სეოკ-ის გასვლითი ღონისძიება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში

AutoSharing Option
21 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლას ესტუმრნენ სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძე, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე, კარატეში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გოგიტა არქანია.

სოფელი ჩოჩხათი ამასწინანდელმა სტიქიამ გურიაში საკმაოდ დააზიანა, მათ შორის, საჯარო სკოლა.

სტუმრები გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსწავლეებს, სკოლის დირექციას და პედაგოგებს. ახალგაზრდებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, უსურვეს წარმატება სწავლასა და სპორტში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან გადასცეს სპორტული ინვენტარი და სეოკ-ის
მიერ სპორტულ და ოლიმპიურ თემატიკაზე გამოცემული ლიტერატურა.

ღონისძიებას დაესწრო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, რომელსაც სეოკ-ისგან რაიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სპორტული და ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის გადაეცა სპეციალური ჯილდო. ასევე სპეციალური პრიზი გადაეცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლას - მრავალი ათეული წლის განმავლობაში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციისა და მოსწავლე-ახალგაზრდობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში შეტანილი წვლილისთვის. აღნიშნული პრიზი სკოლის დირექტორს, ია ღლონტს, გადასცა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს ჩატარდა ვიქტორინა ოლიმპიურ თემატიკაზე. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სპეციალური პრიზები.

სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი: "ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სპორტულ დაწესებულებებში, სეოკ-ი მის სპორტსმენთა კომისიასთან ერთად პერიოდულად ატარებს მსგავს ღონისძიებებს. ისინი ხელს უწყობენ ოლიმპიზმის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. ამჯერად მოხდა ისე, რომ შერჩეულ იქნა სკოლა, რომელიც ამას წინათ სტიქიის ზონაში მოხვდა და რომელიც, სხვათა შორის, რამდენიმე ათეული წლის წინ მე დავამთავრე. ეს სკოლა თითქმის 150 წლისაა და მას ძალიან დიდი ტრადიციები გააჩნია. შეგახსნებთ, რომ ამ სოფლიდანაა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვახტანგ ბლაგიძე.

მოსწავლეებს ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ ნინო სალუქვაძესთან და გოგიტა არქანიასთან. სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა ოლიმპიური თემატიკის მრავალფეროვანი ლიტერატურა, ბევრი მათგანი ჩემპიონთა ავტოგრაფით. კალათბურთის, ფეხბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, ფრენბურთის, ბადმინტონის და სხვა სახეობათა სპორტულ ინვენტართან ერთად მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილის ხელმოწერითა და მიძღვნით რამდენიმე ჭადრაკის კომპლექტი".

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული