ქართველი მხედარი მსოფლიო თასის ფინალში

AutoSharing Option
საქართველოს ცხენოსნობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა დაბრკოლებათა გადალახვაში, რომელიც ოლიმპიური პროგრამაა, ქართველი მხედარი მსოფლიო თასის გათამაშების ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

პირველმა ამ წარმატებას მიაღწია თბილისელმა მხედარმა, 24 წლის შალვა გაჩეჩილაძემ, რომელმაც ბრწყინვალედ დაასრულა - "მსოფლიო თასი, კავკასიის ლიგა" - 2011-12 წლების სეზონი. სულ ჩატარდა 7 ასპარეზობა.

კავკასიის ლიგისთვის მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე საასპარეზოდ განკუთვნილი ერთადერთი საგზური დარჩებოდა იმ მხედარს, რომელსაც შვიდი შეჯიბრიდან ოთხი საუკეთესო შედეგის შეჯამებით უპირატესი მაჩვენებელი ექნებოდა.

მეშვიდე ასპარეზობა ბაქოში ამ დღეებში გაიმართა. შალვა გაჩეჩილაძე მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერთა
შორის იყო და ბოლო შანსიც შესანიშნავად გამოიყენა. მართალია, მეშვიდე ეტაპზე გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებით ხტომებში მან 0,20 წამით დათმო ბაქოელ მხედარ ელმარ აბდულაევთან, საგზურის მოსაპოვებლად საბოლოოდ ეს მისთვის საკმარისი აღმოჩნდა, მასპინძლისთვის - არა!

ამრიგად, შალვა გაჩეჩილაძე საქართველოდან და, საერთოდ, კავკასიიდან პირველი მხედარია, რომელიც დაბრკოლებათა გადალახვაში მსოფლიო თასის გათამაშების ფინალში გამოვა. ეს ასპარეზობა ერთ თვეში, აპრილის ბოლოს გაიმართება ჰოლანდიაში.

დავძენთ, რომ აქამდე სამჯერ აზერბაიჯანელი ცხენოსანი მოხვდა მსოფლიო ეტაპების ფინალში, მაგრამ მონაწილეობა არ მიუღია.

თორნიკე გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული