უარყოფითი შეფასება

AutoSharing Option
შაბათს თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი 16 წლამდე კალათბურთელთა შორის. საქართველოს კადეტთა ნაკრებმა 7 მატჩიდან ერთი მოიგო, რაც დადებით შედეგად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

მოუთმენლად ველოდით გუნდის საქართველოში დაბრუნებას, რათა მთავარი მწვრთნელისგან, გია კაზანჯიანისგან გაგვეგო წარუმატებლობის მიზეზები. მასთან ინტერვიუ გუშინ ჩავწერეთ. თავდაპირველად ზოგადი აზრის გამოთქმა ვთხოვეთ:

- გამოსვლა ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად უნდა შეფასდეს. 1 მატჩი მოვიგეთ და 6 წავაგეთ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გუნდის შენება ახალი დაწყებულია და თურქეთის ტურნირი ჩვენთვის პირველი გასვლა იყო. ასევე უნდა ითქვას - თურქეთის ტურნირში ძლიერმა შემადგენლობამ
მოიყარა თავი, არა მხოლოდ ევროპის, მსოფლიოს საუკეთესო გუნდები მონაწილეობდნენ. გარდა იმისა, რომ ახალშეკრებილი გუნდი გვყავდა, თურქეთში ჩასვლის შემდეგ სერიოზული პრობლემები შეგვექმნა.

- კერძოდ?
- პირველი თამაშის მერე სრული შემადგენლობით ერთ მატჩზეც ვერ გავედით. 3-4 კალათბურთელი ყოველ შეხვედრაზე გვაკლდა. ამის მიზეზი ავადმყოფობა იყო - ბიჭებს ვირუსი შეხვდათ.

- სრული შემადგენლობა რომ გყოლოდათ, თუ შეძლებდით უკეთესი შედეგის ჩვენებას?
- საფრანგეთსა და ჩინეთს ნამდვილად ვერ მოვუგებდით, ბულგარეთთან და პუერტო რიკოსთან კი შეიძლებოდა თანაბრად თამაში.

- ბულგარელმა ვეჟენკოვმა ქარველებთან მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა...
- კარგი კალათბურთელია, ფიზიკურად ძლიერი, ფარქვეშაც ბრძოლობდა და სროლის სიზუსტეც არ დაეწუნებოდა.

- ირანთან პირველი მატჩი ნორმალურად ჩაატარეთ, მაგრამ მესამე პერიოდში გუნდს სერიოზული ჩავარდნა მოუვიდა, ქულა ვერ ჩააგდო. რისი ბრალი იყო?
- პირველი მიზეზი შემადგენლობის სიმცირე იყო. ჩინეთთან მატჩში ტომარაძემ წელის ტრავმა მიიღო, მაღალი სიცხეები ჰქონდათ ბოლქვაძეს, ჯაყელს, პულუზაშვილსა და ლილუაშვილს. ამ უკანასკნელმა ყველა მატჩი სიცხიანმა ჩაატარა. შესაბამისად, მატჩის მსვლელობისას კალათბურთელები რომ დაიღლებოდნენ, მათ ვერ ვცვლიდით და ჩავარდნის მიზეზიც ეს გახლდათ. რამდენიმე მატჩი 8 კალათბურთელით ჩავატარეთ.

- ჯგუფურ ეტაპზე ირანთან დამარცხდით, თუმცა ამ გუნდს საკლასიფიკაციო მატჩში მოუგეთ. შეიძლება ერთგვარ პროგრესზე ლაპარაკი?
- ბიჭებმა იცოდნენ, რომ მეტოქის ძლევა შეიძლებოდა და ირანთან მეორე მატჩზე უფრო თავდაჯერებულები გავიდნენ, მოგებამ მათ თვითრწმენა შემატა.

- ირანელებს თუ არ ჩავთვლით, მოხსნებში ყველა მეტოქემ გვაჯობა...
- შარშანდელ 16-წლამდელთა გუნდში ორ მეტრს გადაცილებული ხუთი კალათბურთელი გვყავდა. დღეს კი ყველაზე მაღალი 200 სმ. სიმაღლისაა. 1995-წელს დაბადებულთა თაობაში ტანმაღალი კალათბურთელები არ არიან. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩინეთის ნაკრების გამთამაშებელი 195 სმ სიმაღლისა, ცენტრი - 215 სმ.

- სიტყვამ მოიტანა და გკითხავთ, როგორ მოახერხეს ჩინელებმა შეჯიბრების მოგება?
- მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, არაერთ ნაკრებზე ერთი თავით მაღლა იდგნენ. ფინალში თურქეთს, მართალია, მინიმალური სხვაობით მოუგეს, მაგრამ შეხვედრის მსვლელობისას 10-15 ქულითაც დაწინაურდნენ. მოსაგები თამაში ჰქონდათ და გაიმარჯვეს კიდეც. წარმოიდგინეთ, რამდენად მაღლა უნდა იდგე, რომ თურქეთში ადგილობრივ ნაკრებს აჯობო.

- ცხადია, ჩინელებს მეტი არჩევანი აქვთ. საქართველოს კადეტთა ნაკრებში თუ იყო ოპტიმალური შემადგენლობა? ზოგის თქმით, კადეტთა შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული "ქუთაისიდან" შეიძლებოდა კალათბურთელების წაყვანა.
- ქუთათურებმა ჩემპიონატი მაისში მოიგეს. მას მერე მათ ასაკი მოემატათ და ახლა ჭაბუკთა ნაკრებში უნდა ითამაშონ. რაც შეეხება სელექციას, თურქეთში სადღეისოდ 1995 წელს დაბადებულთა საუკეთესო შემადგენლობა გვყავდა წაყვანილი. ისინი 20-კაციანი გაფართოებული შემადგენლობიდან შევარჩიეთ. გამგზავრებამდე შეკრება დუშეთში გავიარეთ.

- თურქეთში ანგარიშში დაფიქსირებული სხვაობებიც მეტყველებს, რომ მეტოქეები ძალიან გვისწრებენ. რა არის ამის მიზეზი?
- შარშანდელთან შედარებით სუსტი თაობაა. თან ტანმაღალი კალათბურთელების დეფიციტია. შეიძლება, არის ნიჭიერი მოთამაშე, მაგრამ მას ელემენტარული საფუძველი, ტექნიკური არსენალი არ აქვს. ნაკრებში კი ისეთი მოთამაშე უნდა მოხვდეს, რომელმაც მეტი იცის. ნაკრების მწვრთნელმა ელემენტარულ წვრილმანებზე მიშაობაში დრო არ უნდა დაკარგოს. კალათბურთელთა სწორად აღზრდას კლუბებში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.

- თურქეთის ტურნირი ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მოსამზადებელი ეტაპი იყო. თუ არის რესურსი, რომ ზაფხულამდე გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდეს?
- კადეტთა ნაკრები საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატში თამაშობს. შესაბამისად, გუნდი კიდევ უფრო შეთამაშდება. ამასთან, გვექნება რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა და B დივიზიონის მატჩებს სათანადო კონდიციებში შევხვდებით. რაც შეეხება შემადგენლობას, ზემოთ ნახსენები 20-კაციანი სიიდან საუკეთესოებს შევარჩევთ. ამასთან, ვეცდებით რუსეთიდან ჩამოვიყვანოთ ტანმაღალი ქუთაისელი უჩა გამრეკლიძე, რომელიც ორი წლის წინათ საქართველოში თამაშობდა, შემდეგ კი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და სარატოვის "ავტოდორის" კადეტთა გუნდში თამაშობს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენი ხანია კარგი ზღაპარი აღარ მომისმენია:):):)
gigi
12:42 18-02-2011
0

სიახლეები პოპულარული