ლიტვის ტურნირი: მივედით, გავიმარჯვეთ, ვნახეთ - მებრძოლი სული [VIDEO]

AutoSharing Option
- ლიტვა ჩვენი ჯგუფის კი არა, ევრობასკეტის ფავორიტია, - მითხრა გიორგი შერმადინმა კლაიპედური ტურნირის დაწყებამდე. საქართველოს ნაკრებმა პარასკევს ნახევარფინალში ჯერ ლატვია დაამარცხა, ფინალში კი ევრობასკეტის ფავორიტი - მასპინძელი ლიტვა!

საქართველოს ეროვნული გუნდის ისტორიაში აქამდე ტოპ-ნაკრებების ძლევის ბევრი მაგალითი ნამდვილად არ არის, 2013 წელს სერბეთი დავამარცხეთ საფრანგეთის ტურნირზე (75:72), 2015 წლის ევრობასკეტზე - ხორვატია - 71:58. შაბათს კი ბოლო ორი ევრობასკეტის ფინალისტ ლიტვას 81:70 ვაჯობეთ.

კლაიპედის ტურნირის დაჯილდოების ცერემონიალზე, რა თქმა უნდა, ქართველები დომინირებდნენ: ფინალური მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა თორნიკე შენგელია, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცა. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი კი ჩვენი ნაკრების ცენტრს - გიორგი შერმადინს ერგო. ტურნირის MVP ლიტვაში საქართველოს ელჩმა, ქალბატონმა ხათუნა სალუქვაძემ დააჯილდოვა.

საჩემპიონო თასი ამ მატჩში ჩვენი ნაკრების კაპიტანმა მანუჩარ მარკოიშვილმა ჩაიბარა.

კლაიპედაში გაჩემპიონება, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო სასარგებლო, ლიტვა ხომ ევროპის ჩემპიონატზეც ჩვენი მეტოქეა. დავინახეთ კიდევ უამრავი დადებითი ნიუანსი, რაზეც ქვემოთ ვილაპარაკებთ.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ დიდი დროა და საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი იდეალური ვერ იქნებოდა. ჰოდა, თუ ლიტვასთან მატჩისას დადებით ასპექტებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ლატვიასთან ნახევარფინალის განხილვისას უარყოფითი მხარეები ჩამოვთვალოთ და მათი გამოსწორების გზებზე ვთქვათ.

4 აგვისტო. კლაიპედა
"შვიტურის არენა"
საქართველო-ლატვია 73:69
15:17, 18:22, 22:13, 18:17

არ მეგულება ქართველი, ორმოებით ამოჩორკნილ გზაზე არ გაევლოს. ბოლო დროს ჩვენი გზები ფორმაში შედის, თორემ 2000-იანების დასაწყისში შეიძლება ჩავარდნილიყავი და ვერც ამოსულიყავი...

კალათბურთშიც ასეა, სანამ ფორმაში შეხვალ, ჩავარდნებს თავს ვერ დააღწევ. ლიტვაში, "შვიტურის არენაზე" ლატვიასთან მატჩისას თითქოს მოედანი იყო ადგილ-ადგილ უსწორმასწორო - ერთი კალათბურთელის შეცდომას მეორისა მოსდევდა, ერთი გუნდის ჩავარდნას - მეორისა.

ქართველებს ასეთ გზებზე სიარულის დიდი გამოცდილება გვაქვს, ლატვიასთან შედარებით გამოცდილი გუნდიც გვყავს და ქართველი ქომაგის გასახარად, ლიტვის ტურნირის პირველ დღეს ბალტიისპირელები 73:69 დავამარცხეთ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ჩავარდნები და შეცდომები იმიტომ არ მიხსენებია, რომ ვინმემ კუდი გამოაბას - ასეთი თამაშით ევრობასკეტზე რა გვესაქმებაო. სკეპტიკოსის თვალით აღჭურვილებმა შესაძლოა, პანიკის საფუძველიც დაინახონ, მაგრამ ეს უბრალოდ კალათბურთში ჩაუხედაობის მიზეზი იქნება.

როგორ შეიძლება გუნდის თამაშის ხარისხის გამო პანიკა შექმნა, როდესაც ოფიციალურ მატჩებამდე 25 დღე რჩება? საქართველოს ნაკრები დღეს რომ იყოს ოპტიმალურ ფორმაში, 31 აგვისტომდე დაღმასვლას თავს ვერ დააღწევს. ასევეა ლატვიის ნაკრები. მოვუსმინოთ მეტოქის მთავარ მწვრთნელ აინარს ბაგაცკისს:

- სტატისტიკის ყოველი გრაფა გვიჩვენებს, რომ გუნდი ჯერ ფორმაში არ არის. მზადება დიდი ხანი არ არის, რაც დავიწყეთ და ამიტომაცაა, რიტმს ვერ ვპოულობთ და ურთიერთქმედება გვიჭირს. ბევრი მომენტი იყო ისეთი, კალათბურთელები მოედანზე ერთმანეთს ვერ უგებდნენ, სროლისას მიზანს ვერ ვაღწევდით, არასწორ გადაწყვეტილებებს ვღებულობდით, შეცდომებს ვუშვებდით.

ეს
You must have Flash Player installed in order to see this player.
სიტყვები მზადების საწყის ეტაპზე მყოფ ნებისმიერ გუნდს შეესაბამება. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ბაგაცკისის ლატვიას - მეორე ტაიმში, საქართველოს - პირველ ტაიმში. ამ გუნდების ოფიციალური მატჩებიც ბოლომდე თანაბრად მიმდინარეობს ხოლმე. ამჯერადაც სწორედ აღმავლობა-ჩავარდნების თანაბარმა რაოდენობამ განაპირობა ის, რომ შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

რატომ არ ისროლა?
მატჩის პირველ ტაიმში საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრებს ბურთი პერიმეტრზე სატყორცნ პოზიციაში არაერთხელ მიუვიდათ, მაგრამ სროლას შესვლა ან ფარქვეშ პასის შესრულება ამჯობინეს. მატჩის მნახველ ბევრ გულშემატკივარს დაებადებოდა ერთი შეკითხვა - რატომ არ ისროლა?

ამის ორი მიზეზი უნდა ყოფილიყო: მწვრთნელის მითითება - თამაში ფარქვეშ გადავიტანოთ, ლატვიელებს ამ კომპონენტში დავჩაგრავთო. მათ ხომ არ ჰყავდათ ვარსკვლავი კრისტაპს პორზინგისი (სამხრეთ ამერიკაშია კემპზე).

და მეორე - როგორც ბაგაცკისმა თქვა, რიტმის პოვნა ჯერ ჭირს, შესაბამისად, წამის მეასედში თუ არ გადაწყვიტე სამქულიანის ტყორცნა, შემდეგ უკვე დაგვიანებული იქნება. დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, თვის ბოლოს ასეთი პრობლემები მინიმუმამდე დავა.

მანამდე კი... ლატვიასთან ქართველებს საწყის 19 წუთში სამქულიანი არ ჰქონდათ ჩაგდებული. ან როგორ უნდა ჩაგვეგდო, როდესაც ერთხელაც არ გვისვრია?

ჯამში 10 სამქულიანიდან მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ.

მაინც დაცვა
ლატვიას პირველ ტაიმში 4 სამქულიანი ჰქონდა რეალიზებული, რაც +12 ქულაა. სწორედ ასეთი სხვაობით დაწინაურდნენ ბალტიელები მეორე მეოთხედში (33:21), მას მერე საქართველოს ნაკრებმა დაცვა კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც უკვე ლატვიელთა შეცდომები მოჰყვა. თვალში გეცემოდათ მეტოქის შეტევითი ჯარიმები, რაც უმთავრესად ქართველთა მჭიდრო დაცვით იყო განპირობებული.

ილიას ზუროსის ფორმაციის საქართველოს ნაკრები იგორ კოკოშკოვისდროინდელისგან სწორედ დაცვითი აგრესიით განსხვავდება. მოწინააღმდეგის გამთამაშებელს ერთი ჩვენიანი მისსავე მოედნიდან ავიწროებს და თუ ეს თორნიკე შენგელიაა, ბურთის გადმოტანა კიდევ უფრო რთულდება.

გართულდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრის, გიორგი შერმადინის შეკავებაც, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ, ის კი ჯარიმას ჯარიმაზე აგდებდა და სხვაობას სწრაფად ამცირებდა. ჩვეული შესვლებით თორნიკე შენგელიამ არაერთი ქულა მოუპოვა გუნდს, ხოლო მესამე პერიოდის დასაწყისში მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანმა ჩვენი გუნდი შეტევაში კიდევ უფრო გახსნა.

გამოცდილებისა და რესურსის სწორად გადანაწილების წყალობით, ბოლო წუთებისკენ შეცდომების რაოდენობამაც იკლო, სერიოზული ჩავარდნაც აღარ მოგვსვლია და ამიტომაც გავიმარჯვეთ. ვინ ჩააგდო გადამწყვეტი ტყორცნა ან როგორ წარიმართა შეხვედრა ბოლო წამებზე, ამის მოთხრობა ძალიან შორს წაგვიყვანს. ვისაც აინტერესებს, თანამედროვე ეპოქაში თავისუფლად შეიძლება ინტერნეტში მატჩის პოვნა და მატჩის ხელახლა ხილვა...

5 აგვისტო, კლაიპედა
"შვიტურის არენა"
ლიტვა-საქართველო 70:81
21:25, 19:8, 19:25, 11:23

მეორე ნახევარფინალურ მატჩში მასპინძელმა ლიტვამ პოლონეთს დიდი გაჭირვებით, 59:58 სძლია და ფინალში ევრობასკეტის გახსნის პრელუდია ვიხილეთ: ლიტვა-საქართველო. სწორედ ეს გუნდები ითამაშებენ ისრაელში, 31 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

- წლების განმავლობაში საქართველო ჩვენთვის უხერხული მეტოქეა. ამხანაგურებსა თუ ოფიციალურ შეხვედრებში ყოველთვის დიდი პრობლემები გვექმნება. ქართველებს აკლდათ ზაზა ფაჩულია, რომლის დამატების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდებიან. ასევე დიდი ძალაა მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმას იბრუნებს. თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატშიც მითამაშია, ძალიან რთულია მისი შეჩერება. ასე რომ, დღეს სერიოზული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ძალიანაც კარგი - სწორედ ეს მატჩი გვიჩვენებს, ევრობასკეტამდე როგორ უნდა მოვემზადოთ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ, - "ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდ მინდაუგას კუზმინსკასს მშვენიერი კომპლიმენტი გამოუვიდა.

- საქართველო-ლიტვა. მწვრთნელებისა და მოთამაშეების კომენტარები [VIDEO]

რატომაც არა? მიღებულია! საქართველოს ნაკრებმა ხომ ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძისა და ბექა ბურჯანაძის გარეშე დაამარცხა ლიტველები. ვიქტორი ტრავმირებულია და ევრობასკეტზეც ვერ ითამაშებს. ზაზა ამერიკაში იყო და დღეიდან შეუერთდება გუნდს, ხოლო ბექას მუხლი აწუხებდა და 11 აგვისტოს  ჩეხეთთან თბილისში გასამართავი მატჩისთვის მწყობრში იქნება.

ლიტველთა დანაკლისზეც უნდა ვთქვათ: შვილი შეეძინა და საქართველოსთან ამიტომაც ვერ ითამაშა იონას ვალანჩუნასმა. რომც ეთამაშა, დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, გიორგი შერმადინს მაინც ვერ დაჩრდილავდა. ლიტველებს ასევე აკლდნენ იონას მაციულისი, დომანტას საბონისი და ახალი კაპიტანი მანტას კალნიეტისი.

ქართული ხასიათი
ზემოთ გუნდების დანაკლისზე დავწერე, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ზემოთ ნახსენები ოთხი ლიტველი გუნდისთვის იმაზე სასარგებლოა, ვიდრე ფაჩულია-სანიკიძე-ბურჯანაძე საქართველოსთვის.

საინტერესოა, რის ხარჯზე გავიმარჯვეთ? მწვრთნელმა ილიას ზუროსმა თქვა - ქართული, მებრძოლი ხასიათი დავინახეო. ეს პირველივე წუთებზე ნათლად გამოჩნდა. ჩვენი კალათბურთელები თითქოს ფეხბურთს თამაშობდნენ და სწრაფი გოლის გატანას ცდილობდნენო, პირველივე წუთებზე გაორმაგებული ენერგიითა და მონდომებით შეუტიეს მასპინძლებს.

შერმადინის ზუსტ ტყორცნებს შენგელიას ეფექტური ჩატენვა მოჰყვა და ლიტველთა მთავარი მწვრთნელი იძულებული გახდა, წუთშესვენება მოეთხოვა. პირველივე მეოთხედში 10 ქულით დავწინაურდით და ქართველმა გულშემატკივარმა გამარჯვების სილუეტიც დალანდა. კალათბურთელებს ეს სილუეტი მანამდეც ჰქონდათ ნანახი და მწვრთნელთან ერთად კარგად ჰქონდათ გააზრებული გამარჯვებისკენ მიმავალი გზა.

მოკლედ, ქართულმა ხასიათმა შედეგი თავიდანვე გამოიღო. თუმცა მეორე ტაიმში თამაში ისე წავიდა, გრიგოლ რობაქიძის ნათქვამი გაგახსენდებოდათ (1962 წლის ჩემპიონთა თასის ფინალის მერე): ქართველები ემოციური ხალხი ვართ, ომშიცა და სპორტშიც თავიდანვე დიდი ძალებით ვეკვეთებით მტერს, საქმის ბოლომდე მისაყვანად კი ენერგია აღარ მოგვყვებაო...

საბედნიეროდ, საპირისპირო რამ დავინახეთ ლიტვასთან მატჩისას. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ჯერ სათანადო კონდიციებში არ არიან, მატჩი ისევე კარგად ჩაამთავრეს, როგორც დაიწყეს. თავად განსაჯეთ: მეოთხე პერიოდში 23:11 მოვიგეთ.

კლასი
კიდევ ერთი შეკითხვა - რის ხარჯზე მოვახერხეთ ლიტველთა მეოთხე რაუნდში გატეხვა? კლასის ხარჯზე: ლიტვასთან მატჩის ბოლო წუთებმა დაგვარწმუნა, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს აქვთ საიმისო გამოცდილება, რომ გადამწყვეტი მომენტისთვის ენერგია შემოინახონ, შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანონ, ხოლო ფსიქოლოგიურად იმდენად მომზადებულები შეხვდნენ კრიტიკულ მომენტს, რომ გადამწყვეტი ტყორცნა, თუნდაც ურთულესი მდგომარეობიდან, ზუსტად შეასრულონ. სხვა რა არის კლასი?!

63:62-ს რომ ვიგებდით, მანუჩარ მარკოიშვილმა თავის სტილში მეტოქის ხელიდან სამქულიანი ჩააგდო, მანვე სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა (68:63) და მას მერე მასპინძლებმა საქართველოს კალათისკენ გზა ვეღარ გაიგნეს.

პლუს-მინუსთა გრაფაში მანუს ყველაზე მეტი, +20 ეწერა.
მატჩის ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა - 19 ქულა.
ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი ცინცაძემ - 10 ქულა, 10 მოხსნა.
გიორგი შერმადინის 17 ქულასა და 12 მოხსნაზე არანაკლებ ფასეულია მისი 5 შედეგიანი გადაცემა.
მაიკლ დიქსონმა თავისი საქმე გააკეთა, 2 სამქულიანი და 12 ქულა.
ბოლო წუთებზე სამქულიანითა და 10 ქულით გამოირჩა დუდა სანაძე.
დანარჩენებს არ ჰქონდათ საიმისო დრო, რომ ბევრი რამ მოესწროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მივედით, გავიმარჯვეთ, ვნახეთ არანაირად არ გამოდის.
მივედით, ვნახეთ, გავიმარჯვეთ.
VENI, VIDI, VIСI.
Tanolife
22:22 07-08-2017
0
ლოგიკურია, ჯერ უნდა მიხვიდე რომ ნახო, რომ მიხვალ და ნახავ მერე გაიმარჯვებ. ამათმა მოინდომეს ნახვის გარეშე გამარჯვება რა. ეგრე სად არის :)
ლუკა კუ
10 აგვისტო 2017 02:53
0
რომ გადაყევით ამ უიმედო ფეხბურთს (და ასობით მილიონ ლარს ახარჯავთ), 10-ჯერ მეტად დააფინანსეთ კალათბურთი, რაგბი, ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, წყალბურთი, თუნდაც ხელბურთი... და ქართული სპორტი გაცილებით უფრო მაღალ დონეზე გავა!!!!!!
S.K.K.
17:31 07-08-2017
1
ვიდეოს მარტო ჩემთან არ ხსნის თუ მართლა რაიმე პრობლემაა??
დათო
15:18 07-08-2017
0
გავმეორდები და ვიტყვი რომ ლიტვის ნაკრები არი მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო და სასიხარულოა მათი დამარცხება და ვულოცავ ჩვენებს ხოლო ავტორს ვერ დავეთანხმები რომ ლიტველების ძირითადების არყოფნა უფრო ნაკლები დანაკლისი იყო კარგია მოგება მაგრამ ეიფორია არაა საჭირო
კახა
15:02 07-08-2017
0
მართლა კარგად ვითამაშეთ და თითქმის ყველა ასპექტში დავჩაგრეთ ლიტვა,მაგრამ იმასაც ვფიქრობ თამაში ხომ არ დაგვიმალეს და აინტერესებდათ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები,ფაქტია რომ 31 ში სულ სხვა ლიტვა გამოვა პარკეტზე,მჯერა ჩვენი ბიჭების რომ ევრობასკეტზე ღირსეულად ვითამაშებთ! წარმატებები
დდდ
13:23 07-08-2017
0
ლიტვასთან ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ექვსმა კალათბურთელმა 10-ი და მეტი ქულა ჩააგდეს. ამ ბიჭებს მომავალში რა თქმა უნდა, არც ფაჩულია და ბურჯანაძე ჩამორჩებიან. ერთადერთი გვმართებს სიფრთხილე, რომ ბიჭებმა ტრამვები აირიდონ. ზუროსი კი ყოფილა დროული ამ ნაკრებისთვის
guri
12:31 07-08-2017
0
ბიჭებმა კარგად ითამაშეს და გამარჯვებას ვულოცავ,მაგრამ დიდი პრობლემაა მეორე გამთამაშებელის არ ყოლა,გამყრელიძე კარგი ბიჭია,მაგრამ თამაშის ორგანიზაციას სრულყოფილად ვერ ახერხებს,ცინცაძე კი ბოლოსკენ აშკარად იღლება და უხეში შეცდომების დაშვებას იწყებს,თუმცა ეს ამ თამაშს არ ეხება,ტემპი არ იყო ისე მაღალი და გიორგიმ გასძლო.
სოსო
11:48 07-08-2017
0
11 სექტემბერს კი არა 11 აგვისტოს არის ჩეხებთან თამაში..
ქუთაისელი
10:33 07-08-2017
0
მსგავსი სიახლეები
სიახლეები პოპულარული