სუპერლიგა 2016-17. XXI ტური: "დინამოს" შედეგიანი ეპილოგი

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში XXI ტურის შეხვედრები გაიმართა. "ქუთაისთან" გამარჯვებით "დინამომ" სატურნირო ცხრილში ლიდერობა და რეგულარულ გათამაშებაში პირველი ადგილი გაიმყარა.

10 მარტი, ქუთაისი
ქუთაისი-დინამო 78:90
16:30, 28:15, 11:19, 23:26
"ქუთაისი": ცეკვავა (9ქ), ცინცაძე (19ქ), გ. ბარბაქაძე (9ქ), ლომოური (12ქ), ტუბაკი (4ქ, 6მ), ბოისა (2ქ), ფაშაევი (14ქ), ქადარია, ბექაური (9ქ)
"დინამო": ვონი (22ქ,8პ), ლონდარიძე (11ქ), ფაცაცია (18ქ, 7მ,6პ), მარავიჩი (18ქ,6მ), გოგოძე (4ქ), გრძელიძე, ჭოჭუა, რევაზაშვილი, ბერიშვილი (16ქ)
მსაჯები: ი.ბერიშვილი, დ.ბერიშვილი, მ.ვართანოვი

"ქუთაისი" "დინამოს" გადაჭედილი დარბაზითა და რევანშის წყურვილით დაუხვდა. ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ
ქორქიას სახელობის დარბაზში საოცარი საკალათბურთო გარემო იყო შექმნილი, რაც საინტერესო მატჩის მოლოდინს ქმნიდა. მიმდინარე სეზონში კოტე ტუღუშის გუნდისთვის "დინამო" აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა, წლეულს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები დედაქალაქელებს სუპერლიგაზე მესამედ დაუპირისპირდნენ და სამივე შეხვედრაში დამარცხდნენ.

მესამე წრის მატჩი საკმაოდ თანაბარი, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველ პერიოდში უპირატესობა "დინამომ" მოიპოვა, მეოთხედის ბოლოს მეტოქეს 12:0 გაქცევა მოუწყო და 14 ქულით დაწინაურდა - 16:30.

მატჩის მეორე პერიოდი კოტე ტუღუშის შეგირდებმა აღმავლობით დაიწყეს, ისინი სამწამიან ზონაშიც გააქტიურდნენ და პერიმეტრიდანაც კარგად ისროდნენ. ლომოურმა, ბარბაქაძემ და ცინცაძემ დროული სამქულიანები მიითვალეს, კარგად ირჯებოდნენ ცეკვავა და ბექაურიც, შედეგად ქუთაისმა 18:0 გაქცევით "დინამო" მდევრის როლში ჩააყენა - 34:30.

შეხვედრა თანაბარ პაექრობაში გაგრძელდა. "ქუთაისი" მცირედ უპირატესობას ინარჩუნებდა, მაგრამ ლონდარიძის ორქულიანისა და ფაცაციას ზუსტი საჯარიმოების შედეგად "დინამომ" ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო (44:45).

მატჩის სცენარი დიდი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა, გუნდები ერთმანეთს ქულა-ქულაში მისდევდნენ. "დინამომ" გადამწყვეტ პერიოდში 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (69:75), თუმცა ზაურ ფაშაევის "ენდვანისა" და ზუსტი სამქულიანის შემდეგ ანგარიში ისევ გათანაბრდა - 75:75.

გადამწყვეტი ბოლო წუთები გამოდგა. მატჩის დასრულებამდე 2:35 წუთი იყო დარჩენილი, როცა ვონმა მიჯრით 5 ქულა ჩააგდო. ამას ბერიშვილის სამქულიანი მოჰყვა, შემდეგ კი ზუსტი სამიანით კვლავ ვონმა გამოიჩინა თავი. "დინამოს" მიერ ბოლო წუთებზე მოწყობილმა 11:0 გაქცევამ მატჩის ბედი გადაწყვიტა. დარჩენილ 55 წამში "ქუთაისმა" თამაშის შემობრუნება ვეღარ შეძლო და საბოლოოდ, 12 ქულის სხვაობით დამარცხდა.

სტატისტიკა არ ტყუის. მატჩის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, პირველ რიგში, "დინამოს" უპირატესობა ორქულიან სროლებში აქვს. დინამოელებმა 39 მცდელობიდან კალათში 22 ბურთი მოათავსეს (56.41%), როცა მათმა მეტოქემ მხოლოდ 14 ორქულიანი მიითვალა (46.67%), ძირითადად. სწორედ ამ კომპონენტის წყალობით მიაღწია "დინამომ" გამარჯვებას. რაც შეეხება სამქულიან სროლებს, ქუთაისელებმა შორი დისტანციიდან მეტოქეზე 3-ით მეტი სამიანი (13) ჩააგდეს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ კალათისკენ 32-ჯერ გაუშვეს ბურთი (40.62%), მაშინ, როცა თბილისელების 18 სროლიდან 10 ზუსტი გამოდგა (55.56%); დინამოელებმა საჯარიმოებიც უკეთ ისროლეს და რაღა გასაკვირია, რომ საბოლოოდ, გამარჯვება მათ დარჩათ.

გამორჩეული. მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ დეონტა ვონი გახლდათ. "დინამოს" ლიდერმა 22 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 19 ქულა დააგროვა ლევან ფაცაციამ, კარგად ითამაშა ნიკოლა მარავიჩმაც, რომელიც"დინამოს" 18 ქულით შეეწია. ქუთაისელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 19 ქულით გიორგი ცინცაძე გახლდათ.

11 მარტი, თბილისი
კაკტუსი-რუსთავი 75:89
12:24, 19:27, 23:24, 21:14
კაკტუსი: უაითი (7ქ), ჩიკვილაძე (11ქ, 5მ, 3პ), ჩლაიძე (8ქ), ლოლიშვილი (6ქ), ბრიჯმენი (13ქ, 10მ, 3პ), ბააკაშვილი (2ქ), დ. ლომიძე (13ქ), ფლოვიესი (13ქ, 10მ, 3დ), ნ. ლომიძე (2ქ).
რუსთავი: ქიტოშვილი, ლი (12ქ, 7პ), წიქარიშვილი, ჩაჩანიძე (13ქ), ათუაშვილი (17ქ, 8მ), კასპერბაუერი (12ქ), სპანოლო (18ქ, 6მ), ბრიგსი (17ქ, 6მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.

გადამწყვეტი. "კაკტუსს" 21 ტურის შემდეგ 13 წაგება დაუგროვდა და მხოლოდ 1 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონაში მყოფ "ბათუმს". დიდი მცდელობის მიუხედავად, კაკტუსელებმა რუსთაველებთან ვერაფერი გააწყვეს: "რუსთავის" კალათბურთელებმა თავიდანვე შედეგიანი თამაში აჩვენეს, პირველი პერიოდი 24:12, ხოლო მეორე - 27:19 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 20-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ...

სტატისტიკა არ ტყუის. ქვემოქართლელებმა მეტოქეზე 5-ით მეტი ორქულიანი და 2-ით მეტი სამიანი ჩააგდეს, რითაც რამდენიმე კომპონენტში "კაკტუსთან" ჩამორჩენა კარგად გადაფარეს. მაგალითად: თბილისელებმა გაცილებით ნაკლები შეცდომა დაუშვეს - 11:17, გაცილებით მეტი ქულა ჩააგდეს მეტოქის შეცდომებით - 19:8...

გამორჩეული. გამარჯვებული გუნდიდან ძალიან რთულია ერთი კალათბურთელის გამორჩევა. გადახედეთ ოქმს და თავად შეარჩიეთ საუკეთესო...

11 მარტი, თბილისი
მგზავრები-სოხუმი 77:65
18:18, 21:20, 24:10, 14:17
მგზავრები: ფხაკაძე (14ქ, 7მ, 5პ), ცირეკიძე, ლომინაშვილი (12ქ, 9მ), ტურძელაძე (3დ), ტეილორი (4ქ, 9მ, 3პ), მერფი (3ქ), ალენი (20ქ, 7მ), რენსომი (24ქ).
სოხუმი: კვეტენაძე (3ქ), კოკა ტომარაძე (4ქ), ბოქოლიშვილი (2ქ), ჯგერენაია (8ქ), დ. ბარბაქაძე (3ქ), ლათანი (21ქ, 10მ, 3პ), ბულიავა (12ქ), ტიშენკო (6ქ, 9მ), ზაბირჩენკო (2ქ), ვუდსონი (4ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე

გადამწყვეტი. მესამე პერიოდი რომ დაიწყო, ტაბლოზე "მგზავრების" სასარგებლოდ 39:38 ეწერა. სწორედ დიდი შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ იფეთქა ბუბა ბერიშვილის გუნდმა, 21:4 გაიქცა და "სოხუმი" ვეღარ დაეწია.

მატჩის სურათზე საუბრისას სოხუმელთა უკრაინელმა მწვრთნელმა ვიტალი ჩერნიმ თქვა, ეს იყო "ველური" კალათბურთიო:

- "ველური" იმიტომ, რომ მოედანზე ქაოსი იყო. ჩვენთანაც და მოწინააღმდეგე გუნდთანაც. ვეცადეთ, თუმცა ყველას არ შეეძლო ბოლომდე გაეძლო. ამიტომაც მივიღეთ ის შედეგი, რაც ტაბლოზე დაფიქსირდა. წინ კიდევ ერთი წრეა და ვეცდებით, გამოვასწოროთ. ყველა თამაშს ოქროს ფასი ექნება, თუმცა არ ვაპირებთ მოდუნებას და ხელების ჩამოშვებას.

სტატისტიკა არ ტყუის. "სოხუმი" პერიმეტრიდან ტყორცნებით გამორჩეული გუნდია, თუმცა "მგზავრებთან" სამქულიანების მხოლოდ 17 პროცენტი გამოიყენა - 23-დან 4 ჩააგდო. საპირისპიროდ, ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა პერიმეტრიდან 56-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნეს - 18-დან 10.

გამორჩეული. ოთარ ფხაკაძემ 5-დან 3 სამიანი გამოიყენა, კაჰიმ რენსომმა 4-დან 3, კორი ალენმა 6-დან 4... რენსომსა და ალენზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ასეთი თამაშით ოთარ ფხაკაძე კი იმსახურებს ნაკრების მწვრთნელის, ილიას ზუროსის ყურადღებას.

10 მარტი, ბათუმი
ბათუმი-ოლიმპი 74:83
16:21, 15:16, 29:28, 14:18
ბათუმი: ჯინჭარაძე (11ქ, 8მ), ლეჟავა (11ქ, 4პ), ლ. რევაზაშვილი (3ქ), თენიეშვილი (2ქ, 3პ), კრივცოვი (19ქ, 9მ), რამიშვილი, მაისურაძე (3ქ), შემოსიუკი (25ქ).
ოლიმპი: გ. ბაქრაძე (10ქ, 3პ), ბურნეთი (28ქ, 13მ, 3ჩ), ბოლქვაძე (2ქ), როგავა (20ქ, 5მ, 3პ), გეგი ბაქრაძე, მიქელაძე (12ქ, 9პ), მასხულია, პიჩფორდი (9ქ), შლიცერი (2ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე.

გადამწყვეტი. მატჩის დასრულებას ზუსტად 2 წუთი უკლდა, ბათუმელმა ილია შემოსიუკმა ორქულიანით "ბათუმელთა" ჩამორჩენა 4 ქულამდე რომ შეამცირა (74:78). ამ დროში ოთხქულიანი სხვაობის აღმოფხვრა სულაც არ არის რთული, თუმცა "ოლიმპმა" ისევე, როგორც მთლიანად მატჩი, ბოლო წუთებიც სტაბილურად ჩაატარა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

სტატისტიკა არ ტყუის. "ბათუმმა" 14 შეცდომა დაუშვა. ეს არცთუ ისე ბევრია, "ოლიმპს" სულაც 7 დაკარგვა ჰქონდა. ლოგიკურია, რომ ასე აკურატულად მოთამაშე გუნდი მოიგებდა კიდეც.

გამორჩეული. ტრე ბურნეთი (28 ქულა), რეზო როგავა (20 ქულა) და ირაკლი მიქელაძე (12 ქულა, 9 პასი) - აი გამარჯვების შემოქმედი ტრიო.

დავით კოხრეიძე
ვაჟა სიმონიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული