და მესუთ იოზილი.

ბოლოს და ბოლოს, არსენი შეიძენს ფეხბურთელს, რომელმაც იცის დიდი გამარჯვებების გემო. ჩვენ მუდმივად ვითხოვთ "არსენალისგან" პრემიერლიგის მოგებას და ის კი გვავიწყდება, რომ ამ გუნდში პრემიერლიგის ტიტულის გემო ბევრმა არ იცის. ვინც გამონაკლისის სახით უცბად გვახსენდება, ეს პეტრ ჩეხია.

ინგლისში უკვე ბევრს წერენ იმის თაობაზე, რომ მომავალ სეზონში კლუბის ხელმძღვანელობა ვენგერს კიდევ ერთ შანსს მისცემს და სოლიდურ თანხასაც გამოუყოფს. რამდენიც უნდა ვისაუბროთ ლონდონელთა ვარსკვლავებზე, ფაქტია, რომ გუნდს გადამწყვეტ მატჩებში რაღაც არ ყოფნის.

თუ სასწაული არ მოხდა, წლეულს "არსენალი" ვერაფრით მოიგებს ინგლისის ჩემპიონატს.

რამ განაპირობა ლონდონელთა წარუმატებლობა ჩემპიონთა ლიგაში? აქ ერთმნიშვნელოვნად მთავარია მეტოქის ფაქტორი. "ბარსელონასთან" დღეს ყველა გუნდი წააგებს, თუ ოდნავ არ გაუმართლა.

სამაგიეროდ, ძალიან რთული ასახსნელია ლონდონელთა წარუმატებელი თამაში პრემიერლიგაში. გასაგებია, რომ "არსენალი", დიდი ალბათობით, მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

არავინ იცის, როდის ექნება კიდევ "არსენალს" ინგლისის ჩემპიონობის ასეთი შანსი. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ინგლისური ფეხბურთის გრანდებისათვის ეს სეზონი ნაღდი შავი ლაქაა. "არსენალმა" ამით ვერ ისარგებლა. უფრო ზუსტად, ვერ სარგებლობს.

წარმოიდგინეთ, რამხელა ტრაგედია იქნება ლონდონელთა გულშემატკივრებისათვის, ინგლისის ჩემპიონი "არსენალის" დაუძინებელი მტერი, "ტოტენჰემი" რომ გახდეს. ასე რომ, "არსენალში" ცვლილებების დროა.

ვენგერმა ეს იცის და იაია ტურეს ეძახის. კოტდივუარელი მიეჩვია "ნისლიან ალბიონს". "არსენალი" მისთვის იდეალურ ადგილად მოჩანს - ტურეს გვარდიოლას გამწარების საშუალება ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზლატანი და ტურე სხვადასხვა დროს გაუშვეს. ტურე რო წავიდა ზლატანი მაშინ მოვიდა. თან ეგ გვარდიოლამ ბუსკეტსის საკეთილდღეოდ გააკეთა და არა კონფლიქტის ნიადაგზე. მე არ გამიგია იბრასგან განსხვავებით ტურეს გაეკრიტიკებინოს გვარდიოლა. და 2 ვარსკვლავი გაუშვაო რო წერია მე ცოტას მივამატებდი. დეკოც და რონალდინიოც პეპმა გაუშვა რო მოვიდა, და ეტოო რო გაუშვა ეგეც ვიცით. ასე რომ მინიმუმ 5 გამოდის.
coco
12:04 29-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული