"საქართველოს რკინიგზამ" 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს უმასპინძლა

AutoSharing Option
ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების გენერალურმა სპონსორმა "საქართველოს რკინიგზამ" 16-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრას კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა დაესწრნენ.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა B დივიზიონის მე-3 ადგილისათვის დაძაბულ ბრძოლაში დიდი ბრიტანეთის ნაკრები დაამარცხა და 1 ქულის სხვაობით - 64:63 გაიმარჯვა. ბრინჯაოს მედალთან ერთად, გუნდმა გაცილებით ძვირფასი ტიტული - მომავალი წლისათვის ელიტარული - A დივიზიონის საგზური მოიპოვა.

"საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ 16-წლამდელთა ნაკრების წევრებს წარმატება პირადად მიულოცა.

"რკინიგზას" თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს სპორტის
განვითარებაში და რამდენიმე სპორტულ ფედერაციას ეხმარება. კომპანიისა და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა უკვე მეორე წელია გრძელდება. "საქართველოს რკინიგზა" ეხმარება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, სუპერლიგასა და 3 ასაკობრივ - 16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების გამარჯვებამ დაადასტურა, რომ "რკინიგზის" მხარდაჭერა შედეგიანია და "საქართველოს რკინიგზა" აქტიურად გააგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას.

მამუკა ბახტაძე ("საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი): "ვულოცავ 16-წლამდელთა ნაკრებს ევროასპარეზზე წარმატებულ გამოსვლას. აგრეთვე, კალათბურთის ფედერაციას წარმატებულ მუშაობას და კალათბურთის ყველა გულშემატკივარს. ფედერაციასთან უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. "საქართველოს რკინიგზა" აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სპორტს და მოხარულნი ვართ, რომ კალათბურთის წარმატებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს".

მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის ყოლა, როგორიც "საქართველოს რკინიგზაა". კალათბურთის ფედერაციამ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ "რკინიგზის" მხარდაჭერით განახორციელა და ამისთვის დიდი მადლობა".

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული