საქართველოს თასი. 1/2-ფინალი: სუპერლიგის ლიდერები თასმაც გამოკვეთა

AutoSharing Option
სუპერლიგის წლევანდელ გათამაშებაში რეგულარულ ეტაპზე პირველი და მეორე ადგილები დიდი ხნით ადრე დაიბევეს "დინამომ" და "ქუთაისმა". ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში ყველაზე ძლიერი და სტაბილური გუნდები სწორედ "დინამო" და "ქუთაისია". მათ დანარჩენებთან თავიანთი უპირატესობა თასის გათამაშებაშიც დაამტკიცეს - ნახევარფინალში "ქუთაისმა" "რუსთავი" დაამარცხა, "დინამომ" - "ბათუმი" და თასის ფინალისტებიც გაირკვა: 29 აპრილი, 14:00, დინამო-ქუთაისი.

18 აპრილი, თბილისი
დინამო-ბათუმი 106:82
31:22, 30:18, 19:23, 26:19
დინამო: ვონი (22ქ, 5პ, 7მ), ღურწკაია (6ქ), ლონდარიძე (13ქ, 3პ), მაჩალაძე (2ქ), ფაცაცია (13ქ, 8მ, 9პ), ჭოჭუა (18ქ,
4პ, 5მ), მარავიჩი (13ქ, 3), გ. რევაზაშვილი, ბერიშვილი (19ქ, 4პ).
ბათუმი: ჯინჭარაძე (15ქ), ლეჟავა (11ქ, 7მ, 3პ), ლ. რევაზაშვილი (3ქ), თენიეშვილი (4ქ), კრივცოვი (13ქ, 14მ, 4პ, 2დ), რამიშვილი (5ქ), მაისურაძე (10ქ), შემოსიუკი (14ქ), მ. რევაზაშვილი (7ქ, 5მ).

გადამწყვეტი. შეხვედრის მე-13 წუთზე ანგარიში "რბილი" იყო - "დინამო" 8 ქულის სხვაობით იგებდა (39:31). სწორედ ამის შემდეგ მოაწყვეს დინამოელებმა 11:0 გაქცევა და 50:31 დაწინაურდნენ. 19-ქულიან უპირატესობას კი ირაკლი ხოშტარიას გუნდი ამ სეზონში არ ანიავებს.

შესაბამისად, მეორე ტაიმის დაწყებამდე გამარჯვებულის ვინაობა გარკვეული იყო.

სტატისტიკა არ ტყუის. ჯერ სამქულიანებს გადავხედოთ. "ბათუმს" მშვენიერი შედეგი ჰქონდა: 30-დან 13 სამიანი გამოიყენა (43 პროცენტი). "დინამომ" 15-დან 6 სამიანი ჩააგდო. მოდით, მარტივი არითმეტიკა მოვიშველიოთ - 13-6=7. ბათუმელებმა 7-ით მეტი სამიანი მიითვალეს, რაც კალათბურთის ენაზე 21 ქულას ნიშნავს. ასე რომ, დავით უსტიაშვილის შეგირდებმა პერიმეტრიდან დინამოელებზე 21-ით მეტი ქულა ჩააგდეს.

სხვა შემთხვევაში ეს დიდ უპირატესობად იქცეოდა, მაგრამ მხოლოდ სამქულიანები როდი წყვეტს თამაშის ბედს - "დინამომ" 38 ორქულიანი (59-დან) გამოიყენა, მაშინ, როცა ბათუმელებმა მხოლოდ 14 ორიანი ჩააგდეს (42-დან)... ისევ არითმეტიკა: 38-14=24. დინამოელებმა ორქულიანებით სტუმრებზე 48 ქულით მეტი ჩააგდეს. ლოგიკურია, რომ გაიმარჯვებდნენ კიდეც...

გამორჩეული. როდესაც საქმე "დინამოს" ეხება, ყოველთვის რთულია ერთი კალათბურთელის გამორჩევა. მატჩის ბომბარდირი 22 ქულით დეონტა ვონი გახდა, მიხეილ ბერიშვილმა 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და 19 ქულამდე ავიდა, ხოლო ლევან ფაცაცია სამმაგ დუბლს მიუახლოვდა - 13 ქულა, 8 მოხსნა, 9 პასი.

ნამატჩევს
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მწვრთნელი):
- ეს მატჩი თავისი მნიშვნელობით ძალიან პრინციპული იყო. ეს იყო ნახევარფინალი, თამაშდებოდა ფინალის საგზური და კმაყოფილები ვართ, რომ გავიმარჯვეთ. ამ შეხვედრისთვის სერიოზულად ვემზადებოდით და მოხარულები ვართ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მწვრთნელი):
- "დინამომ" დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენი მიზანია, უახლოესი თამაშები, რაც რეგულარულ ჩემპიონატში დაგვრჩა, მაქსიმალურად კარგად ჩავატაროთ. შემდეგ კი შევინარჩუნოთ ადგილი სუპერლიგაში.

ვაჟა სიმონიშვილი

Sportall.Ge

18 აპრილი, ქუთაისი
ქუთაისი-რუსთავი 89:69
23:16, 20:20, 26:17, 20:16
ქუთაისი: ცეკვავა (13ქ), ქადარია (4ქ,6მ), ცინცაძე (18ქ,8მ,7პ), გ.ბარბაქაძე (14ქ,7მ), ბექაური (15ქ), ფაშაევი (2ქ), ლომოური (8ქ), ტუბაკი (8ქ)
რუსთავი: ლი (4ქ), ჩაჩანიძე (13ქ), ათუაშვილი (7ქ,6მ), კასპერბაუერი (22ქ), სპანოლო (7ქ,9მ), ბრიგსი (13ქ,6მ), ხმელიძე (1ქ), გოგობერიშვილი (2ქ)

გადამწყვეტი. "ქუთაისმა" თასის ფინალის საგზური საკმაოდ იოლად მოიპოვა. კოტე ტუღუშის გუნდმა "რუსთავთან" ერთმატჩიანი ნახევარფინალური დუელი 20-ქულიანი სხვაობით მოიგო და 29 აპრილს ფინალში თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში "ბათუმი" დაამარცხა.

"ქუთაისი" "რუსთავთან" მატჩს მობილიზებული შეხვდა, საწყისი წუთებიდანვე დაეუფლა უპირატესობას და გამარჯვება ეჭვქვეშ ერთი წუთითაც არ დაუყენებია. ქუთაისელთა წარმატებაში კარგმა დებიუტმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

გიორგი ცინცაძის, გიორგი ბარბაქაძისა და ვახტანგ ქადარიას ზუსტი სროლების შედეგად მასპინძლებმა საწყის 2 წუთში 9:0 გაქცევა მოაწყვეს. ჩაჩანიძისა და ბრიგსის კარგი თამაშის წყალობით რუსთაველებმა მოკლე დროში 1 ქულამდე დაიყვანეს სხვაობა, მაგრამ მცირე ჩავარდნის შემდეგ "ქუთაისი" ისევ დაეუფლა უპირატესობას.

კარგად ჩაერთო თამაშში აკაკი ლომოური, მისი ზუსტი სამქულიანების წყალობით მასპინძლები 11 ქულით გავიდნენ წინ - 21:10. სხვათა შორის, ლომოურმა რვავე ქულა პირველივე პერიოდში მიითვალა. "ქუთაისმა" კი აღნიშნული ათწუთეული 7 ქულის სხვაობით მოიგო - 23:16.

მეორე მეოთხედი შედარებით თანაბარი გამოდგა. "ქუთაისი" მეტოქეს მიახლოების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა დიდი სხვაობით წინ გასვლას თავადაც ვერ ახერხებდა.

დიდ შესვენებაზე მასპინძლები 7-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 43:36. მესამე პერიოდში კი გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და თანდათან სხვაობაც გაზარდეს. ბექა ბექაურის ორქულიანის შემდეგ "ქუთაისი" 17 ქულით დაწინაურდა (60:43) და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. რუსთაველებს კასპერბაუერის მეთაურობით რამდენჯერმე ჰქონდათ თამაშში გარდატეხის შეტანის მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

გადამწყვეტ პერიოდს "ქუთაისი" 18-ქულიანი უპირატესობით შეხვდა - 71:53. კოტე ტუღუშის შეგირდებმა ბოლო მეოთხედიც აღმავლობით ჩაატარეს და საბოლოოდ, მეტოქე 20 ქულით დაამარცხეს.

სტატისტიკა არ ტყუის
"ქუთაისმა" შეხვედრა კარგად ჩაატარა და ბუნებრივია, მატჩის სტატისტიკაც მის მხარესაა. მასპინძლებმა ძირითადი უპირატესობა სამწამიან ზონაში მოიპოვეს. მათ 48 მცდელობიდან 26 ორქულიანი ჩააგდეს (54.2%) და კალათიდან 42-ჯერ მოხსნეს ბურთი (10-32).

რუსთაველთა 43 ნასროლიდან კი კალათში 18 ორქულიანი აღმოჩნდა (41.9%), სტუმრები მეტოქეს მოხსნებშიც ჩამორჩნენ -34 (7/27); კოტე ტუღუშის შეგირდებმა 23 შედეგიანი გადაცემა მიითვალეს, მათმა მეტოქემ კი 16 ზუსტი "ასისტი" მოაგროვა.

ქუთაისელებს პერიმეტრიდან სროლებშიც ჰქონდათ უპირატესობა. მათ 23 მცდელობიდან კალათში 10 სამქულიანი მოათავსეს (41.7%), სტუმრებმა კი 23 სროლიდან 8 სამქულიანი ჩააგდეს...

საუკეთესო. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო გიორგი ცინცაძე გახლდათ. ქუთაისელთა ლიდერი კარგად წარმართავდა თავისი გუნდის თამაშს და როგორც სჩვევია, შეტევაში თავადაც შეუჩერებელი იყო. ცინცაძემ 18 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ფარქვეშ ნაყოფიერად გაისარჯა ბექა ბექაური, რომელმაც 15 ქულა მოიპოვა. აქტიურები იყვნენ გიორგი ბარბაქაძე და გოგა ცეკვავა. პირველმა 14 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა თავი, ცეკვავა კი "ქუთაისს" 13 ქულით შეეწია. რუსთაველთა შორის საუკეთესო უკანახაზელი ქეისი კასპერბაუერი იყო, რომელმაც შეხვედრა 22 ქულით დაასრულა. 13-13 ქულა იყო რევაზ ჩაჩანიძისა და ლუის ბრიგსის ანგარიშზე.

დავით კოხრეიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული