ბრიტანეთის გრანპრი: ბრძოლა თავიდან იწყება

AutoSharing Option
"მერსედესის" პილოტები მთელი ბრიტანული უქმეების განმავლობაში სწრაფები იყვნენ. პარასკევს ორივე თავისუფალი პრაქტიკა ვალტერი ბოტასმა მოიგო, შაბათს პირველი იყო ლუის ჰემილტონი და მანვე აიღო პოული ტრასის რეკორდით - წუთი და 26.600 წამი. ბრიტანელმა შარშანდელი შედეგი 2.5 წამით გააუმჯობესა.

კიმი რაიკონენმა ლუისთან ხუთი მეათედი წამი წააგო და მეორე პოზიციიდან აიღო სტარტი. სასტარტო ბილიკის მეორე ხაზი დაიკავეს სებასტიან ფეტელმა და მაქს ფერსტაპენმა.

სამმა პილოტმა დაკარგა პოზიციები სტარტზე. ვალტერი ბოტასი და დანიელ რიკარდო დააქვეითეს ხუთი პოზიციით გადაცემათა კოლოფის გამოცვლის გამო. რიკარდოს ძრავასთან დაკავშირებითაც შეექმნა
პრობლემები და კიდევ 10 პოზიცია დაკარგა. ამის გამო, ავსტრალიელმა მე-19 პოზიციიდან აიღო სტარტი. ფერნანდო ალონსო 30 ადგილით დააჯარიმეს ძალისმიერი აგრეგატის ელემენტების შეცვლის გამო.

* * *
ჰემილტონმა სტარტზე ძალიან დამაჯერებლად შეინარჩუნა ლიდერობა, კიმი რაიკონენი მეორე პოზიციაზე დარჩა. მათ უკან კი უფრო საინტერესო ამბები მოხდა: ფეტელი და ფერსტაპენი აქტიურად იბრძოდნენ პირველ მოსახვევში. გერმანელმა თითქოს მოიგო ეს დუელი, მაგრამ ჰოლანდიელმა გარე რადიუსიდან შესანიშნავი მანევრით მესამე პოზიცია მოიპოვა.

აქტიურობდა ვალტერი ბოტასი, რომელმაც მეცხრე პოზიციიდან აიღო სტარტი და მალე მეხუთე ადგილზე გადავიდა, თან ფინელი თანდათან ეწეოდა ფერსტაპენი-ფეტელის წყვილს. ბოტასს ჰოლანდიელი დაეხმარა: "რედ ბულის" პილოტმა თავის სტილში, ხისტად დაიცვა თავი ლიდერის შეტევებისგან, შეაყოვნა ჩემპიონატის ლიდერი და დუეტი ტრიოდ გადაიქცა.

ფეტელმა ფერსტაპენზე ადრე შეუხვია ბოქსებში და ეს საკმარისი აღმოჩნდა სებასთვის, ცოტა ხანში ჰოლანდიელზე წინ აღმოჩენილიყო, მით უმეტეს, რომ "რედ ბულის" მექანიკოსები ოდნავ შეყოვნდნენ ერთ-ერთი საბურავის გამოცვლისას. ბოტასი უფრო ხისტი საბურავებით მოძრაობდა და, ბუნებრივია, გაცილებით გვიან შევიდა პიტსტოპზე. და ისიც ფერსტაპენზე წინ დაბრუნდა ტრასაზე, თუმცა, 5-6 წამს აგებდა ფეტელთან. მაგრამ, ვალტერის ბოლიდი გაცილებით რბილი საბურავებით იყო აღჭურვილი, რაც მესამე ადგილისთვის დაძაბულ ბრძოლას მოასწავებდა.

* * *
ტრასაზე ბრძოლა მხოლოდ რბოლის ლიდერს ლუის ჰემილტონს არ უწევდა. და ვალტერი ბოტასიც, უნებლიედ, თანაგუნდელზე მუშაობდა. ფინელი თავისი "სუპერსოფტით" მალე დაეწია ფეტელს და ორი წრის შემდეგ, წარმატებული შეტევის განხორციელება შეძლო. თავად ჩემპიონატის ლიდერი წინა საბურავების მდგომარეობის გამო ჩიოდა. ბოქსებში შესვლა არამიზანშეწონილი იყო: ასეთ შემთხვევაში, გერმანელს ფერსტაპენი გაუსწრებდა. მაგრამ "ფერარის" მაინც მოუწია ამის გაკეთება, რადგან მისი პილოტები ზედ ფინიშთან მარცხენა საბურავებმა დააღალატეს! ჯერ რაიკონენის საბურავი გამოვიდა მწყობრიდან და ფინელს მოუწია ბოტასის წინ გაშვება და ბოქსებში შესვლა. იგივე გააკეთა ფერსტაპენმა და აქაც პრობლემა საბურავი იყო.

თითქოს ფეტელს ყველაფერი კარგად ჰქონდა: ის მესამე პოზიციამდე ავიდა და ამით, ნაკლებს წააგებდა ჰემილტონთან. მაგრამ საბურავი მასაც გაუფუჭდა! თან ეს ბოქსებიდან საკმაოდ შორს მოხდა, ამიტომაც გერმანელმა დიდი ხანი მოანდომა მექანიკოსებამდე მისვლას. შედეგი აღმოჩნდა მეშვიდე ადგილი - ჩემპიონატის ლიდერს რიკარდოსა და ჰიულკენბერგის დუეტმაც კი გაუსწრო.

ასე რომ, დამაჯერებელი გამარჯვების წყალობით, ჰემილტონმა 19 ქულა ამოუქაჩა ფეტელს და ჩემპიონობისთვის ბრძოლა, პრაქტიკულად, თავიდან იწყება. გერმანელსა და ბრიტანელს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა.

შემდეგი ეტაპი ორი კვირის შემდეგ, უნგრეთში გაიმართება და, შესაძლოა, ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავდეს ლუის ჰემილტონის სახით.

რბოლის სტენოგრამა
- სტარტზე ლუის ჰემილტონმა შეინარჩუნა ლიდერობა. ფერსტაპენმა გაუსწრო ფეტელს და შეუტია რაიკონენს, მაგრამ კიმი წინ დარჩა. ბოტასმა ორი პოზიცია მოიგო.

- საინსი ბრძოლას გამოეთიშა კვიატთან შეჯახების შემდეგ. რუსი ბოქსებში შევიდა და მოახერხა ტრასაზე დაბრუნება. რბოლა უსაფრთხოების მანქანის რეჟიმში გადავიდა.

- პირველი ათეული უსაფრთხოების მანქანის უკან: ჰემილტონი - რაიკონენი - ფერსტაპენი - ფეტელი - ჰიულკენბერგი - ოკონი - ბოტასი - პერესი - ვანდორნი - მასა.

- მე-5 წრეზე გამოცხადდა რესტარტი: ჰემილტონმა შეინარჩუნა ლიდერობა. რიკარდო ტრასიდან გადავარდა და რამდენიმე პოზიცია დაკარგა.

- ბოტასმა ოკონსა და ჰიულკენბერგს გაუსწრო და მეხუთე ადგილზე გადავიდა.

- რიკარდომ გაუსწრო მაგნუსენს მე-14 ადგილისთვის ბრძოლაში.

- პირველი ათეული მე-11 წრეზე: ჰემილტონი - რაიკონენი - ფერსტაპენი - ფეტელი - ბოტასი - ჰიულკენბერგი - ოკონი - პერესი - ვანდორნი - მასა.

- მე-12 წრეზე რიკარდომ გაუსწრო ალონსოს, მე-13 წრეზე - სტროლს.

- ფეტელმა შეუტია ფერსტაპენს და წინ გავიდა, მაგრამ მომდევნო მოსახვევში მაქსმა დაიბრუნა დაკარგული პოზიცია - მათმა დაძაბულმა ბრძოლამ საშუალება მისცა ბოტასს შეემცირებინა ჩამორჩენა. სამი პილოტი მჭიდრო ჯგუფად მოძრაობდა.

- მე-19 წრეზე ფეტელმა საბურავები შეცვალა, მე-20 წრეზე "რედ ბულმა" უპასუხა ფერსტაპენის პიტ-სტოპით. საბურავების შეცვლისას, მცირე პრობლემა წარმოიშვა, ფეტელმა კი ტემპი გაზარდა და მაქსი ტრასაზე სებასტიანის უკან დაბრუნდა.

- დანიელ რიკარდომ გაუსწრო მასას მე-10 პოზიციისთვის ბრძოლაში.

- ფეტელმა და ფერსტაპენმა გაუსწრეს ჰიულკენბერგს.

- 25-ე წრეზე რაიკონენმა და ჰემილტონმა შეასრულეს პიტსტოპები. ლუისმა შეინარჩუნა ლიდერობა.

- ფერნანდო ალონსომ დაიჩივლა ძრავის სიმძლავრის დაკარგვაზე და 34-ე წრეზე გამოეთიშა ბრძოლას.

- რიკარდომ გაუსწრო პერესს, ოკონსა და მაგნუსენს და მეშვიდე პოზიციაზე გადავიდა.

- ვალტერი ბოტასმა 33-ე წრეზე შეცვალა საბურავები, SuperSoft-ზე გადავიდა, მკვეთრად გაზარდა ტემპი და ფეტელს მიუახლოვდა.

- პირველი ათეული 39-ე წრეზე: ჰემილტონი - რაიკონენი - ფეტელი - ბოტასი - ფერსტაპენი - ჰიულკენბერგი - რიკარდო - ოკონი - პერესი - მასა.

- 42-ე წრეზე ბოტასმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა ფეტელთან და შეუტია, თუმცა, პირველი ცდა არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, მეორე იერიში იყო წარმატებული.

- 45-ე წრეზე ფეტელმა დაიჩივლა წინა საბურავების ძლიერი ცვეთის გამო, მაგრამ ტრასაზე დარჩა.

- ფინიშამდე ორი წრით ადრე, რაიკონენმა სიჩქარე დაკარგა წინა საბურავების ძლიერი ცვეთის გამო. მან გაატარა ბოტასი და ბოქსებში შეუხვია. იგივე მიზეზით საბურავების შეცვალა ფერსტაპენმა.

- ფეტელის საბურავებმა ბოლომდე ვერ გაძლო - დაზიანდა უკანა მარცხენა საბურავი და გერმანელს ბოლო წრეზე ბოქსებში შესვლა მოუწია.

- ლუის ჰემილტონმა მოიგო ბრიტანეთის გრანპრი, თან კარიერაში მეხუთე "დიდი სლემი" მოიპოვა.

ბრიტანეთის გრანპრი
სილვერსტოუნი. 52 წრე, 306.198 კმ
1(1). ლუის ჰემილტონი (ბრიტ, მერსედესი) 1:21.27,430 (1)
2(9). ვალტერი ბოტასი (ფინ, მერსედესი) +14,063 (1)
3(2). კიმი რაიკონენი (ფინ, ფერარი) +36.570 (2)
4(4). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ, რედ ბული) +52,125 (2)
5(19). დანიელ რიკარდო (ავსტრა, რედ ბული) +65,955 (1)
6(5). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ, რენო) +68,109 (1)
7(3). სებასტიან ფეტელი (გერ, ფერარი) +93,989 (2)
8(7). ესტებან ოკონი (საფ, ფორს ინდია) 1 წრე (1)
9(6). სერხიო პერესი (მექ, ფორს ინდია) 1 წრე (1)
10(14). ფელიპე მასა (ბრა, უილიამსი) 1 წრე (1)

11(8). სტოფელ ვარნდორნი (ბელ, მაკლარენი) 1 წრე (1)
12(16). კევინ მაგნუსენი (დან, ჰაასი) 1 წრე (1)
13(10). რომენ გროსჟანი (საფ, ჰაასი) 1 წრე (2)
14(18). მარკუს ერიქსონი (შვედ, ზაუბერი) 1 წრე (2)
15(12). დანიილ კვიატი (რუს, ტორო როსო) 1 წრე (3)
16(15). ლენს სტროლი (კან, უილიამსი) 1 წრე (2)
17(17). პასკალ ვერლაინი (გერ, ზაუბერი) 1 წრე (3)

ფინიშზე ვერ მივიდნენ
18(20). ფერნანდო ალონსო (ესპ, მაკლარენი) 32 წრე
19(13). კარლო საინსი (ესპ, ტორო როსო) 1 წრე
20(11). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ, რენო) 0 წრე

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი - 177 (3 მოგება)
2. ლუის ჰემილტონი - 176 (4)
3. ვალტერი ბოტასი - 154 (2)
4. დანიელ რიკარდო - 117 (1)
5. კიმი რაიკონენი - 98
6. მაქს ფერსტაპენი - 57
7. სერხიო პერესი - 52
8. ესტებან ოკონი - 43
9. კარლოს საინსი - 29
10. ნიკო ჰიულკენბერგი - 26

11. ფელიპე მასა - 23
12. ლენს სტროლი - 18
13. რომენ გროსჟანი - 18
14. კევინ მაგნუსენი - 11
15. პასკალ ვერლაინი - 5
16. დანიილ კვიატი - 4
17. ფერნანდო ალონსო - 2

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 330
2. ფერარი - 275
3. რედ ბული - 174
4. ფორს ინდია - 95
5. უილიამსი - 41
6. ტორო როსი - 33
7. ჰაასი - 29
8. რენო - 26
9. ზაუბერი - 5
10. მაკლარენი - 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული