U19. საქართველო-იაპონია 22:30 - დაუოკებელი სუეოკა და გაწბილებული მასპინძლები

AutoSharing Option
19 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, გუშინ მეორე ტურის შეხვედრები ორ ჯგუფში გაიმართა. საქართველოს ნაკრები იაპონიის გუნდს შეხვდა და 8-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

სპეციალისტები ამ მატჩში ფავორიტად იაპონიას მიიჩნევდნენ და არცთუ უსაფუძვლოდ - მეტოქე მატჩისთვის ფიზიკურად და ტექნიკურადაც ქართველ თანატოლებზე უკეთ მომზადებული აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც პაექრობის პირველსავე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, უპირატესობა ხელთ იგდეს და, ალჟირთან შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად ქართველები აღმოჩნდნენ მდევრის როლში. მე-15 წუთისთვის ანგარიში გახდა 8:3, იაპონელების სასარგებლოდ. მეკარე ხარაიშვილს რამდენიმე სახიფათო მომენტისგან
თანაგუნდელები რომ არ ეხსნა, ანგარიშში სხვაობა მეტიც იქნებოდა. ქართველმა მცველებმა განსაკუთრებით სუეოკას დაოკება ვერაფრით შეძლეს - იაპონელი ხელბურთელი შვიდმეტრიან ზონაში ადვილად უსხლტებოდა მეურვეებს და მეკარესთან პირისპირ რჩებოდა. ამიტომაც მან ამ მატჩში 10 გოლიც მიითვალა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.

პირველი ტაიმი, როგორც აღვნიშნეთ, სტუმართა უპირატესობით წარიმართა - 14:9. შესვენების შემდეგ ორჯონიკიძის შეგირდები გააქტიურდნენ, თავსაც კარგად იცავდნენ და იერიშის დაგვირგვინებასაც ახერხებდნენ. 36-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე დავიდა - 14:16. სამი წუთის განმავლობაში ასე გაგრძელდა. ყველას ეგონა, რომ ქართველი ხელბურთელები მატჩში გარდატეხას შეიტანდნენ, მაგრამ მოხდა პირიქით: არბიტრებმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არსენაშვილი მესამედ დააჯარიმეს და მანაც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. იაპონელებმა კი მკაცრი დაცვით მასპინძელთა თავდამსხმელებს გასაქანი არ მისცეს - მთელი ათი წუთი გოლი არ გაატანინეს, თავად კი შვიდჯერ აიღეს ხარაიშვილის კარი.

საბოლოოდ სტუმრებმა 30:22 გაიმარჯვეს. საგულისხმოა, რომ მატჩში ქართველებმა მეტოქის კარის მიმართულებით 48-ჯერ დაარტყეს და 22 გოლი გაიტანეს, ხოლო იაპონელებმა 50 დარტყმიდან 30-ჯერ აიღეს მასპინძელთა კარი.

ერთი საიინტერესო ეპიზოდიც: A ჯგუფის პირველ ტურში დანიამ 29:28 სძლია ეგვიპტეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოქმში დანიელებისთვის ერთი ბურთი ზედმეტი ჩაუწერიათ. ეს ხარვეზი გუშინ გამოასწორეს: ფრე - 28:28.

ბექა ორჯონიკიძე:
"დღევანდელ მატჩში უძლიერესმა გაიმარჯვა - იაპონელები უკეთ მომზადებულები აღმოჩნდნენ და გვაჯობეს. მეორე ტაიმში ისევ ფიზიკურმა მომზადებამ დაგვაღალატა. თანაც, ტექნიკური ხარვეზებით საკუთარ თავს პრობლემები შევუქმენით. ჩვენი ბიჭები ფსიქოლოგიურადაც ვერ აღმოჩნდნენ მდგრადები - წინა დღის გამარჯვების ეიფორია ვერ გადახარშეს.

მეორე ტაიმში დაცვის ხაზის დასუსტება არსენაშვილის გაძევებამაც გამოიწვია. ბიჭებს ნერვიულობა დაეტყოთ და ყველაფერმა ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის დებიუტანტები მარცხამდე მიიყვანა. წაგების მთავარ მიზეზად მაინც თავდასხმის სუსტი თამაში მიმაჩნია - ბურთებს ასე არ უნდა ვანიავებდეთ.

ეს მარცხი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ. პარასკევს და შაბათს ისლანდიას და გერმანიას ვეთამაშებით. ორივე სახელბურთო ქვეყანაა, მაგრამ უბრძოლველად არაფერს დავთმობთ. მთავარი პაექრობა კი ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს მოგვიწევს - მერვედფინალში გასასვლელად ჩილეს უნდა ვაჯობოთ. საამისოდ კი არაფერს დავიშურებთ".

U19. ხელბურთი. მსოფლიოს ჩემპიონატი
საქართველო-იაპონია 22:30 (9:14)
საქართველო: ხანდოლიშვილი, რუსტამოვი (1), მიქავა, ბაინაზიშვილი, კბილაშვილი (5), არსენაშვილი (4), ბულბულაშვილი (5), ხარაიშვილი (1), ყორიაული (1), ცხოვრებაძე (1), ბაჯალაძე, ლაპიაშვილი, ტიელიძე (2), გოგავა (2), ფერაძე, იობაშვილი
იაპონია: ტაკამიცუ, ტაკანო (5), სუეოკა (10), აბე (5), ჰატორი, ტოკუდა (6), მურაკი (1), იამადა, ჰოტა, ტერაჯიმა (1), ნაკამურა, ჰონდა, იამამოტო (1), კავასაკი, ტოი (1).

II ტური
B ჯგუფი. ჩილე-ისლანდია 21:27, იაპონია-საქართველო 30:22, ალჟირი-გერმანია 19:37.
D ჯგუფი. ტუნისი-ესპანეთი 24:27, მექსიკა-სლოვენია 19:32, რუსეთი-სერბეთი 29:24.

დღეს ითამაშებენ:
A ჯგუფი. ბაჰრეინი-დანია, ნორვეგია-საფრანგეთი, პოლონეთი-ბრაზილია
C ჯგუფი. პორტუგალია-არგენტინა, კორეა-ხორვატია, ეგვიპტე-შვედეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც იქნა ერთი ინფორმაცია გავიდა მსოფლიო ჩემოიონატზე, რონელიც საქართველოში იმართება, ვითომ ძალიან განებივრებულები ვიყოთ ასეთი რანგის შეჯიბრებებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ და მეორე არხებზე საქართველოს ნაკრების თამაშებიც კი არ შუქდება, სხვა გუნდებზე რომ არაფერი ვთქვათ. არ ჩემპიონატის გახსნა და არც არაფერი
0

სიახლეები პოპულარული