რიად მაჰრეზი აფრიკის 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
რიად მაჰრეზი BBC-მ 2016 წლის აფრიკის წლის ფეხბურთელად დაასახელა. ალჟირელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგს, ანდრე აიუს, სადიო მანესა და იაია ტურეს აჯობა.

გასაკვირი არც არის, რომ პრემიერლიგის წლის მოთამაშედ დასახელებულმა მაჰრეზმა ეს ჯილდოც დაისაკუთრა, რადგან 25 წლის მოთამაშე "ლესტერს" სასწაულის მოხდენაში ძალიან დაეხმარა. "მელიებმა" ინგლისის ჩემპიონატი დიდწილად, სწორედ მისი გოლებითა და საგოლე გადაცემებით მოიგეს (17 გოლი, 11 პასი).

"ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თითოეული აფრიკელი მოთამაშისთვის ამ ჯილდოს მოგება განსაკუთრებული რამაა. ბედნიერი და ძალიან ამაყი ვარ. დიდი მადლობა ფანებს, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ. ამ
ჯილდოს ალჟირელ გულშემატკივრებსა და ჩემს ოჯახს ვუძღვნი" - განაცხადა მაჰრეზმა.

ლესტერშირელთა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ თავისი გუნდის ლიდერს ეს წარმატება მიულოცა და იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ უერთგულა მაჰრეზმა "მელიებს".

"მინდა, რომ მან ასევე გააგრძელოს, ასეთ ფანტასტიკურ ფეხბურთელად დარჩეს და კიდევ უფრო დიდ წარმატებებსაც მიაღწიოს. იგი ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. აღარ ვლაპარაკობ მის დონეზე, მონაცემებზე… იგი ყოველდღიურად უმატებს. ყოველთვის მზად არის, გუნდისთვის მსხვერპლზე წავიდეს. რატომ დარჩა მაჰრეზი? იმიტომ, რომ რიადისთვის გარკვეული ფასეულობებია მნიშვნელოვანი და მას სურდა, "ლესტერთან" ერთად ეს ზღაპრული თავგადასავალი გაგრძელებულიყო. თუ ჩემპიონთა ლიგისკენ გავიხედავთ, ეს თავგადასავალი გრძელდება კიდეც" - თქვა რანიერიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული