ლუიშ ფიგუმ ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა

AutoSharing Option
"ბარსელონას", მადრიდის "რეალისა" და მილანის "ინტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ლუიშ ფიგუმ განაცხადა, რომ ფიფას პრეზიდენტობა სურს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის არჩევნები ციურიხში 29 მაისს გაიმართება.

ფიფას მოქმედი პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის გარდა, რომელიც ორგანიზაციას სათავეში 1998 წლიდან უდგას, არჩევნებში მონაწილეობას ფიფას ყოფილი ფუნქციონერი ჟერომ შამპანი, ფიფას ვიცე-პრეზიდენტი, პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი, ყოფილი ფეხბურთელი დავიდ ჟინოლა და ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი მიხაელ ვან პრაგიც აპირებენ.

"ჩემთვის ფეხბურთი სულერთი არაა. ახლა კი ვხედავ, როგორ ილახება ფიფას იმიჯი. ეს პროცესი წლებია გრძელდება, რაც ძალიან
არ მომწონს. 

თუკი დღეს ინტერნეტში, საძიებო ველში სიტყვა "ფიფას" შეიყვანთ, პირველი, რასაც ნახავთ, ეს სკანდალებია, არავითარი პოზიტივი. პირველ რიგში, ეს უნდა შეიცვალოს. ფეხბურთი მეტს იმსახურებს.

ვესაუბრე ფეხბურთთან დაკავშირებულ უამრავ ადამიანს - ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, კლუბის პრეზიდენტებს. ყველა ამბობს, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. შესაცვლელია ხელმძღვანელობა, მართვის სისტემა, გამჭვირვალობა, სოლიდარობა. ამისთვის კი ხელსაყრელი დრო დადგა.

ბლატერი? ის პატივსაცემი ადამიანია, რომელიც ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს, თუმცა ჩემთვის გამოწვევაა ის, რომ ადამიანები ავიყოლიო. ფეხბურთში ხშირად ხდება, რომ უფრო ძლიერ გუნდს ეთამაშები, მაგრამ მაინც იმარჯვებ. ამაშია სპორტის სილამაზე; ასევე - იმ მარათონშიც, რომელშიც ვერთვები", - თქვა პორტუგალიელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული