საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს ვლადიმერ ისელიძე უთავკაცებს

AutoSharing Option
მარცხნიდან: ვლადიმერ ისელიძე, დავით რურუა, ირაკლი დოლაბერიძე, ალექსანდრე ბითაძე

წლეულს 4-7 აპრილს საცურაო კომპლექსი "ოლიმპიკი" წყალბურთელ ვაჟთა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.

მასპინძლებს მეტოქეობას სლოვაკები, ბრიტანელები, პოლონელები და ჩეხები გაუწევენ. ამ ასპარეზობისთვის ჩვენს გუნდს სახელოვანი ქართველი წყალბურთელი ვლადიმერ ისელიძე მოამზადებს, რომელიც გუშინ საწყლოსნო სახეობის ეროვნული ფედერაციის მესვეურებმა მასმედიას პრესკონფერენციაზე ოფიციალურად წარუდგინეს.

"წლეულს წყალბურთში მნიშვნელოვანი შეჯიბრებები გველის", - აღნიშნა საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ. - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს. დარწმუნებული
ვართ, რომ ვლადიმერ ისელიძის ხელმძღვანელობით გუნდი მიზანს მიაღწევს.

9-12 მაისს 1996-1997 წლებში დაბადებული წყალბურთელები, ასევე "ოლიმპიკში," 2013 წლის ევროპის ახალგაზრდული პირველობის შესარჩევ ტურნირში იბრძოლებენ გერმანელი, ჰოლანდიელი, სლოვაკი და მოლდოველი თანატოლების წინააღმდეგ.

ვუმასპინძლებთ ახალგაზრდებში ნოდარ გვახარიას მემორიალს და თბილისის საერთაშორისო ტურნირს. იმედია, თავს არ შევირცხვენთ".


"საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბრიტანელებთან ოთხჯერ აქვს ნათამაშები. სამი მატჩი ჩვენ მოვიგეთ, ერთხელ კუნძულელებმა გვძლიეს. პოლონელებიც არაერთხელ დაგვიმარცხებია. აი, სლოვაკებსა და ჩეხებს არასდროს დავპირისპირებივართ. ზაფხულში კიდევ ორი ტური გველის.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში 17 ნაკრები იბრძოლებს პლეი ოფის ექვსი საგზურისთვის. სულ 16 ორთაბრძოლის გამართვა მოგვიწევს.

პირველ-მეექვსე ადგილებზე გასული გუნდები წინა ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე-მეთორმეტეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან. დასკვნით ეტაპზე, რომელიც გაისად ბუდაპეშტში გაიმართება, თამაშის უფლება განაღდებული აქვთ სერბეთს (ჩემპიონი), ჩერნოგორიას (ვიცე-ჩემპიონი), უნგრეთს (მასპინძელი და ბრინჯაოს პრიზიორი), იტალიას, საბერძნეთსა და გერმანიას.

რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, ყველაზე მძიმე ქვეჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ არა მგონია, ფინალში გასვლა გაგვიჭირდეს. დასკვნითი შეჯიბრება კი მალტაში (სექტემბერი) გაიმართება",
- ვრცელი ინფორმაცია მოგვაწოდა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ბითაძემ.

ვლადიმერ ისელიძე: "დიდი მადლობა ფედერაციას ნდობისთვის. მე და ჩემი შეგირდები ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ქომაგებს იმედები არ გავუცრუოთ, თუმცა მოსამზადებლად ცოტა დრო გვრჩება, რადგან ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ 27 თებერვალს დასრულდება.

გადაწყდა, რომ ნაკრები ორ საწვრთნელ შეკრებას სერბეთში გაივლის, სადაც ამხანაგურ შეხვედრებს გავმართავთ ადგილობრივი უმაღლესი ლიგის გუნდებთან - "პარტიზანთან", "ცრვენა ზვეზდასთან", "ვოივოდინასთან", "ჟაკსა" და "რადნიჩკისთან".

გუნდს აუცილებლად გავაძლიერებთ სამი ნატურალიზებული წყალბურთელით, რომლებიც უცხოეთის გუნდებში თამაშობენ. ესენი არიან მარკო ელაჩა (ხორვატიის "რიეკა"), მარკო ელეზი (იტალიის "ბრეშა") და მარინო ფრანიჩევიჩი (ხორვატიის "პოშკი"). ვფიქრობ, რომ მიზნის მიღწევა არ უნდა გაგვიჭირდეს".


ირაკლი დოლაბერიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი: "ვლადიმერ ისელიძის სპორტული გზა გვაიმედებს, რომ მისი გაწვრთნილი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში წარმატებით ითამაშებს და ფინალის საგზურს მოიპოვებს.

საწყლოსნო სახეობათა ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით, კერძო კომპანიების მხარდაჭერით ყველაფერი გაკეთდება წყალბურთის პოპულარიზაციისა და უწინდელი ტრადიციების აღსადგენად".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული