მსოფლიოს ჩემპიონატი: წლის სენსაცია ბუდაპეშტის აუზში

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე დღეს ისევ მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა და ორ ფინალში დიდი სენსაცია მოხდა - ორივე იტალიელთა მიზეზით

ამერიკელი კეტი ლედეკი 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ამ ჩემპიონატზე მეოთხეს და კარიერაში მე-13 ოქროს მედალს უმიზნებდა. აქამდე, 20 წლის ლეგენდას არასოდეს ჰქონდა წაგებული მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალური გაცურვა, მაგრამ, ამჯერად, საკმაოდ დიდი მანძილით ჩამორჩა ცნობილ იტალიელს ფედერიკა პელეგრინის. ეს 28 წლის აპენინელი ამ დისციპლინის დიდი სპეციალისტია - მან 2005 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს ზედიზედ მეშვიდე (!) ჩემპიონატზე შეძლო მედლის აღება 200 მეტრზე
ცურვაში (სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო).

რამდენიმე წუთის შემდეგ, მეორე სენსაცია მოხდა კაცებს შორის 800 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. აქ ფავორიტი იყო ჩინელი სუნ იანი, რომელიც ამ დისციპლინაში წინა სამ ჩემპიონატზე ოქროს იღებდა.

იანი 400 მეტრის შემდეგ ლიდერობდა გაცურვას, მაგრამ შემდეგ მკვეთრად უკლო ტემპს და არა თუ ოქროს მედალი, საერთოდ პოდიუმიც ვერ მოიპოვა და მეექვსე ადგილი დაიკავა. იტალიელებმა - გაბრიელე დეტიმ და გრეგორიო პალტრინიერიმ ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიგეს, მათ შორის კი მეორე ადგილზე მოექცა პოლონელი ვოიცეხ ვოიდაკი.
* * *
50 მეტრზე ბრასი კაცებს შორის ადამ პიტმა მოიგო, რასაც ყველა ელოდა. ბრიტანელმა წინასწარ ეტაპებზე ორჯერ გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდი, ფინალში კი 25.99 წამი აჩვენა, რითაც ამ ჩემპიონატზე მეორედ გამოვიდა 26 წამიდან.

200 მეტრზე ბატერფლაიში ადგილობრივ პუბლიკას ცნობილი ლასლო ჩეხის იმედი ჰქონდა, მაგრამ სამხრეთაფრიკელ ჩად ლე კლოსთან დამარცხდა.

დღის ბოლო ფინალი კი იყო შერეული ესტაფეტა 4x100 მეტრზე. აქ ამერიკელებმა დიდი უპირატესობით მოიგეს, თან მსოფლიოს რეკორდი დაამყარეს. მათ რიგებში ცურავდნენ: მეტ გრივერსი (გულაღმა), ლილი კინგი (ბრასი), კაელებ დრესელი (ბატერფლაი) და სიმონე მანუელი (თავისუფალი).

ქალები
200 მ. თავისუფალი
1. ფედერიკა პელეგრინი (იტა) -1.54,73
2. კეტი ლოედეკი (აშშ) - 1.55,18
2. ემა მაკეონი (ავსტრალია) - 1.55,18

კაცები
200 მ. ბატერფლაი
1. ჩად ლე კლო (ს. აფრ) - 1.53,33
2. ლასლო ჩეხი (უნგ) - 1.53,72
3. დაია სეტო (იაპ) - 1.54,21

50 მ. ბრასი
1. ადამ პიტი (ბრიტ) - 25,99
2. ჟოაო გომეში (ბრა) - 26,52
3. კემერონ ვენ დერ ბურგი (ს. აფრ) - 26,60

800 მ. თავისუფალი
1. გაბრიელე დეტი (იტა) - 7.40,77
2. ვოიცეხ ვოიდაკი (პოლ) - 7.41,73
3. გრეგორიო პალტრინიერი (იტა) - 7.42,44

შერეული ესტაფეტა
4x100 მ. კომპლექსური
1. აშშ - 3.38,56
2. ავსტრალია - 3.41,21
3. კანადა - 3.41,25
3. ჩინეთი - 3.41,25

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული