47.5 მლნ ფუნტი მცველში - ხოსეპ გვარდიოლას მერვე შენაძენი "სიტიში"

AutoSharing Option
რაჰიმ სტერლინგის შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" 22 წლის ჯონ სტოუნზი მეორე უძვირფასეს ინგლისელ ფეხბურთელად აქცია.

თუ წინა ზაფხულს "ქალაქელებმა" "ლივერპულს" სტერლინგში 50 მილიონ ფუნტამდე გადაუხადეს, ახლა მეორე მერსისაიდულ კლუბს, "ევერტონს" ჩაახუტებენ 47,5 მილიონს. კონტრაქტი 6-წლიანია.

ამავდროულად, სტოუნზი გახდა მსოფლიოს მეორე უძვირფასესი მცველი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სანამ მხარეები ტრანსფერებს ოფიციალურად დაადასტურებდნენ, სტოუნზი უეფას ვებგვერდზე "სიტის" საჩემპიონთალიგო განაცხადში ფიგურირებდა...

როგორც იცით, წინა ზაფხულს ჟოზე მოურინიოს ძალიან უნდოდა სტოუნზის შეძენა და ახალგაზრდა მცველი "ჩელსიში" გადასვლასთან ახლოსაც იყო, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში
ჩაიშალა. ახლა კი "ბარნსლისა" და "ევერტონის" ყოფილი უკანახაზელი ჟოზეს უშუალო კონკურენტის, ხოსეპ გვარდიოლას ბანაკში იბურთავებს.

"ეს არის ძალიან ამბიციური კლუბი, რომელსაც შორს მიმავალი გეგმები აქვს, მწვრთნელიც დიდებული ჰყავს. ასე რომ, ერთი სული მაქვს, როდის ჩავერთვები საქმეში. ვიცი, რომ კონკურენცია ძალიან დიდი იქნება და ძირითადში მოხვედრისთვის უნდა ვიბრძოლო, მაგრამ ამისთვის მზად ვარ. მსურს, უკეთესი ფეხბურთელი გავხდე და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო", - თქვა სტოუნზმა, რომელიც გვარდიოლას მერვე შენაძენი გახდა ილქაი გიუნდოგანის, ნოლიტოს, ლეროი სანეს, გაბრიელ ჟესუშის, მარლოს მორენოს, აარონ მუისა და ოლეკსანდრ ზინჩენკოს შემდეგ.

როგორც ხედავთ, ესპანელი სპეციალისტი აქცენტს, ძირითადად, ახალგაზრდებზე აკეთებს და ეს არც არის გასაკვირი.

აქვე გვარდიოლას კომენტარი სტოუნზთან დაკავშირებით:

"ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ ჯონს საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო უკეთ გამოვლენაში. მან უკვე ბევრს მიაღწია, მაგრამ გაცილებით მეტი შეუძლია. მომწონს მისი თამაშის სტილი, მშვენიერი მონაცემები აქვს... ასე რომ, ამ ტრანსფერს მივესალმები და ველოდები მასთან თანამშრომლობის დაწყებას".

სტოუნზს "ბარნსლის" ძირითად გუნდში დებიუტი 17 წლისას ჰქონდა. 2013 წლის იანვარში ის "ევერტონში" გადაბარგდა, რაშიც ლივერპულურმა კლუბმა, არაოფიციალური ინფორმაციით, 3 მილიონი ფუნტი გაიღო.

"კანფეტების" მაისურა მან უკვე 95 მატჩში მოირგო, ხოლო ინგლისის ნაკრებში მისი მონაგარი 10 თამაშს ითვლის.

5 ყველაზე ძვირად ღირებული ინგლისელი ფეხბურთელი სტოუნზის ტრანსფერამდე
წელი ფეხბურთელი საიდან სად ფასი (ფუნ)
2015 რაჰიმ სტერლინგი ლივერპული სიტი 49,0 მლნ
2011 ენდი ქეროლი ნიუკასლი ლივერპული 35,0 მლნ
2002 რიო ფერდინანდი ლიდსი მანჩესტერი 30,0 მლნ
2014 ლიუკ შოუ საუთჰემპტონი მანჩესტერი 27,0 მლნ
2004 უეინ რუნი ევერტონი მანჩესტერი 27,0 მლნ

მსოფლის 5 უძვირფასესი მცველი
წელი ფეხბურთელი საიდან სად ფასი (ფუნ)
2014 დავიდ ლუიზი ჩელსი პსჟ 50,0 მლნ
2016 ჯონ სტოუნზი ევერტონი სიტი 47,5 მლნ
2012 ტიაგო სილვა მილანი პსჟ 36,0 მლნ
2014 ელიაკიმ მანგალა პორტუ სიტი 32,0 მლნ
2015 ნიკოლას ოტამენდი ვალენსია სიტი 32,0 მლნ

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მთლად გადავიდნენ ჭკუიდან ფულის გამთეთრებლები და შეიხები, 50 მილიონს იხდიან ერთ ჩვეულებრივ მცველში, არარეალური თანხები ფიქსირდება ტრანსფერებისას
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული