ზაზა ფაჩულია: მჯერა, ეს ჩვენი საუკეთესო ევრობასკეტი იქნება

AutoSharing Option
ევრობასკეტი 2017-ის ოფიციალურმა საიტმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას სტატია მიუძღვნა, სადაც ის კარს მომდგარ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, თავის მოლოდინსა და მიზნებზე საუბრობს. "გოლდენ სტეიტის" ქართველ ცენტრს ღრმად სწამს, რომ კონტინენტის მეოთხე პირველობაზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული იქნება.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოდან საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფში ბრძოლა ლიტვის, იტალიის, გერმანიის, უკრაინისა და ისრაელის ნაკრებებთან მოუწევს.

"არცთუ იოლი ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ ამავდროულად, საკმაოდ დაბალანსებული. სამწუხაროდ, არ გვეყოლება ვიქტორ სანიკიძე და ეს დიდი დანაკლისია, მაგრამ კალათბურთი გუნდური თამაშია და შევეცდებით,
ეს დანაკლისი აღმოვფხვრათ.

ჩვენი მიზანია, ამ ევრობასკეტზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ, რაც კი ოდესმე ევროპის ჩემპიონატებზე გვქონია. გამუდმებით მზად უნდა ვიყოთ ბრძოლისთვის. არ მივაქცევთ ყურადღებას მეტოქეთა გვარ-სახელებს და იმედი მაქვს, ეს ჩვენი საუკეთესო ევრობასკეტი იქნება", - აცხადებს NBA-ს ქართველი ჩემპიონი.

"ახლა მთელი გულისყური იქითკენ მაქვს მიმართული, რომ შევეწყო გუნდის თამაშს. არ მქონდა საკმარისი დრო თანაგუნდელებთან პრაქტიკისთვის და მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცნობ მოთამაშეებს, სისტემასა და მწვრთნელს, მაინც დრო მჭირდება.

პატარა ბიჭი აღარ ვარ, რომ ყველაფრის ნულიდან დაწყება მჭირდებოდეს. ვიცი საკუთარი თამაში, ვიცი, რა გვჭირდება და ამისთვის როგორ გადავდგა სათანადო ნაბიჯები", - აცხადებს ზაზა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც "აკროპოლისის თასზე" ითამაშებს, საიდანაც უკვე ისრაელში გადაინაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული