"ლიგამუსმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო შეხვედრაც წააგო

AutoSharing Option
27 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

საქართველოს სამგზის ჩემპიონმა "ლიგამუსი-თბილისმა" უნგრეთის "ეგერს" უმასპინძლა. პირველი წრის მატჩი მადიარებმა შინ დიდი ანგარიშით მოიგეს (27:5). ჩვენი გუნდის კლასი ბევრად ჩამორჩება უნგრელებისას, ამიტომ 27 თებერვლის პაექრობაშიც ფავორიტებად სტუმრებს მიიჩნევდნენ.

პირველი რვაწუთიანი მონაკვეთიც მათი იერიშებით დაიწყო და მე-2 წუთზე გაბორ კოვაჩმა ანგარიში გახსნა.

წუთიც არ გასულა, რომ ლიგამუსელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და გეგელაშვილმა წონასწორობა აღადგინა.

ჩილკომ მალევე დააწინაურა თავისიანები. მე-5 წუთზე მას ბაღათურიას გოლი მოჰყვა - 2:2. ბოლო ორ წუთში უპირატესობა
მთლიანად მადიარებმა ჩაიგდეს ხელთ, განსაკუთრებით მას მერე, რაც აუზიდან გიორგი ხვედელიანი გააძევეს.

ამას ისიც დაემატა, რომ წინა მატჩში გაძევებულ ზურაბ რურუას ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა და ორი გამოცდილი წყალბურთელის მოსაკლისებამ ჩვენი გუნდი საგრძნობლად დაასუსტა.

ამიტომაც იყო, რომ პირველი მეოთხედის ბოლო ორ წუთში "ეგერმა" 2, მეორე რვაწუთიან მონაკვეთში კი სამი უპასუხო ბურთი გაუტანა "ლიგამუსს" და 7:2 დაწინაურდა.

შესვენების შემდეგ მასპინძლები ოდნავ გამოცოცხლდნენ. ხშირადაც უტევდნენ, მაგრამ სტუმრების მეკარე ბიშსტრიცანმა ითამაშა კარგად - მესამე მეოთხედის ბოლო წამებზე ბაღათურიას დარტყმული პენალტიც მოიგერია. ბოლო რვაწუთიან მონაკვეთში კვლავ სტუმრებმა იძალეს და მატჩი 12:4 მოიგეს.

27 თებერვალს ვოლგოგრადის "სპარტაკმა" ერთპიროვნულ ლიდერს - საბერძნეთის "ვულიაგმენს" სძლია 9:7 (1:1, 2:2, 4:3, 2:1). წაგების მიუხედავად, ელინელებმა გათამაშების ცხრილში 24 ქულით (128:55) პირველი ადგილი შეინარჩუნეს, "სპარტაკი" მეორეა - 24 (108:65).

"ეგერმაც" 24 ქულას (131:64) მოუყარა თავი, მაგრამ ურთიერთშეხვედრებისა და ბურთების სხვაობის გათვალისწინებით, მესამე ადგილს ვერ ასცდა.

მერვედფინალის მე-4 საგზური ჰოლანდიის "შუურმანს" ერგო, რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად გერმანიის "ვასპო-98"-ს სძლია 7:3 (3:0, 2:1, 0:0, 2:2) და 12 ქულა (65:108) მოაგროვა. 4 ქულით მე-5 ადგილი "ვასპო-98"-ს (44:109) ერგო.

"ლიგამუსი-თბილისმა" სადებიუტო ჩემპიონთა ლიგა ერთი ქულითა (58:133) და ბოლო ადგილით დაასრულა.

ახლა ქართველი წყალბურთელები 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მოემზადებიან: 4-7 აპრილს საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" ისინი პირველი ტურის შეხვედრებს სლოვაკებთან, ბრიტანელებთან, პოლონელებთან და ჩეხებთან გამართავენ.

ჩვენებს ბრიტანელებთან ოთხჯერ უთამაშიათ (სამი მოგება, ერთი მარცხი), პოლონელებიც არაერთხელ დაუმარცხებიათ; აი, სლოვაკებსა და ჩეხებს არასდროს დაპირისპირებიან. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში 17 ნაკრები იბრძოლებს პლეი ოფის ექვსი საგზურისთვის.

საქართველოს ნაკრები შესარჩევ ტურნირამდე ორ საწვრთნელ შეკრებას სერბეთში გაივლის, სადაც ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს ადგილობრივი უმაღლესი ლიგის გუნდებთან - "პარტიზანთან", "ცრვენა ზვეზდასთან", "ვოივოდინასთან", "ჟაკსა" და "რადნიჩკისთან".

ჩემპიონთა ლიგა. თბილისი. 27 თებერვალი. საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი"
ლიგამუსი-ეგერი 4:12
2:4, 0:3, 1:1, 1:4
ლიგამუსი: ჭუმბურიძე, ქენქაძე (1), ჩიქვინიძე, ყაზახიშვილი, ლაითაძე (კ), ურუშაძე, ხვედელიანი, ბაღათურია (2), გეგელაშვილი (1), გიორგაძე, ქავთარაძე, კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე, მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი.
ეგერი: ბიშსტრიცანი, გერიცე (1), ლორინსი (1), ზალანკი (2), ჰალმოსი, გ. კოვაჩი (3), მეზეი (3), ნორნიაკი, ა. კოვაჩი, კოსტელნიკი, ჩილკო (2), ჯოზშა, შანდორი. მწვრთნელები გეორგ გერენდასი, ატილა ვარანი.
მსაჯები: მეთე კოკარაგასი (თურქეთი), ტომაშ შლუნზი (გერმანია). დელეგატი იან-კლაუდ დემი (საფრანგეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული