თბილისის შემდეგ დიორი - ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 23 ივლისს გაიხსნება

AutoSharing Option
23 ივლისს უნგრულ დიორში საზეიმოდ გაიხსნება ევროპის ახალგაზრდობის ზაფხულის XIV ოლიმპიური ფესტივალი, 24-დან მოყოლებული კი ერთი კვირის განმავლობაში სპორტული ასპარეზობები გაჩაღდება. შეგახსენებთ, რომ დიორმა ფესტივალის დროშა თბილისისგან გადაიბარა - ჩვენმა დედაქალაქმა ორი წლის წინ, 2015 წელს, ასევე ივლისის თვეში მაღალ დონეზე უმასპინძლა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას.

მას შემდეგ ფესტივალმა ცოტათი იცვალა იერი, თუმცა არა იმდენად, როგორც თავდაპირველად ამბობდნენ. ჯერ კიდევ ჩვენი ფესტივალის მიმდინარეობისას გავრცელდა ხმები, რომ მომდევნო ანალოგიურ ღონისძიებებზე ოლიმპიური ცეცხლი აღარ აინთებოდა, თუმცა ეს პატივი მომდევნო მასპინძლებს
ბოლომდე მაინც არ ჩამოართვეს, ოღონდ გარკვეული პროცედურები ნამდვილად შეიცვალა.

"ლელო" უკვე წერდა, რომ წლევანდელ ფესტივალში საქართველო სპორტის 10 სახეობიდან 7-ში გამოვა - მხოლოდ ინდივიდუალურებში, გუნდურში კი მონაწილე არ გვეყოლება. ჩვენები მედლებისა და წარმატების მოპოვებას ძიუდოში, მძლეოსნობაში, სპორტულ ტანვარჯიშში, ცურვაში, ჩოგბურთში, კანოესა და ველოსპორტში შეეცდებიან. უნგრეთში დაახლოებით 60-კაციანი დელეგაცია გვეყოლება, საიდანაც ნახევარზე მეტი - 33 სპორტსმენია. მათთან ერთად იქნებიან აგრეთვე 11 მწვრთნელი და 3 - მსაჯი.

როგის მადლით

ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს თავიდან ოლიმპიური დღეები ერქვა, მისი დაარსების იდეა კი ჟაკ როგს ეკუთვნის - როცა ის ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს ხელმძღვანელობდა, ყველაფერი გააკეთა "პატარა ოლიმპიადის" ჩასატარებლად, მერე კი, რაკი ჩანაფიქრმაც გაამართლა და თვითონაც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გადაინაცვლა, იდეა იქაც წაიღო და მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები დააარსა.

ევროპული ფესტივალი სათავეს 1991 წლიდან იღებს, როცა პირველ ღონისძიებას ბრიუსელმა უმასპინძლა.

თოთხმეტიდან - მეცამეტედ

საქართველო მე-14-ედ ჩასატარებელ ამ ფესტივალში მე-13-ედ გამოვა - პოლიტიკური ძნელბედობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სწორედ იმ პირველ ფესტივალში არ გამოვსულვართ, ევროპულ ოლიმპიურ საფესტივალე ოჯახს კი 1993 წლიდან შევუერთდით - ამ წელს პირველად ვიასპარეზეთ ჰოლანდიურ ვალკენსვაარდში გამართულ ანალოგიურ თამაშებში. მაშინ 59 სპორტსმენით კი გამოვედით, მაგრამ მხოლოდ ორი მედალი დავისაკუთრეთ - თითო ვერცხლი და ბრინჯაო. თან ორივე ძიუდოს წილად მოდის. ფესტივალის პირველი ქართველი მედალოსანი შემდგომში ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ივერი ჯიქურაული გახდა, ვინც ვერცხლი მოიპოვა, ბრინჯაოს კი ლევან ციგრიაშვილი დაეუფლა.

რა დაგვიტოვა ფესტივალმა

მონაწილეთა რაოდენობით ეს ფესტივალი ბოლო წლებამდე ჩვენთვის მოწინავე იყო - უფრო მრავალრიცხოვანი გუნდი მხოლოდ თბილისში გვყავდა (137), და ესეც იმის ხარჯზე, რომ მასპინძლის სტატუსით შეჯიბრებებში უკონკურსოდ გამოვდიოდით, მათ შორის - გუნდურ სახეობებშიც. ამ რეკორდში საამაყო დიდი არაფერია, მაგრამ თავად თბილისური ფესტივალი ფრიად წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა ქვეყნისა და ქართული სპორტისთვის - მივიღეთ ახალი და საკმაოდ კარგი სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული ბაზები, სადაც მაღალი რანგის საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებათა გამართვა შეიძლება; საამისოდ გაშენდა "ოლიმპიური პარკი", რომელმაც სათავე დაუდო ქალაქის ახალი უბნის მშენებლობას; აღორძინდა და შეიქმნა სპორტის მთელი რიგი სახეობები, განსაკუთრებით - გუნდურებში, სადაც ან საერთოდ არ გვყავდა სპორტული წარმომადგენლობა, ან იყო მხოლოდ ბიჭებში, რასაც ფესტივალისთვის გოგოების გუნდებიც დაემატა. გენდერული ბალანსის დაცვა ზემდგომთა მოთხოვნა იყო. მით უფრო, როგორც გითხარით, მასპინძლის სტატუსი შესარჩევი ეტაპის გაუვლელად გვაძლევდა გამოსვლის უფლებას.

ევროპული ფესტივალის ქართული სტატისტიკა

ამგვარ ფესტივალებში საქართველოდან სულ მონაწილეობა მიიღო 427-მა სპორტსმენმა სპორტის 12 სახეობაში, რომელთა მიერ მოპოვებულია 69 მედალი: 22 ოქრო, 17 ვერცხლი და 30 - ბრინჯაო.

სახეობების მიხედვით მოპოვებული მედლების მხრივ ძიუდო უდავო ლიდერია: 59 ჯილდო, აქედან 17 ოქრო, 15 ვერცხლი და 27 - ბრინჯაო. ეს არცაა გასაკვირი: იმ წლებში ხომ ჩვენში დიდი სპორტიც ძიუდოს, საჭიდაო სახეობების, უფრო იშვიათად - ძალოსნობის და ჰა-ჰა, კრივის იმედად იყო, თუმცა ამათგან ფესტივალის პროგრამაში მხოლოდ ძიუდო შედიოდა.

ფეხბურთს ობიექტური მიზეზების გამო ხშირად არ იწვევდნენ (ხან კრიტერიუმი არ გვყოფნიდა, ხან - რეიტინგი, ზოგჯერ კი მასპინძელი არ გვწყალობდა, ეს საკითხი მისი გადასაწყვეტი როცა ხდებოდა), თუმცა ძალიან საინტერესო სტატისტიკა აქვს: სულ სამჯერ მონაწილეობდა და აქედან ორჯერ ჩემპიონი გახდა, 1997 წელს ლისაბონში და 2005-ში - იტალიურ ლინიანოში. ლისაბონში ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ეგრეთ წოდებული 73-იანთა თაობის ბევრი მომავალი ვარსკვლავი გამოდიოდა, რომლებმაც მერე დიდი ფეხბურთიც ითამაშეს. მომავალი ვარსკვლავები არც ლინიანოში გვაკლდა, რომლებმაც ფინალში მასპინძლებს 2:0 მოუგეს და იტალიელებს ათქმევინეს, საქართველო საფეხბურთო ქვეყანა ყოფილაო, თუმცა წინა თაობასთან შედარებით, მათ სიკაშკაშე აკლიათ.

ძიუდოსა და ფეხბურთის გარდა, მედლები სპორტის კიდევ სამ სახეობაზე მოდის - ჩოგბურთი, მძლეოსნობა და სპორტული ტანვარჯიში, თუმცა ეს ბოლო სახეობაც თბილისის შემდეგ შემოგვემატა, სადაც უკრაინიდან გადმობირებულმა იგორ გოროვოიმ ბრინჯაო მოიპოვა. ჯერჯერობით სტატისტებად ვრჩებით ცურვაში, ველოსპორტში, მაგიდის ჩოგბურთში, ნიჩბოსნობაში, კალათბურთში, ფრენბურთსა და ხელბურთში, თუმცა ბოლო სამ გუნდურ სახეობაში მხოლოდ თბილისში გამოვედით.

ძიუდოსა და ფეხბურთის გარდა, ოქროს მედლები მოვიპოვეთ მძლეოსნობასა და ჩოგბურთში. მძლეოსანთაგან 2003 წელს პარიზში ჩემპიონი ბირთვის მკვრელი მამუკა ტუღუში გახდა, ჩოგბურთელებმა კი შერეულ წყვილებში გაიმარჯვეს 2007 წელს ბელგრადში - ეკატერინე გორგოძემ და გიორგი ხმიადაშვილმა.

ცალკეულ ფესტივალებს შორის მოპოვებული მედლებით თბილისი ლიდერობს - 10, თუმცა გავითვალისწინოთ, რომ ეს საშინაო შეჯიბრება იყო, სადაც ჩვენს მოზარდებს გარკვეული ფორა ჰქონდათ. მანამდე ამ მაჩვენებლით რეკორდი ორი წლით ადრე გამართულ უტრეხტულ თამაშებს ეკუთვნოდა - 8 ჯილდო, 7-7 გვქონდა დანიურ ესბიერგში 1999-ში და პარიზში 2003-ში. ყველაზე მწირი მონაგარი - 2 მედალი სულ პირველად გვქონდა ვალკენსვაარდში, თუმცა 2009-ში ფინურ ტამპერეშიც მხოლოდ 3 ჯილდო ვირგუნეთ.

გუნდურ ჩათვლაში ყველაზე უკეთ თბილისსა და ესპანურ მურსიაში გამოვედით 2001 წელს - მე-10 ადგილი. ეს ორი ქალაქი კიდევ ერთ კომპონენტში ლიდერობს, ყველაზე მეტი ოქროებით: ორივეგან 4-4 უმაღლესი სინჯის მედალი გვქონდა. ბარემ აქვე გეტყვით, რომ პირველი ოქროს მედლის მფლობელი ძიუდოისტი დავით კობერიძე გახდა 1993 წელს, ინგლისურ ბათში.

იმედია, ჩვენები ამჯერად ამ მაჩვენებლებს გააუმჯობესებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული