იტალიის თასიც და ევროსაგზურიც რომის "ლაციოს" [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის თასის ფინალს, ანუ რომაულ დერბის, წინ არეულობები უძღვოდა - ქალაქის ქუჩებში ტიფოზებმა ჩხუბი გამართეს და კარაბინერებსაც დიდი ჯაფა დაადგათ...

შედეგად, რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომის მთავარმა კომისარმა კი საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ის ნივთები წარუდგინა, რომლებიც ტიფოზებს ჩამოერთვათ: პეტარდები, ხელკეტები, დანები და ცულიც კი... მოკლედ, ფინალის წინ მარადიულ ქალაქში დენთის სუნი ტრიალებდა და დაძაბულობა არც თამაშზე განელებულა.

უკეთესი "ლაციო"
თამაში უფრო დაძაბული გახლდათ, ვიდრე სანახაობრივი და ფეხბურთელებმაც უფრო იბრძოლეს, ვიდრე ითამაშეს. მომენტებიც ბევრი არ შექმნილა და კარში დარტყმების უმეტესობაც,
რომლებიც სტატისტიკაში ჩაიწერა, კიპერთათვის იოლი ნადავლი გახლდათ. ამიტომ მომენტების აღწერით თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა.

ერთი კია, "ლაციო" უფრო ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა - ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდებმა ყველაზე საჭირო მომენტში მოუმატეს და ის ერთადერთი გოლიც გაიტანეს.

გამარჯვების გოლი სენად ლულიჩის ანგარიშზეა, რომელმაც მარჯვენა ფრთიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ ბურთი შორეულ ძელთან დაფარა და კარში შეაგორა, 0:1.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ ეპიზოდში "რომას" მეკარეს უკეთ მართებდა თამაში - ბურთისთვის ხელი ცოტა ღონივრად რომ წაეკრა, მიმართულებას შეუცვლიდა და ანგარიშიც უცვლელი დარჩებოდა. "რომამ" სცადა მატჩის გადარჩენა, აურელიო ანდრეაცოლიმ შეტევა გააძლიერა, მაგრამ ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო. ეს არ იყო არც ფრანჩესკო ტოტის, არც პაბლო ოსვალდოს და არც ერიკ ლამელას დღე - "ლაციომ" მთლიანობაში უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ "ლაციოს" გულშემატკივართა ნაწილი სტადიონზე შეცვივდა და ამიტომ დაჯილდოების ცერემონიალი გვარიანად დაგვიანდა. უჩვეულოდ ემოციური იყო მთელი სეზონი თევზივით ჩუმი ვლადიმირ პეტკოვიჩი, რომელმაც პირველივე იტალიურ სეზონში ტროფეი მოიგო.

მინდორზე ჩაირბინეს კლუბის პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ და სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ. მოკლედ, "სტადიო ოლიმპიკოზე" დიდი აურზაური იყო. პეტკოვიჩმა იქვე მოკლე კომენტარი გააკეთა და ბოლოს სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"ბოლო წუთები საშინლად გაიწელა და მეგონა, რომ თამაში არასდროს დამთავრდებოდა. საბედნიეროდ, ჩვენ გავიმარჯვეთ და არა მარტო თასი მოვიგეთ, ევროპალიგის საგზური მოვიპოვეთ. თამაშამდე ვთქვი, რომ "ლაციოს" კოზირი ძლიერი გუნდური ხასიათი და ერთსულოვნებაა. დღეს სწორედ ამის ხარჯზე მოვიგეთ. მადლობა შეგირდებს და გულშემატკივრებს, რომლებმაც მთელი სეზონი ერთგულად გვიქომაგეს".

იტალიის თასი. ფინალი
რომა-ლაციო 0:1
გოლი: 0:1 ლულიჩი (73).
რომა (4-2-3-1): ლობონტი - კასტანი, ბურდისო, მარკინიოსი, ბალცარეტი (78. ოსვალდო) - დე როსი, ბრედლი - მარკინიო (84. დოდო), ტოტი, ლამელა - დესტრო.
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, ცანა, რადუ - კანდრევა, ლედესმა (54. მაური), ერნანესი (84. გონსალესი), ონაზი (90. სიანი), ლულიჩი - კლოზე.
გაფრთხილება: ბურდისო, ბალცარეტი, ტოტი, მარკინიო - ლედესმა, ერნანესი, ლულიჩი, კლოზე.
კუთხური: 1-5
ჯარიმა: 27-18; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13-11(5-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 70 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული