ბრწყინვალე გიორგი შერმადინი - "ანდორამ" "რეალს" მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაში გრძელდება. ამჯერად, ანდორელთა ქართელ ცენტრს გარჯა დაუფასდა და 26 მაისს, მისმა გუნდმა მადრიდის "რეალთან" პლეი ოფის 1/4-ფინალური სერიის მეორე მატჩში გამარჯვება მოიპოვა - 89:77.

შეგახსენებთ, რომ "ანდორამ" რეგულარული ჩემპიონატის მომგებ "რეალთან" ორი დღის წინ უშანსოდ წააგო, თუმცა საპასუხო შეხვედრაში შერმადინის წინამძღოლობით გამარჯვებას მიაღწია და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

შერმადინი "რეალთან" განსაკუთრებით კარგად თამაშობს. მიმდინარე სეზონის ხუთივე მატჩში ქართველმა ცენტრმა საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, თუმცა ანდორელებმა სამი შეხვედრა ოვერტაიმში წააგეს, ბოლო დღეებში კი პლეი ოფის მატჩებიდან ერთი წააგეს და
ერთიც - ბოლო შეხვედრა მოიგეს და შერმადინი კვლავ საუკეთესო გახლდათ.

სამწუხაროდ, გასულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ანდორელთა მეორე ქართველ ლეგიონერს, ბექა ბურჯანაძეს, რომელსაც ფეხის ტრავმის მკურნალობა გაუგრძელდა.

შერმადინი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 27:30 წუთში 19 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 დაფარება მიითვალა. გიომ 12-დან 8 ორქულიანი დ 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და თამაშის მიწურულს 1 სამქულიანიც ტყორცნა, თუმცა, ააცილა. ქართველმა ცენტრმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინი ერთადერთი იყო, ვინც ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

თამაშის დაწყებამდე გიორგის ერთბაშად ორი პრიზი გადასცეს. თავდაპირველად, მას ესპანეთის ჩემპიონატის მაისის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო უბოძეს, შემდეგ კი, იმისთვისაც დააფასეს, რომ სეზონის შედეგებით, ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

მასპინძელთაგან შედმადინის შემცვლელი სერბი ოლივერ სტევიჩიც გამოირჩა, რომელმაც თანაგუნდელ ენდრიუ ალბისის დარად 15 ქულა მიითვალა, ბერძენმა ტანასის ადეტოკუმბომ კი, რომელსაც ტრიბუნებიდან კვლავაც ქომაგობდა სახელოვანი ძმა იანისი, 12 ქულა მოაგროვა.

სტუმართაგან 15-15 ქულა არგენტინელმა ანდრეს ნოჩიონიმა და ამერიკულ-აზერბაიჯანული პასპორტების მქონე ჯეისი კეროლმა ჩააგდეს, ესპანური ლიგისა და ევროლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული სერხიო ლული კი ამჯერად, 12 ქულას დასჯერდა.

"რეალისა" და "ანდორას" დაპირისპირებაში ყველაფერს მე-3 მატჩი გაარკვევს, რომელიც 28 მაისს მადრიდშია დაგეგმილი და თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება. ამავე დღეს, 19:00 საათიდან ელის გადამწყვეტი დაპირისპირება თორნიკე შენგელიას "ბასკონიას", რომლიც მეტოქეც "გრან კანარიაა".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან მაგარი სეზონი ქონდა და ნამდვილად იმსახურებს ადგილს მინიმუმ ევროლიგის გუნდში(ბარსაა).
david
11:09 29-05-2017
0
ამას ქვია ხალხის სიყვარული, მეამაყები გიორგი
.....
22:42 27-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული