საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეები და მატჩების განრიგი ცნობილია

AutoSharing Option
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი თბილისის "ლიგამუსი" 13-16 სექტემბერს შინ - საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ტურნირს ესპანეთის "საბადელთან", ბელარუსის "ვიტებსკისთან" და პოლონეთის "ალკოლიასთან" გამართავს.

ასევე ცნობილი გახდა, წყალბურთელთა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში თუ ვინ რომელ ჯგუფში ითამაშებს. დადგენილია პირველი და მეორე ეტაპების ორთაბრძოლათა განრიგიც.

საქართველოს ნაკრები თურქებთან და ბელარუსებთან ერთად F ჯგუფში მოხვდა. დანარჩენი ჯგუფები ასე დაკომპლექდა:

A ჯგუფი. ესპანეთი, მალტა, უკრაინა.
B ჯგუფი. ჰოლანდია, სლოვაკეთი, დანია.
C ჯგუფი. ხორვატია, რუსეთი, პორტუგალია.
D ჯგუფი. რუმინეთი,
სლოვენია, ისრაელი.
E ჯგუფი. მაკედონია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი.

F ჯგუფში სპეციალისტები ფავორიტად თურქებს მიიჩნევენ. მომდევნო ეტაპზე გასასვლელი მეორე საგზურისთვის ბრძოლა, ფაქტობრივად, ქართველებსა და ბელარუსებს შორის წარიმართება.

A ჯგუფში ესპანეთს, რომელმაც ლონდონის ოლიმპიადაზე მე-6 ადგილი დაიკავა, ალბათ, მალტა და უკრაინა სათანადო მეტოქეობას ვერ გაუწევენ.
მომდევნო ეტაპზეც მასთან ბრძოლა იოლი არ იქნება.

საკვალიფიკაციო და მომდევნო რაუნდში უპირობო ფავორიტები მაინც ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონები - ხორვატები არიან, რომლებმაც ბრიტანეთის დედაქალაქში ფინალური შეხვედრა იტალიელებს 8:6 მოუგეს.

ჯგუფებში პირველი მატჩები 2012 წლის 7 ნოემბერს, მეორე კი - 12 დეკემბერს გაიმართება. დანარჩენი შეხვედრები 2013 წლის 3 აპრილს, 5 ივნისს, 10 ივლისსა და 6 ნოემბერს ჩატარდება. ფლეი ოფები 2014 წლის 15 თებერვალსა და 12 აპრილს არის დაგეგმილი.

ამის შემდეგ გახდება ცნობილი იმ 6 გუნდის ვინაობა, რომლებიც 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული