იტალია. სერია A. XIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: სენსაციების ტური

AutoSharing Option
სენსაციების ტური - ასე დაასათაურა "ტუტო სპორტმა" სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-13 სათამაშო დღე და სრულიად ლოგიკურადაც: ლიდერთა შორის მყოფმა "ვერონამ" აუტსაიდერ "კიევოსთან" წააგო, "ნაპოლი" "საკუთარ კედლებში "პარმასთან" დამარცხდა, "მილანს" "ჯენოასთან" მოეცარა ხელი, "ინტერმა" "ბოლონიას" ვერ დააკლო ვერაფერი, "ფიორენტინა" უდინეში შერცხვა, "რომამ" კი "კალიარის" წინააღმდეგობა ვერ დაძლია...

"რომას" ფრეები დასჩემდა
"კალიარისთან" მატჩის შემდეგ "რომას" ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა: "ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ბევრს ჰგონია - ჩვენ ისევ დაუმარცხებლები ვართ, კიდევ ერთ შეხვედრაში შევინახეთ კარი მშრალად და
სატურნირო ცხრილში მაღალი პოზიცია გვიკავია. სეზონი გრძელია და დარწმუნებული ვარ, სასურველ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ".

დე როსიმ იხტიბარი არ გაიტეხა და განაცხადა, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა, მაგრამ თუ მეორე მხრიდან შევხედავთ მოვლენებს, "რომა" მიჯრით მესამე შეხვედრაში ვერ ახერხებს გამარჯვებას. ამასთან, ფრანჩესკო ტოტის გარეშე დარჩენილ თავდასხმას გოლის გატანა უჭირს. "რომა"-"კალიარის" პაექრობა მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მომენტებიც სარდინიელთა კართან მეტი შეიქმნა, მაგრამ შედეგზე ეს არ აისახა.

მატჩის დასკვნით ნაწილში "ჯალოროსის" თავკაცი რუდი გარსია ანერვიულდა, მსაჯს წაეკამათა და წითელი ბარათიც მიიღო - რუდი ნამატჩევსაც ვერ იკავებდა ემოციებს:

"შეგირდების მიმართ სასაყვედურო ბევრი არაფერი მაქვს, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს სამი ქულის მოსაპოვებლად. რთული მატჩი იყო, რომელიც ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, რადგან უამრავი მომენტი შევქმენით.

გვქონდა პრობლემები სტანდარტულების შესრულებისას - როდესაც 20 კუთხურს ჩააწვდი, ერთხელ მაინც უნდა შექმნა ხიფათი - ფაქტია, რომ ტოტის გარეშე ამ კომპონენტშიც ძალიან გვიჭირს. კარგია, რომ კარი მშრალად შევინახეთ, მაგრამ დროა, გამარჯვების გემო გავიხსენოთ".


ძველ-ახალი ლიდერი
როგორ ვთქვათ, რომ სერია A-ს ახალი ლიდერი ჰყავს მაშინ, როდესაც "იუვენტუსი" გაჩენილია იმისთვის, რომ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იყოს. ტურინული გრანდი "ლივორნოს" ესტუმრა და მეტოქე ორი უპასუხო გოლის წყალობით დაამარცხა.

მატჩამდე ბევრს საუბრობდნენ, რომ ძირითად შემადგენლობაში მირკო ვუჩინიჩს ვიხილავდით, რომელიც კარლოს ტევესს შეუწყვილდებოდა - ანტონიო კონტე სხვაგვარად მოიქცა და არგენტინელს ესპანელი ფერნანდო ლორენტე შეუწყვილა; არც უნანია - ფერნანდომ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, გოლი გაიტანა, საგოლე პასი მიითვალა აქტივში და მთლიანობაში, დიდი სამუშაო გასწია. ნამატჩევს ლორენტემ შემდეგი განაცხადა:

"ვგრძნობ, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ და ეს ძალიან მსიამოვნებს. ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დამჭირდა და შეიძლება ითქვას, ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. უკეთ ავთამაშდები და კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოვუტან გუნდს, რომელიც ჩემზე ფსონს ჩამოვიდა".


ლორენტე თითქოს გაუთამამდა ახალ გარემოს და ეს აშკარად წაადგა - "იუვენტუსს" მისი ტექნიკა, პლასტიკა და ფიზიკური ძალა აშკარად სჭირდებოდა. შესანიშნავად ითამაშა კარლოს ტევესმაც და თუ ასე გაგრძელდა, "იუვეს" შეტევაში მუდმივ რიტაციასაც, ალბათ, დაესმება წერტილი - სასტარტო ტანდემი იკვეთება: კარლოს ტევესი - ფერნანდო ლორენტე.

კაკა: "მილანში" დაძაბულობაა
ტურის მიმოხილვაში გამცნეთ, რომ კიდევ ერთი წარუმატებელი მატჩის შემდეგ "მილანის" გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია ფეხბურთელთა გასახდელთან მოაწყვეს და მათ გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ვითარება მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, რაც ტიფოზებთან სასაუბროდ კრისტიან აბიატი და რიკარდო კაკა გავიდნენ.

გულშემატკივრები დაიშალნენ, მაგრამ ცხადია, რომ თუ "მილანმა" ასე გააგრძელა ასპარეზობა, "როსონერის" გარშემო ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება - კაკას თქმით, ასეთი წნეხის ქვეშ კარგა ხანია არ ყოფილა:

"ასეთ წნეხში მაშინაც არ ვყოფილვარ, როდესაც "რეალი" გამუდმებით აგებდა "ბარსელონასთან". იტალიაში დუღილის ტემპერატურა ყოველთვის მაღალია და ეს უკვე საკუთარ თავზე ვიგრძენი. მიჯრით მეშვიდე შეხვედრაში ვერ მოვიპოვეთ გამარჯვება, რამაც მდგომარეობა უკიდურესად გაგვირთულა. ვითარება გუნდის გასახდელშიც კი გაფუჭდა და ეს ყველაზე ცუდია.

გამოსავალი? - ერთი მოგება გვჭირდება, რათა დანავსული პერიოდი გადავლახოთ და პროგრესის გზას დავადგეთ".


სატურნირო ცხრილში "მილანი" მე-13 ადგილზეა, სილვიო ბერლუსკონის მიერ ჟურნალისტთან ნათქვამმა ფრაზამ კი მთელი სპორტული მედია მოიარა: "ნუთუ ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით? ეს დაუჯერებელია".

გმირები და ანტიგმირები
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-13 ტურს ჰყავდა თავისი გმირები და ანტიგმირები. საყოველთაო ყურადღების ცენტრში გახლდათ ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც მე-500 მატჩი ჩაატარა იტალიის ელიტარულ დივიზიონში.

ამასთან, მიჯრით მეხუთე შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად და დაძლია ის პატარა ჩავარდნა, რომელიც სეზონის სტარტზე ჰქონდა.

გმირია ანტონიო კასანო, რომელმაც მარტომ გაარღვია "ნაპოლის" დაცვა და ულამაზესი გოლით "პარმას" სენსაციური გამარჯვება მოუტანა. ნამატჩევს ბევრი ალაპარაკდა, რომ კასანო ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას იმსახურებს.

მოულოდნელად, დეიან ლაზარევიჩმა გაიბრწყინა, რომლის გოლმაც ვერონული დერბის ბედი გადაწყვიტა - მოულოდნელად იმიტომ, რომ ლაზარევიჩი სერია A-ში 2009 წლიდან ასპარეზობს და მხოლოდ გასულ უქმეებზე გაიტანა პირველი გოლი - მისი გასროლით "კიევომ" "ვერონა" იმსხვერპლა.

ანტიგმირია მარიო ბალოტელი, რომელმაც ისევ ვერ გაიტანა გოლი და ყველა "სიკეთესთან" ერთად, თერთმეტმეტრიანი გააცუდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ფორვარდს მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ მას აუცილებლად დააყენებს სასტარტოში ჩემპიონთა ლიგაზე, "სელტიკთან" პაექრობაში. ბალოტელის "როსონერის" ვარჯიშზე დაუგვიანებია და ალეგრის ამ თემაზეც მოუწია კომენტარის გაკეთება:

"ბალოტელიმ ვარჯიშზე დააგვიანა? - მე აღშფოთებული ვარ არა მარიოს საქციელით, არამედ იმით, რომ ამ ინფორმაციამ გარეთ გააღწია".


ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XIII ტური: მილანში დენთის სუნი ტრიალებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული