კინაღამ სენსაციები

AutoSharing Option
ყველამ იცის, რომ პლეი ოფი მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგულარული ჩემპიონატის მატჩებისგან. ნებისმიერ გუნდს შეუძლია შემოგვთავაზოს სიურპრიზი, რაშიც წლევანდელი პლეი ოფის პირველივე დღეს დავრწმუნდით.

აღმოსავლეთი
ჩიკაგო-ინდიანა 104:99
23:27, 28:28, 20:24, 33:20
ჩ: როუზი (39+6 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), დენგი (18+10 მოხსნა), ბუზერი (12+6 მოხსნა), ნოა (10+11 მოხსნა+3 დარაფება).
ი: გრეინჯერი (24+6 მოხსნა), ჰენსბრო (22), კოლისონი (17+9 პასი+6 მოხსნა), ჰიბერტი (11+8 მოხსნა).
სერია: 1-0

თითქმის ყველა ანალიტიკოსი ამ სერიაში "ინდიანას" "მშრალი" ანგარიშით წაგებას უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ "პეისერსმა" კინაღამ პირველივე დღეს შემოგვთავაზა სენსაცია. სტუმრებმა ყურადღება არ მიაქციეს
დერიკ როუზის აქტიურობას და თავიდანვე მოიპოვეს ინიციატივა. გრეინჯერი სამქულიანებს აგდებდა, ჰენსბრო ფარქვეშ იბრძოდა ჩვეულ სტილში, ხოლო კოლისონი უნარიანად უძღვებოდა თავისი გუნდის შეტევებს. "ინდიანას" სტარტზე მოპოვებული უპირატესობა თითქმის ბოლომდე არ გაუშვია ხელიდან.

"ჩიკაგოსთვის" ისიც მიღწევა იყო, რომ საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე მისი ჩამორჩენა სამ ქულას შეადგენდა. თუმცა იქვე, 57 წამის განმავლობაში ჰენსბრომ ზედიზედ შვიდი ქულა აიღო და თითქმის გადაწყვიტა მატჩის ბედი - 98:88 სტუმრების სასარგებლოდ.

მაგრამ სტუმრებმა ვერ შეძლეს მატჩის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. შეხვედრის დარჩენილ 218 წამში მათ თამაშიდან ერთი ბურთიც ვერ ჩააგდეს. დენგმა, ნოამ და როუზმა ზედიზედ ათი ქულა აიღეს და ანგარიში გათანაბრდა - 99:99. მატჩის გმირი კი კორვერი გახდა - თავიდან მან გარღვევაზე გასულ კოლისონს დაუფარა, 14 წამით ადრე კი როუზის პასი გამოიყენა და მატჩში თავისი მეოთხე სამქულიანი ჩააგდო, რომელიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.


მაიამი-ფილადელფია 97:89
19:31, 35:18, 26:20, 17:20
მ: ბოში (25+12 მოხსნა), ჯეიმსი (21+14 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), უეიდი (17+7 მოხსნა+5 პასი).
ფ: იანგი (20+11 მოხსნა), ჰოლიდეი (19+5 მოხსნა+5 პასი), ბრენდი (17+7 მოხსნა), უილიამსი (10).
სერია: 1-0

ასევე რთული გამარჯვება მოიპოვა "მაიამიმ" "ფილადელფიას" წინააღმდეგ. ფლორიდელებმა დებიუტი ჩააგდეს და პირველ შესვენებამდე 4 წუთითა და 11 წამით ადრე მათი ჩამორჩენა "სიქსერზთან" 14 ქულას შეადგენდა.

მასპინძლებმა მეორე მეოთხედში გამოასწორეს სიტუაცია. მათ კარგად გაართვეს თავი "ფილადელფიას" ერთ-ერთი ლიდერის - ანდრე იგუოდალას მეურვეობას და იმდენი შეცდომა დააშვებინეს, რამდენიც დანარჩენ ფილადელფიელებს ერთად აღებული ჰქონდათ. შესაბამისად, გასაკვირი არაფერი იყო იმაში, რომ მესამე მეოთხედის ბოლოსთვის სტუმრები 16 ქულას აგებდნენ. ინდიანელებს უჭირდათ ჯეიმსის, უეიდისა და ბოშის შეჩერება და ხშირად მათზე ჯარიმდებოდნენ - ამ სამეულმა თავისი ქულების 42 პროცენტი საჯარიმოს ხაზიდან დააგროვა: 33 ცდიდან 27 გამოიყენა.

თითქოს მატჩის დასასრული მშვიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯონსის სამქულიანის შემდეგ (ანგარიში გახდა - 88:75), მასპინძლების თამაში მოიშალა. მათი შვიდი შეცდომის წყალობით "ფილადელფია" 12:0 გაიქცა. მაგრამ ინტრიგამ მხოლოდ 84 წამი იცოცხლა. მოედანზე დაბრუნებულმა ბოშმა და უეიდმა 6:0 საპასუხო გაქცევით ზედმეტი ნერვიულობა ააცილეს თავიდან "მაიამის".


ორლანდო-ატლანტა 93:103
19:17, 29:38, 23:30, 22:18
ო: ჰოვარდი (46+19 მოხსნა), ნელსონი (26+7 მოხსნა).
ა: ჯონსონი (25+5 მოხსნა+5 პასი), კროუფორდი (23+5 პასი), ჰორფორდი (16+6 მოხსნა), სმიტი (15+8 მოხსნა).
სერია: 0-1


დასავლეთი
დალასი-პორტლენდი 89:81
21:22, 26:15, 14:20, 28:24
დ: ნოვიცკი (28+10 მოხსნა), კიდი (24+5 მოხსნა+6 პასი), ტერი (10).
პ: ოლდრიჯი (27+6 მოხსნა), მილერი (18+6 პასი), ბატუმი (14).
სერია: 1-0

დღის ტენდენცია გააგრძელა "პორტლენდმა" და ამ წყვილში ფავორიტად აღიარებულ "დალასს" დიდი პრობლემა შეუქმნა.

თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ მეორე 12-წუთეულში "მავერიქსს" შედეგი მოუტანეს სათადარიგოებმა - ტერიმ, მერიონმა, ჰეივუდმა და სტოიაკოვიჩმა. მათი წყალობით "დალასი" დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი სხვაობით წავიდა. ეს არ იყო გადამწყვეტი უპირატესობა, მაგრამ საფრთხეს "პორტლენდისთვის" ნამდვილად წარმოადგენდა.

როგორც ჩანს, ნეიტ მაკმილანმა საჭირო სიტყვები მონახა თავისი შეგირდების გასამხნევებლად და ხანგრძლივი შტურმი, რომელიც ბატუმმა, მილერმა და ოლდრიჯმა მოაწყვეს, ბოლო მეოთხედის შუაში 72:66-ზე დასრულდა - წინ სტუმრები იყვნენ. ჩამორჩენის შემცირება თავის თავზე დირკ ნოვიცკიმ აიღო - ბოლო მეოთხედში თავისი გუნდის 14 ქულა სწორედ მან ჩაიწერა აქტივში. ასევე აუცილებლად უნდა გამოვყოთ 38 წლის ვეტერანი ჯეისონ კიდის თამაში - მისი ექვსი სამქულიანი და 24 ქულა გახდა მასპინძლების პირველი გამარჯვების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი.


ნეში სანზში დარჩება
"ფინიქს სანზის" ვიცე-პრეზიდენტმა ლონ ბებიმ განაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვის გუნდი სერიოზულად აპირებს შემადგენლობის გადახალისებას, მაგრამ ამასთან, არ აპირებს ვარსკვლავ ვეტერანთან სტივ ნეშთან გამოთხოვებას. ბებიმ დაადასტურა, რომ კანადელი გამთამაშებელი "სანზს" ძალიან სჭირდება.

"ამ სეზონმა გვიჩვენა, რომ შემადგენლობაში კარდინალური ცვლილებებია საჭირო. რა თქმა უნდა, მოგვიწევს რამდენიმე კალათბურთელთან გამოთხოვება, თუმცა ეს სტივ ნეშს არ ეხება.

პირველ რიგში, გვჭირდება ისეთი მოთამაშე, რომელიც სტივს დატვირთვებს შეუმსუბუქებს, რადგან ასაკის გამო მას აღარ შეუძლია გუნდის მარტო "თრევა", - განაცხადა ბებიმ.

წელს "ფინიქსი" ვერ მოხვდა პლეი ოფში, რაც შეეხება ნეშს, ის რეგულარული ჩემპიონატის ლიდერი გახდა შედეგიანი გადაცემების რაოდენობით - 11.4.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული