საკანდელიძე-ქორქიას მე-19 მემორიალი ოლიმპიურ სასახლეში 4 მატჩით გაიხსნა

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას, ხსოვნის ტურნირი დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო. რიგით მე-19 გათამაშებაში, ბათუმის გარდა, სუპერლიგის ყველა გუნდი მონაწილეობს.

A ჯგუფში თავი თსუ-მ, გორის "ივერიონმა", "რუსთავმა" და "რაშმა" მოიყარეს, B ჯგუფი გურჯაანის "დელტამ", "ორბმა" და "კავკასიამ" შეადგინეს , ხოლო C ჯგუფი "ქუთაისმა", გაუ-მ და "მარგვეთმა" შეავსეს. გათამაშების ფორმატის თანახმად, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და პლუს 1 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.

მემორიალის მოქმედი ჩემპიონი “რუსთავია”, რომელმაც 2023 წლის 9 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “მეგა”
დაამარცხა. მთლიანობაში რუსთაველებს საკანდელიძისა და ქორქიას მემორიალი ყველაზე მეტჯერ – ექვსჯერ აქვთ მოგებული.

ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის 4 შეხვედრა დღეს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

C ჯგუფი | გაუ vs მარგვეთი (ზესტაფონი)
სტატისტიკა: 74:87

სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ გაუ-ს "მარგვეთზე" 3-ით მეტი გამარჯვება აქვს და ცხრილშიც გვარიანად უსწრებს. მემორიალის შეხვედრაში კი ზესტაფონურმა გუნდმა იოლი გამარჯვება მოიპოვა. არადა, გუნდებში ცვლილებები არ არის. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა "მარგვეთმა" მეტოქეს წარმატების შანსი არ მისცა.

ზესტაფონელებმა ზუსტად იმის ხარჯზე მოიგეს, რაც მათ ძლიერ მხარედ ითვლება. ეს გახლავთ შორი სროლები და მათი ტანმაღალი ცენტრის – ტაიშონ კროუფორდის ფარქვეშ დომინირება. მართალია, ამერიკელმა გიგანტმა (216 სმ) ქულების ხვეჭა უხვად ვერ შეძლო, თუმცა აცილებული ბურთების მოხსნაზე კარგად იმუშავა.

მთავარი მაინც მაიკლ მეისის სამქულიანები იყო. ზესტაფონელთა ამერიკელმა გამთამაშებელმა 9 ცდიდან 6 სამქულიანი ჩააგდო, რითაც მებრძოლ გაუ-ს წარმატების შანსი არ მისცა. საკვანძო გამოდგა მე-3 პერიოდი, რომელიც ზესტაფონელებმა 21:15 მოიგეს და უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდეს. გაუ-სთვის ამ ჩამორჩენის გაბათილება შესაძლებელი იყო, თუმცა "მარგვეთის" დამცველთა გააზრებული თამაშის პირობებში ეს ვერ მოახერხეს.

"მარგვეთში" 28 ქულით საუკეთესო იყო მაიკლ მეისი. ლუკა ზაქრაძემ 17 ქულა მოაგროვა, ხოლო მარტი ჯექსონის ანგარიშზე 16 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. ტაიშონ კროუფორდმა შეხვედრა 7 ქულით და 16 მოხსნით დაასრულა. გაუ-ში 16 ქულით თევის სმიტი გამოირჩა. 13 ქულა მიქაელ უგრეხელიძის ანგარიშზეა.

C ჯგუფის მე-3 წევრი "ქუთაისი" ისვენებდა, რომელიც 16 იანვარს, 12:30 საათზე, "მარგვეთს" დაუპირისპირდება.


B ჯგუფი | ორბი vs კავკასია
სტატისტიკა: 81:96

"კავკასიამ" აიზია ელისი დაიბრუნა, რომელიც წინა სეზონში ჰყავდა და ის სუპერლიგის ერთ-ერთი დომინანტი ცენტრი გახლდათ. მართალია, ელისს თავი დიდად არ გამოუჩენია (6 ქულა, 3 მოხსნა), თუმცა "კავკასიამ" "ორბი" საკმაოდ იოლად დაამარცხა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილ კავკასიელებს რომ პოტენციალი გააჩნიათ, თქმა არ უნდა და ნელ-ნელა გუნდი როტაციისა თუ სხვა საშუალებებით იბრუნებს შარშანდელ იმიჯსა და სახეს.

პირველი პერიოდი "კავკასიამ" 32:19 მოუგო "ორბს", ხოლო მეორეში ლიდერობა კიდევ 10 ქულით გაზარდა. მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, აქ გაირკვა. "ორბი" შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა და ამხელა ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ძალა არ ეყო. კავკასიელებს დიდი დახმარება გაუწია ჯასტინ ფორესტმა, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო. საბოლოოდ ფორესტი 20 ქულით თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა. 16 ქულა და 6 მოხსნა ჯავაუნ დანიელსმა მიითვალა, ხოლო 13 ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზეა. "ორბში" 2 კალათბურთელი გამოირჩა: ჯონ ნეიგლიმ 25 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, მაიკლ ედვარდსმა კი – 23 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი.

B ჯგუფში მყოფი გურჯაანის "დელტა", რომელიც ამ ტურში ისვენებდა, 16 იანვარს, 15:00 საათზე, ორბს დაუპირისპირდება.


A ჯგუფი | რუსთავი vs ივერიონი (გორი)
სტატისტიკა: 97:76

ქვემო და შიდა ქართლის გუნდების მატჩში ბრძოლა არ შედგა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა "რუსთავმა" 21 ქულით დაამარცხა გორის "ივერიონი". დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილ გორელებს 2 წამყვანი მოთამაშე – გეგი და გივი ბაქრაძეები აკლდნენ, რაც სუპერლიგის დებიუტანტი გუნდისთვის დიდი მინუსი გახლდათ. რუსთაველებსაც აკლდათ ლეგიონერი – ჯორდან ჰენდერსონი, ასევე სათამაშოდ იტალიაში წასული ლევან ბაბილოძე, თუმცა ანატოლი ბოისას გუნდმა პირველ წრეში რუმინეთში მოთამაშე გუგა პატაშური დაიმატა.

პირველი პერიოდის შემდეგ ქვემოქართლელები 7 ქულით იგებდნენ, ხოლო დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 7 ქულით გაზარდეს – 51:37. მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა. რუსთაველებმა გააგრძელეს წარმატებული თამაში და დარჩენილი 2 პერიოდის მოგების შემდეგ საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვეს.

რუსთაველთაგან 5-მა კალათბურთელმა გადააბიჯა 10-ქულიან ზღვარს. 20 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ბულაშვილი. 18 ქულა და 11 მოხსნა ანზორ ნადირაძემ მოაგროვა. 15 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა კახა ჟღენტის ანგარიშზე დაგროვდა. "ივერიონში" 23 ქულით საუკეთესო იყო კვენტინ ჰარდრიქტი. 12 ქულა და 7-7 მოხსნა-პასი რიკარდო ლინჩმა მოაგროვა.


A ჯგუფი | თსუ vs რაში
სტატისტიკა: 78:86

თსუ "რაშთან" შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდა. ტრავმების გამო ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს გიორგი ცინცაძე, კახა ჯინჭარაძე და ნოდარ გოგოძე ვერ დაეხმარნენ. თსუ-მ გასასინჯად მიიწვია დუეინ გუდმენი, რომელიც “ა” ლიგაში შესასვლელად მებრძოლი “თბილისი სითის” წევრი გახლდათ.

დანაკლისმა თსუ-ზე დიდად იმოქმედა. გუნდს, რომელიც სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი და პირველი წრის ლიდერია, უჭირდა კომბინაციების გათამაშება. მოედანზე რამდენიმე ახალგაზრდა ვიხილეთ, რომლებსაც წინა სუპერლიგის პირველ წრეში თამაში, ფაქტობრივად, არ უწევდათ.

"რაშმა" იგრძნო, რომ მოგების რეალური შანსი ჰქონდა და პირველი ტაიმის 2 ქულით წაგების შემდეგ, მესამე პერიოდში მაქსიმალურად მოინდომა. გამოსარჩევია სანდრო სანაძისა და გუნდში დაბრუნებული ერიკ ფრედერიკის შედეგიანობა. მესამე ათწუთეული "რაშის" კალათბურთელებმა 23:10 მოიგეს და ბოლო პერიოდს 11-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ.

მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე თსუ-ს 5 პერსონალურის გამო ალექსანდრე ფევაძე დააკლდა. "რაშმა" მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და მემორიალი სოლიდური გამარჯვებით დაიწყო. A ჯგუფის მეორე ტურში, 16 იანვარს, ერთმანეთს თსუ – გორი (17:00) და რაში – რუსთავი (19:15) შეხვდებიან.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული