ის მსოფლიო ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო, თუმცა ქუჩაში გაყინული იპოვეს

AutoSharing Option
ჰოკეიში არსებობს ასეთი არაფორმალური სტატუსი - "თაფგაი" (tough guy), რომელსაც ატარებს ძალისმიერი მოთამაშე, რომელიც შეჯახებებით შლის მეტოქის შეტევებს, მოწინააღმდეგის საუკეთესო მოთამაშეების ფიზიკური ძალით განეიტრალებას ცდილობს, ჩხუბობს და საუკეთესო თანაგუნდელს იცავს.

"თაფგაის" თანამედროვე როლი საბჭოთა კავშირის დროს ამგვარი არ იყო, ადრე ასეთი ფუნქციები მას არ ენიჭებოდა, თუმცა 15-ვე რესპუბლიკა რომ მოგევლო, ვიქტორ ხატულიოვზე უფრო უდრეკ "თაფგაის" ვერ იპოვიდი.

ეს ამბავიც ეხება საბჭოთა ჰოკეის "თაფგაის", რომელსაც შეეძლო ამ სპორტის ლეგენდა გამხდარიყო, თუმცა უგვირგვინოდ გაიყინა ქუჩაში.

ხატულიოვი 1973 წლიდან რიგის "დინამოში" თამაშობდა. მისი
მწვრთნელი ვიქტორ ტიხონოვი იყო, თანაგუნდელები კი - ისეთი ჰოკეისტები, რომლებიც მომავალში ვარსკვლავები გახდნენ: ვლადიმირ ვორობიოვი, ჰელმუტ ბალდერისი, ვალერი ვასილიევი, ვლადიმირ კრიკუნოვი.

სპორტული კარიერა ხატულიოვმა ერთობ თვალისმომჭრელად დაიწყო. სსრკ-ის ეროვნულ გუნდთან ერთად 1974 და 1975 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და შეჯიბრების საუკეთესო თავდამსხმელის ტიტულიც დაიმსახურა. 1975 წელს ხატულიოვის წარმატება ამით არ დასრულებულა - NHL-ის კლუბმა,  კანადურმა "ფილადელფია ფლაიერსმა" ნიჭიერი ჰოკეისტი დრაფტზე 160-ე ნომრად აიყვანა.

რა თქმა უნდა, ტრანსფერი გამორიცხული იყო, იმ შემთხვევაში, თუ ვიქტორი სსრკ-დან არ გაიქცეოდა. მიუხედავად ამისა, NHL-ის დრაფტზე ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მათ საბჭოთა მოთამაშე აირჩიეს, 188 სმ სიმაღლისა და 98 კგ წონის ვიქტორს ბრწყინვალედ გამოუვიდოდა ფიზიკური შეტევები. საინტერესო ის არის, თავად ხატულიოვმა არჩევის შესახებ 3 წლის შემდეგ გაიგო.

იმ დროისთვის ცსკა-ს ცნობილმა მცველმა ალეკსანდრ რაგულინმა კარიერა დაასრულა. ტიხონოვი კი უკვე ცსკა-ს მწვრთნელი იყო და ხატულიოვს დედაქალაქში გადასვლა და რაგულინის შეცვლა შესთავაზა. მწვრთნელს კარგად ესმოდა, რომ ვიქტორს შაიბის დაცვა კარგად გამოსდიოდა. რიგის "დინამოში" კი ძლიერ ფორვარდს საკმაო გამოცდილება უკვე დაეგროვებინა.

ჰელმუთ ბალდერისი თვლიდა, რომ ხატულიოვი იმდენად ძლიერი იყო, რომ მოწინააღმდეგეებს გარეგნობით აშინებოდა. მისი თქმით, ვიქტორი "თაფგაი" არასდროს ყოფილა, რადგან მკლავების სიძლიერე არასდროს გამოუყენებია, მისთვის ყველაფერი უფრო მარტივად ხდებოდა - თავის ზონაში უახლოვდებოდა ფორვარდს და ხელების გამოყენების გარეშე, ისე დაეჯახებოდა, რომ მეტოქეს ბორტის მხარეზე მოისვრიდა.

თუმცა უდიდესი სათამაშო თვისებების მიღმა ხატულიოვს ერთი დიდი მინუსი ჰქონდა - ფაქტობრივად, ლოთი იყო და დალევაზე უარს ვერასდროს ამბობდა, ყოველდღე ალკოჰოლით იჟღინთებოდა. სწორედ ამ მიზეზით ხშირად აცდენდა ვარჯიშებს და არც თამაშებზე მიდიოდა, ქალებთან ერთად დალევასა და გართობას ამჯობინებდა.

ერთ-ერთი შეხვედრის დროს ხატულიოვს ვლადიმირ ვიკულოვთან მოუხდა დაპირისპირება. მცირე შეხლა-შემოხლის დასაშოშმინებლად უმალ მსაჯი გამოჩნდა, ემოციებით გაცეცხლებულმა ვიქტორმა არბიტრი ნოკაუტში გაუშვა. ეს ქმედება კი ჰოკეიში მისი  ბოლო გაფართხალება გახლდათ - სპორტსმენი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, სამუდამოდ!

ხატულიოვი მხოლოდ 26 წლის იყო, როცა ჰოკეისტის კარიერის დასრულება მოუწია და ახალი სამსახურის ძებნა დაიწყო. მუშაობდა ტაქსისტად, მტვირთავად, საფლავის ქვებსაც აპრიალებდა, თუმცა ალკოჰოლს მაინც ვერ შეეშვა.

1994 წლის 7 ოქტომბერს გამვლელებმა ხატულიოვის ცხედარი ქუჩაში იპოვეს. სხეული გაყინული იყო, სიკვდილის მიზეზი კი დღემდე დაუდგენელია.

და რა შეიძლება მომხდარიყო, ხატულიოვი NHL-ში რომ გაეშვათ?! ან ახალგაზრდა სპორტსმენისთვის მეორე შანსი მიეცათ და ალკოჰოლიზმის დამარცხებაში დახმარებოდნენ?!

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლოთობას მაინც ვერ შეეშვებოდა..პათოლოგიური ჰქონია, გინდა კანადაში დაელია გინდა რუსეთში..არ დამიწყოთ ეხლა რომ რუსეთიდან წასული კრისტალი-ფხიზელი იქნებოდაო
საბა
17:35 29-12-2020
2
მეორე სურათზე მგონი ბალდერისია.
გელა
16:43 29-12-2020
0

სიახლეები პოპულარული