აფრიკის ეროვნებათა თასი 2017: როცა დროგბასა და ტურეს გარეშე რთულია...

AutoSharing Option
გაბონში დასრულდა აფრიკის ეროვნებათა თასის ჯგუფური ეტაპი. ტრადიციულად, იყო ბევრი მოულოდნელობა და ისეთი შედეგები, თავიდან რთულად რომ წარმოიდგენდა კაცი. შეჯიბრება გადამწყვეტ ფაზაში შედის. ვისარგებლოთ ტურნირზე გამოცხადებული შესვენებით და შევაჯამოთ ჯგუფური ეტაპი.

გმირები
ვინ დატოვა ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე კარგი შთაბეჭდილება? ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ ორზე შევჩერდებით - სენეგალმა და კონგოს დემოკრატიულმა ნაკრებმა.

სხვათა შორის, თავიდანვე ვივარაუდეთ, რომ ეს ორი გუნდი ძალიან დიდი ძალა იქნებოდა. განსაკუთრებით ძლიერად გამოიყურება სენეგალი. ეს თაობა თუ მეტი არაა, არაფრით ჩამოუვარდება იმ თაობას, რომელმაც
2002 წელს, მუნდიალზე საფრანგეთის ძლევითა და კარგი თამაშით გააკვირვა მსოფლიო. რაც მთავარია, ალიუ სისეს ორი თანაბარძალოვანი შემადგენლობა ჰყავს.
მოლოდინისამებრ კარგია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები.

ექსზაირელები მშვენივრად თამაშობენ და გუნდურ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას. ჯანზე არიან დიუმერსი მბოკანი და სედრიკ ბაკამბუ. ნაკრების ნახევარს სხვადასხვა დროს საფრანგეთის სხვადასხვა ასაკის ნაკრებების ღირსება დაუცავს. ბრწყინვალეა ჟუნიორ კაბანანგა.

ანტიგმირები
რიად მაჰრეზმა ალბათ დღესაც არ იცის, რა უნდოდა აფრიკის თასზე. ალჟირის ნაკრები, ტურნირის მთავარ ფავორიტად რომ ითვლებოდა, შინ შერცხვენილი დაბრუნდა. ალჟირელთა ვარსკვლავურმა შემადგენლობამ ვერ აჩვენა ის თამაში, რომელიც გვანახა წინა მუნდიალზე. სამწვრთნელო შტაბი შეცდა, როცა გაბონში არ წაიყვანა სოფიან ფეგული, მაჰრეზმა კი ძირითადად ისეირნა, როგორც ამ ბოლო დროს პრემიერლიგში. პირველ მატჩში დუბლი საქმეს არ შველის. ის დუმდა მაშინ, როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
გავარდა კოტ დივუარი.

გასაგებია, რომ დიდიე დროგბას და იაია ტურეს გარეშე ძალიან ძნელია, მაგრამ იქ იყო ვილფრიდ ზაჰა, იყო სოლომონ კალუ, სერჟ ორიე, იყო ერიკ ბაილი და "სპილოებს" მეტი მართებდათ. ეგაა, მათი თამაში კიდევ უფრო ნელი გახდა, ვიდრე ადრე იყო და ინგლისის ყოფილი იმედი ზაჰა ჯერაც ვერ შეეგუა "ახალი" სამშობლოს პირველ გუნდს.

მოულოდნელობად უნდა ჩაითვალოს ჯგუფში გაბონის ჩარჩენა. ჯერ ერთი, მასპინძლებს აფრიკაში ყველანაირად ეხმარებიან. მეორეც, სწორედ მასპინძელთა რიგებში თამაშობდა ტურნირის უპირველესი ვარსკვლავი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი. ხოსე ანტონიო კამაჩომ თავი ვერ გაართვა დაკისრებულ ამოცანას. როგორც ჩანს, ესპანელი მწვრთნელის მზე საბოლოოდ ჩაესვენა.

Sportall.Ge

აღმოჩენა
ტურნირის აღმოჩენად უნდა ჩაითვალოს ტუნისის ეროვნული ნაკრები. ჰენრიკ კასპერჩაკის შეგირდებმა ჯგუფში ალჟირის ნაკრები ჩატოვეს. ეს კი იოლი საქმე სულაც არაა. რაც მთავარია, ტუნისელები გამოცდილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ძალიან ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობენ.


როცა ტუნისზე ვწერთ, დაცვის ხაზთან ერთად აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ორი შემტევი - "სანდერლენდის" ვაჰბი ჰაზრი და ყატარულ "ლეხვიაში" მოთამაშე იუსეფ მსაქნი. ეს ზეტექნიკური ფეხბურთელი აზიაში ძალიან ბევრს გამოიმუშავებს და ევროპაში, დიდი ალბათობით, შეგნებულად არ მოდის, თორემ ძალიან ბევრ გუნდს გამოადგებოდა.

როგორ არ ვახსენოთ ბურკინა ფასო. იქ ახალ ტალანტს, ბერტრან ტრაორეს ძველი, ყოჩაღი ბიჭები დახვდნენ - კაბორე, პიტროიპა და სხვები.

საუკეთესო ფეხბურთელი
მართალია, ჯგუფურ ეტაპზე ძალიან შედეგიანად და ხარისხიანად ითამაშა ყაზახური "ასტანასა" და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების შემტევმა, ჟუნიორ კაბანანგამ, მაგრამ ჩვენი აზრით, საუკეთესო მაინც სენეგალის ნაკრების ლიდერი, სადიო მანე იყო.

მანემ გაუტანა ტუნისს და ზიმბაბვეს. ბოლო ტურში სენეგალს არაფერი სჭირდებოდა და მწვრთნელებმა ის დაასვენეს, თორემ არ არის გამორიცხული, ალჟირის ნაკრების კარიც აეღო. ამ ტურნირზე ეს მაინცდამაინც საძნელო საქმე არ იყო.

მანე ძალიან აკლია "ლივერპულს" (ბევრი სპეციალისტი იანვარში იურგენ კლოპის გუნდის ჩავარდნის მთავარ მიზეზად სწორედ მის არყოფნას ასახელებს), მაგრამ მას ძალიან ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, კლუბში არ ეჩქარება. სენეგალი ძალიან კარგია და, რა გასაკვირია, რომ მანეს ტიტული უნდა. ის ყველა ეპიზოდში ბოლომდე იხარჯება.

Sportall.Ge

მართლა ლომები ყოფილან...
ერთგვარ სიმპატიას იმსახურებს კამერუნის ნაკრები. ჟოელ მატიპის მეთაურობით რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა სამშობლოს საკლუბო ინტერესები ანაცვალა, მაგრამ ამის მიუხედავად გუნდი მაინც გავიდა პლეი ოფში.

კამერუნელებმა უკან მოიტოვეს გაბონისა და გვინეა-ბისაუს ნაკრებები. მათ პირველ-მეორე ადგილი გაიყვეს ბურკინა ფასოსთან.

A ჯგუფი
გაბონი-გვინეა-ბისაუ 1:1
ბურკინა ფასო-კამერუნი 1:1
გაბონი-ბურკინა ფასო 1:1
კამერუნი-გვინეა-ბისაუ 2:1
კამერუნი-გაბონი 0:0
გვინეა-ბისაუ-ბურკინა ფასო 0:2

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბურკინა ფასო 3 1 2 0 4-2 5
2. კამერუნი 3 1 2 0 3-2 5
3. გაბონი 3 0 3 0 2-2 3
4. გვინეა-ბისაუ 3 0 1 2 2-5 1

B ჯგუფი
ალჟირი-ზიმბაბვე 2:2
ტუნისი-სენეგალი 0:2
ალჟირი-ტუნისი 1:2
სენეგალი-ზიმბაბვე 2:0
სენეგალი-ალჟირი 2:2
ზიმბაბვე-ტუნისი 2:4

თ მ ფ წ ბ ქ
1. სენეგალი 3 2 1 0 6-2 7
2. ტუნისი 3 2 0 1 6-5 6
3. ალჟირი 3 0 2 1 5-6 2
4. ზიმბაბვე 3 0 1 2 4-8 1

C ჯგუფი
კოტ დივუარი-ტოგო 0:0
დრ. კონგო-მაროკო 1:0
კოტ დივუარი-დრ. კონგო 2:2
მაროკო-ტოგო 3:1
მაროკო-კოტ დივუარი 1:0
ტოგო-დრ. კონგო 1:3

თ მ ფ წ ბ ქ
1. დრ. კონგო 3 2 1 0 6-3 7
2. მაროკო 3 2 0 1 4-2 6
3. კოტ დივუარი 3 0 2 1 2-3 2
4. ტოგო 3 0 1 2 2-6 1

D ჯგუფი
განა-უგანდა 1:0
მალი-ეგვიპტე 0:0
განა-მალი 1:0
ეგვიპტე-უგანდა 1:0
ეგვიპტე-განა 1:0
უგანდა-მალი 1:1

თ მ ფ წ ბ ქ
1. ეგვიპტე 3 2 1 0 2-0 7
2. განა 3 2 0 1 2-1 6
3. მალი 3 0 2 1 1-2 2
4. უგანდა 3 0 1 2 1-3 1

ბომბარდირები: 3 - კაბანანგა (დრ. კონგო); 2 - ობამეიანგი (გაბონი), მაჰრეზი (ალჟირი), მანე (სენეგალი), სლიმანი (ალჟირი), სლიტი (ტუნისი).

პლეი ოფი. 1/4 ფინალი
28 იანვარი
ბურკინა ფასო-ტუნისი 20:00
სენეგალი-კამერუნი 23:00

29 იანვარი
დრ.კონგო-განა 20:00
ეგვიპტე-მაროკო 23:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული