საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. მეორე წრე. I ტური: საუკეთესო შვიდეული

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გასულ უქმეებზე რეგულარული გათამაშების მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტური ნაკლული გამოდგა, ვინაიდან უხვი ნალექი მოვიდა ბათუმში და ანგისას სტადიონი დაიტბორა. ამ მიზეზით "ბათუმისა" და "არმაზის" მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

დარჩენილ 4 შეხვედრაში სტადიონებზე მისულმა გულშემატკივარმა უშეღავათო ბრძოლა, დრამატულად განვითარებული ბოლო წუთები და ჯამში 22 ლელო იხილა.

დასკვნითი 10 წუთის დრამა
"ყოჩებისა" და "ლელოს" დაპირისპირების 70-ე წუთი მიმდინარეობდა. მოქმედი ჩემპიონი "ლელო" დამაჯერებლად, 17-ქულიანი სხვაობით ამარცხებდა მეტოქეს - 27:10 და თითქოს საფრთხეც არსაიდან ჩანდა.

თუმცა, მოულოდნელად, უკანასკნელ
10 წუთში "ყოჩებმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცეს უტეხი ხასიათი და თითქმის შეუძლებელი შეძლეს, მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს და მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონი.

მატჩის 72-ე წუთზე "ყოჩების" მგეზავმა თემურ სოხაძემ თავისივე გატანილი ლელო გარდასახა და მეტოქესთან სხვაობა ათ ქულამდე დაიყვანა. შეხვედრაში ინტრიგა დაბრუნდა, თუმცა სათამაშოდ დრო ცოტა რჩებოდა.

მიუხედავად ამისა, სანდრო ესაკიას სამწყსომ აღებული ტემპი აღარ დააგდო და გიორგი ხარშილაძემ ორიოდე წუთში კიდევ ერთხელ დაალელოვა მეტოქე - 22:27. "ყოჩებს" შეხვედრის გადარჩენის რეალური შანსი გაუჩნდათ და "ზღაპარიც" გამართლდა.

21 წლის ხარშილაძემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეორედ დაამიწა ბურთი "ლელოს" ჩათვლის მოედანში, რომელიც შავლეგ მახარაშვილმა გარდასახა და საკუთარ გუნდს ორქულიანი სხვაობით მოაგებინა - 29:27.

"აიამ" ლიდერობა დაიბრუნა
"ლელოს" მოულოდნელი მარცხით მშვენივრად ისარგებლა ქუთაისის "აიამ", რომელმაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა რუსთავში "ხარებთან" - 15:3 და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.

მწირქულიან შეხვედრაში ქუთათურებს ფეხმარდმა გიორგი აბრამიძემ ულიდერა, რომელმაც ორჯერ დაალელოვა რუსთაველები და ლომის წილი დაიდო საკუთარი გუნდის წარმატებაში.

"ჯიქების" ხმაურიანი გამარჯვება
უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდებიდან ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა "ჯიქებს" ჰყავს. მიუხედავად გამოცდილი მოთამაშეების არყოლისა, გიორგი ამირხანაშვილის მიერ გაწვრთნილი კლუბი ყველა მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს და მისთვის სატურნირო ცხრილის ლიდერთა წინააღმდეგ წარმატებული თამაში პრობლემას არ წარმოადგენს.

"ჯიქებმა" მორკინალთა აგრესიული თამაშის წყალობით "ლოკომოტივი" სრულიად დამსახურებულად დაამარცხეს - 25:17 და კიდევ უფრო განიმტკიცეს მდგომარეობა საპლეიოფო ექვსეულში.

"არმიას" მოგებათა სერია გრძელდება
საქართველოს ჩემპიონატის სასტარტო ტურებში ნაწვნევი არაერთი მარცხის შემდეგ ნიკო ჭავჭავაძის მიერ გაწვრთნილი "არმია" ნელ-ნელა დალაგდა და რეგულარული გათამაშების მეორე წრეს მშვენიერ ფორმაში შეხვდა. "არმიას" ზედიზედ სამმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა და ის გასულ უქმეებზე "აკადემიასთან" მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებით განავრცო - 31:13.

არმიელთა რიგებიდან გამორჩეული გახლდათ გარემარბი ალექსანდრე ტუჩაშვილი, რომელიც ძალიან აქტიურად ერთვება შეტევებში და უკანასკნელ ტურებში არაერთი ლელოს ავტორიც გახდა.

დიმიტრი კალანდაძის ლელო
"ჯიქებისა" და "ლოკომოტივის" უაღრესად დაძაბული მატჩის 77-ე წუთი მიმდინარეობდა. რიკინიგზელები სამქულიანი სხვაობით მარცხდებოდნენ და მეტოქეს მისსავე ნახევარზე მცირე შტურმი მოუწყვეს. თუმცა "ჯიქებმა" გაუძლეს "ლოკომოტივის" ზეწოლას და საპასუხოდ მშვენიერი კონტრშეტევაც წამოიწყეს.

რაკიდან გამოტანილი ბურთი მგეზავმა ნუგზარ გიორგაძემ საპირისპირო ფლანგზე ფეხით გადაკიდა, სადაც ჩასაფრებული გახლდათ გარემარბი დიმიტრი კალანდაძე, რომელიც იოლად დაეუფლა ჰაერში ბურთს და გადამწყვეტი ლელოც გაუტანა მეტოქეს - 25:17.

ბობა კვინიხიძის დაბრუნება
ბობა კვინიხიძე დიდი ხნის განმავლობაში "ლოკომოტივის" ლიდერი იყო და საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის რკინიგზელთა მიერ მიღწეულ წარმატებებში.

პოზიციით მგეზავმა კვინიხიძემ არაერთხელ მოირგო საქართველოს ნაკრების კვართი და მშვენივრად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს, თუმცა ქრონიკულმა ტრავმებმა ნიჭიერ მორაგბეს არ მისცა საშუალება, ბოლომდე გამოევლინა საკუთარი პოტენციალი.

სხვადასხვა მიზეზის გამო ბობას ცოტა ხნით დანებებულიც ჰქონდა თავი დიდი რაგბისთვის, თუმცა სეზონის წინ თემურ ბენდიაშვილმა იგი ჯერ გუნდის განაცხადში შეიყვანა, ხოლო მეორე წრის პირველსავე ტურში სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა ფულბეკის პოზიციაზე.

სანახაობრივი "არმია"
მსოფლიოს რაგბის ხელმძღვანელები ყველანაირ ხერხს მიმართავენ, რომ რაგბი გაცილებით უფრო სანახაობრივი გახადონ და პრემიალური ქულათა სისტემის შემოღებით გუნდებს უბიძგებენ, კარში ფეხის დარტყმის ნაცვლად უფრო მეტი აქცენტი ლელოს გატანაზე გააკეთონ. საინტერესოა, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოს ჩემპიონატში?

განვლილი ათი ტურის შემდეგ ყველაზე მეტი ლელო აქვს გატანილი "არმიას" - 32. ამ სტატისტიკურ მაჩვენებელში მეორე საფეხურზე იმყოფება "ლოკომოტივი" - 26, მესამეა მოქმედი ჩემპიონი "ლელო" - 25, მეოთხეა "ბოლნისი ყოჩები" - 24, ხოლო სატურნირო ცხრილის ლიდერ "აიას" მხოლოდ მეხუთე შედეგი აქვს - 23.

გატანილ ლელოთა თანაბარი მაჩვენებელი აქვთ "ჯიქებს" და "არმაზს" - 20, თუმცა არმაზელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული. უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსან "ბათუმს" 13 ლელო აქვს გატანილი, რუსთავის "ხარებს "- 10, ხოლო ყველაზე უარესი შედეგი "აკადემიამ" დააფიქსირა, 10 მატჩში მხოლოდ 7 ლელო მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული