ფორმულა 1: "მერსედესი" წინ გავიდა?

AutoSharing Option
ბრიტანეთის გრანპრიზე ლუის ჰემილტონის ბრწყინვალე გამოსვლამ აიძულა ჟურნალისტები - ახლებურად შეეხედათ მსოფლიოს ჩემპიონატში არსებულ სიტუაციაზე: სებასტიან ფეტელი და "ფერარი" კარგავენ ინიციატივას, - ასე მიაჩნია BBC-ის მიმომხილველს ენდრიუ ბენსონს.

"გენერალურ კლასიფიკაციაში ფეტელთან ჩამორჩენის ასეთი მკვეთრი შემცირება იღბალის შედეგიც იყო, მაგრამ ის ასახავს ახალ ტენდენციას: ბოლოს წლების ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ სეზონში ძალთა ბალანსი "მერსედესის" მხარეს გადადის. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ამ სეზონში "მერსედესის" ყველაზე მძლავრი გამოსვლა და ის ასახავს ბოლო რბოლებში გუნდის პროგრესსა და განვითარებას.

ფეტელი მართალია, როცა ანალიზისთვის გამოყოფს
კვალიფიკაციას. სეზონის პირველ ოთხ რბოლაში "მერსედესის" უპირატესობა "ფერარიზე" საშუალოდ 0.141 წამი იყო, ახლა სხვაობა 0,296 წამამდე გაიზარდა. ხოლო თუ ავიღებთ ოთხ რბოლას მონაკოს შემდეგ, ლაპარაკია 0,530 წამის ჩამორჩენაზე! თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება უნგრეთში, მაშინ "ფერარის" დიდი პრობლემები ექნება", - ასკვნის ბენსონი.

"ჰემილტონის უსწრაფესი წრე, რომელიც მან 48-ე წრეზე აჩვენა, წუთსა და 30,621 წამს უდრიდა. "ფერარის" საუკეთესო წრე 44-ზე - წუთი და 31,517 წამი იყო. მაგრამ "ფერარიში" ყველაზე მეტად ის უნდა აწუხებდეთ, რომ "მერსედესის" უპირატესობა სტაბილურად დიდი იყო, - დაამატა Sky Sports-ის მიმომხილველმა პიტ ჯილმა.

- რბოლის გადამწყვეტ პერიოდში - პიტსტოპის წინ და შემდეგ, ორი "ფერარიდან" საუკეთესო რაიკონენი თავისუფალ ტრასაზე იყო, მაგრამ ვერ უპასუხა ჰემილტონს, როცა ამ უკანასკნელმა ტემპი გაზარდა და სხვაობა 10 წამამდე აიყვანა. კვალიფიკაცია "ფერარის" სუსტი მხარე იყო სეზონის დასაწყისიდანვე - ფეტელმა მხოლოდ ერთი პოული აიღო სეზონში. მაგრამ ეს სისუსტე კომპენსირდებოდა ბრწყინვალე სარბოლო ტემპით. მაგრამ სილვერსტოუნზე "მერსედესს" რბოლაშიც აშკარა უპირატესობა ჰქონდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული