იტალია. სერია A. III ტურის შეჯამება და სიმბოლური: "ნაპოლის" ახალი დამრტყმელი ძალა

AutoSharing Option
სერია A-ს დაწყებიდან ჯერ მხოლოდ სამი ტურია გასული და ცხადია, ეს პერიოდი სერიოზული დასკვნების გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს.

ჯერჯერობით არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამა თუ იმ გუნდმა მოლოდინი გაამართლა ან მასზე გაცემული ავანსები ქარს გაატანა.

თუმცა III ტური იმის საშუალებას მაინც გვაძლევს, ვთქვათ, რომ "ნაპოლი" და "რომა" არათუ დიდ თავსატეხს გაუჩენენ სკუდეტოსთვის მებრძოლთ, არამედ, დიდი ალბათობით, თავადაც იქნებიან ამ ბრძოლის ავანგარდში...

ინტერი-იუვენტუსი 1:1
გასული ტურის მთავარი მატჩი "ინტერი"-"იუვენტუსი" იყო. დიდი ხანია, "სან სიროზე" ანშლაგი არ ყოფილა. თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლო ხანებში
"იტალიურ დერბისაც" მოაკლდა პუბლიკის ყურადღება.

ახლა ვალტერ მაცარი ახალ "ინტერს" აშენებს და პირველ ორ ტურში გამოჩნდა, რომ "ნერაძურის" ფანების ოპტიმიზმს ნამდვილად აქვს საფუძველი.

"ინტერი" არც ისე შორს იყო გამარჯვებისგან, მაგრამ ანტონიო კონტეს, რომელიც ამ დღეს "იუვეს" მწვრთნელის რანგში მე-100 მატჩს ატარებდა, მხსნელად არტურო ვიდალი მოევლინა.

ტორინო-მილანი 2:2
"მილანს" კიდევ ერთხელ გაუჭირდა გასვლით მატჩში. პირველი ტური იყო და, ლიგაში ახლად აღზევებულ "ვერონასთან" დამარცხდა; ახლა კიდევ "ტორინოსთან" წაგებას 95-ე(!) წუთზე გადაურჩა.

მარიო ბალოტელიმ კი კიდევ ერთი 11-მეტრიანი გაიტანა და 100-პროცენტიანი რეალიზაციით სანიმუშო პენალტისტის სტატუსი შეინარჩუნა.

ფიორენტინა-კალიარი 1:1
"ფიორენტინას" ქომაგმა პატარა შოკი მიიღო - ვინჩენცო მონტელას გუნდი საკუთარ მოედანზე "კალიარის" ვერ გაუმკლავდა - 1:1. "იების" თავკაცი მოედანზეც ბევრს შფოთავდა და მერეც - ნამატჩევს, არბიტრ ემილიანო გალიონის მიმართ რისხვა ვერ დამალა.

მონტელა, რომელიც ტრადიციულად, მსაჯებს არ აკრიტიკებს, ამჯერად უზომოდ აღშფოთებული იყო, მეტადრე, მატჩის ბოლო ეპიზოდით, როცა სარდინიელთა საჯარიმოში ჯუზეპე როსი წააქციეს. პენალტი არ არის! - ბრძანა არბიტრმა და მალე თამაშიც დაასრულა.

მოკლედ, "ფიორენტინამ" პირველი ქულები დაკარგა. ამას გარდა, ტრავმები მიიღეს მარიო გომესმა და ხუან კუადრადომ. ჩილელ პლეიმეიქერ დავიდ პისაროს კი, რომელმაც თამაშის მიწურულს მსაჯის შეურაცხყოფისთვის წითელი ბარათი იხილა, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.

პარმა-რომა 1:3
რუდი გარსიამ "რომა" თავისებურად გადააწყო. ახალი სისხლი და უბერებელი ფრანჩესკო ტოტი - რეცეპტი თითქოს ნაპოვნია. ეს "რომა" მეტი დისციპლინითა და ბრძოლის უნარითაა აღჭურვილი.

"პარმას" კი პოტენციალი ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს. თავდასხმაში კასანო-ამაურის დუეტი პატარა ამბავი როდია. შარშანაც რობერტო დონადონის გუნდი სადღაც შუა სეზონში ათამაშდა. ალბათ, ახლაც ასე იქნება.

ნაპოლი-ატალანტა 2:0
"ნაპოლიში" რაფა ბენიტესის დანიშვნას ბევრმა სკეპტიკურად შეხედა, მაგრამ ისე ჩანს, აურელიო დე ლაურენტისს არც ამჯერად უმტყუნა ალღომ. ყოველ შემთხვევაში, ბენიტესისეულ "ნაპოლის" ჯერჯერობით არაფერი დაეწუნება - 3 მატჩი, 3 გამარჯვება და საშუალოდ 3 გოლი მატჩში!

საინტერესოა, რომ "დორტმუნდთან" საჩემპიონთალიგო დაპირისპირების წინ ბენიტესმა თამამად მიმართა როტაციას და თვით მარეკ ჰამშიკიც მეორე ტაიმიდან ჩართო თამაშში. მატჩმა აჩვენა, რომ ამ სეზონში ნეაპოლელებს რესურსებიც მეტი აქვთ.

მშვენივრად შეეწყვნენ გუნდს "რეალიდან" მოსული ხოსე მარია კალეხონი და გონსალო იგუაინი. ეს ბიჭები და პლუს ჰამშიკი - ესეც "ნაპოლის" ახალი დამრტყმელი ტრიო!

ლაციო-კიევო 3:0
პრაქტიკამ აჩვენა, რომ "კიევოს" მწვრთნელ ჯუზეპე სანინოს საიმედო დაცვის დაყენება ეხერხება. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო, თუმცა ამ სეზონში "მფრინავ ვირებს" ვერ აქვთ საქმე კარგად - 3 მატჩში 7 გოლი გაუშვეს. "კიევოს" კოზირი ყოველთვის იყო დაცვა და ახლა ესეც თუ აღარ აქვთ, სერია A-ში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

"ლაციომ" პირველივე ტაიმში გაიტანა 3 უპასუხო გოლი, თან ისე, რომ "ბებერი" მიროსლავ კლოზეს ძალისხმევა სულაც არ ყოფილა საჭირო.

ლივორნო-კატანია 2:0
...პირველი მატჩი: არც ერთი დარტყმა კარში; მეორე მატჩი: 3 დარტყმა და გოლი "სასუოლოს" კარში; მესამე მატჩი და მთლად ბენეფისი: 7 დარტყმა და 2 გოლი "კატანიას" კარში - ასეთია "ლივორნოს" ფორვარდ პაულინიოს (ტოტენჰემელ პაულინიოში არ აგერიოთ) გზა 25 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე.

უდინეზე-ბოლონია 1:1
ანტონიო დი ნატალე "უდინეზესთვის" ფასდაუდებელ ფეხბურთელად რჩება. "ბოლონიასთან" მან სერია A-ში თავისი მე-300 მატჩი (159 გოლი) ჩაატარა და ეს ამბავი გოლითაც აღნიშნა, ხოლო ამ გოლმა უდინელები საშინაო მარცხისგან იხსნა.

ვერონა-სასუოლო 2:0
ანგარიშს რომ შეხედავთ, შეიძლება იფიქროთ, თითქოს "ვერონამ" წყნარად და უპრობლემოდ მოიგო, მაგრამ კაცმა არ იცის, როგორ დასრულდებოდა მატჩი, "სასუოლოს" უამრავი საგოლე მომენტიდან ერთი მაინც რომ გამოეყენებინა.

სამპდორია-ჯენოა 0:3
"სამპდორიას" გასულ სეზონშიც უჭირდა, მაგრამ გენუური დერბი მაინც მოიგო (3:1, მაშინ ეს პირველი გამარჯვება იყო). ახლა ამის შნოც აღარ არ აქვს. გოლის გამტანი ვინც ჰყავდა (მაურო იკარდი), ისიც "ინტერს" მიჰყიდა. ამის შედეგია ის, რომ "სამპდორიამ" მხოლოდ მატჩის უკანასკნელ წუთზე შეაწუხა მეტოქის მეკარე მატია პერინი.

ამ უკანასკნელის კოლეგა ჟუნიორ და კოშტამ კი სამივე ასაღები ბურთი გაუშვა. თუმცა, ამის მიუხედავადაც, "ჯენოა" უკეთესი გუნდია და ეს მარტო შედეგით არ გამოიხატება.

იცით თუ არა, რომ...
*** ბოლო 17 თვის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, რომ "იუვენტუსი" ცხრილის სათავეში არ არის.
*** წინა ჩემპიონატიდან მოყოლებული, "იუვენტუსს" ბოლო 16 მატჩიდან თითოეულში ერთი გოლი მაინც აქვს გატანილი (სულ 27).
*** "რომას" რომ არ შეეშალა ხელი, "ნაპოლი" ბოლო 23 წლის განმავლობაში პირველად იქნებოდა სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერი.
*** 2013 წელს "ნაპოლის" საკუთარ მოედანზე ჯერ არ წაუგია - 10 მოგება 12 მატჩიდან.
*** "ინტერის" ფორვარდმა მაურო იკარდიმ (გასულ სეზონში "სამპდორიას" ღირსებას იცავდა) უშუალოდ "იუვენტუსის" წინააღმდეგ ჩატარებულ 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
*** "ჯენოას" ფორვარდ ემანუელე კალაიოს 2012 წლის 31 ოქტომბრის მერე არ ჰქონდა გოლი გატანილი. ბოლოს მან ეს "სიენას" სახელით გააკეთა.
*** 3:0 - ამ ანგარიშით "ჯენოამ" "სამპდორია" მეოთხედ დაამარცხა, მაგრამ პირველად - სტუმრის სტატუსით. საერთოდ, გენუურ დერბიში ასეთი ტრადიცია დამკვიდრდა - ბოლო 10 მატჩიდან 9 შემთხვევაში მოიგო იმ გუნდმა, რომელმაც ანგარიში გახსნა. მხოლოდ ერთი შეხვედრა დასრულდა ფრედ.
*** "ნაპოლის" შემტევი ხოსე მარია კალეხონი 2008 წლის მერე პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც სამივე სასტარტო მატჩში შეძლო გატანა. 2008 წელს ეს დიეგო მილიტომ და მაურო სარატემ მოახერხეს.
*** მარიო ბალოტელიმ "მილანის" შემადგენლობაში, 16 მატჩში 14 გოლი გაიტანა, ოღონდ აქედან ნახევარი - პენალტებით.
*** "ტორინოს" მწვრთნელ ჯამპიერო ვენტურას უშუალო დაპირისპირებაში არასოდეს მოუგია "მილანის" თავკაც მასიმო ალეგრისთვის - 6 მარცხი და 2 ფრე. თავად "ტორინომ" კი "მილანი" უკანასკნელად 2001 წელს, საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა.
*** "ბოლონიას" უდინეში 2005 წლის შემდეგ არ მოუგია.
*** წინა სეზონიდან მოყოლებული, "ბოლონიას" სერია A-ს ბოლო 13 მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვს (4 წაგება, 8 ფრე).
*** "ბოლონიას" ფორვარდ ალესანდრო დიამანტის სერია A-ს ბოლო 11 მატჩში არ გაუტანია გოლი. უკანასკნელად მან ეს 2013 წლის 3 მარტს, "კალიარისთან" მატჩში შეძლო (3:0).
*** ბოლო 9 მატჩში მხოლოდ მეორე შემთხვევაა, რომ "ფიორენტინამ" პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლო.
*** "კალიარის" ფლორენციაში 1972 წლის მერე არ მოუგია (5 ფრე, 22 მარცხი).
*** "კატანიას" სერია A-ში ზედიზედ 3 მატჩი 2009 წლის დეკემბრის მერე არ წაუგია. "კატანიამ" "ლივორნოსთან" გასვლით მატჩებში (იგულისხმება სერია A-ს ეგიდით გამართული დაპირისპირებები) ოთხიდან 4 წააგო.

ტურის სიმბოლური ნაკრები, "ლელოს" ვერსიით
Sportall.Ge

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 4 - ჰამშიკი (ნაპოლი); 3 - კალეხონი (ნაპოლი), პაულინიო (ლივორნო), ჯ. როსი (ფიორენტინა), ვიდალი (იუვენტუსი).

ასისტენტები: 2 - ბონუჩი (იუვენტუსი), ჩიგარინი (ატალანტა), იმობილე (ტორინო), მურუ (კალიარი), პიანიჩი (რომა), პოგბა (იუვენტუსი), ტოტი (რომა).

მომდევნო ტური
21 სექტემბერი
კალიარი-სამპდორია
კიევო-უდინეზე
ჯენოა-ლივორნო

22 სექტემბერი
სასუოლო-ინტერი
რომა-ლაციო
ატალანტა-ფიორენტინა
ბოლონია-ტორინო
კატანია-პარმა
იუვენტუსი-ვერონა
მილანი-ნაპოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. III ტური: მილანური ომი და მშვიდობა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული