26 მედალი აზერბაიჯანიდან

AutoSharing Option
შამქორში ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილი აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი გაიმართა ცურვაში. მედლებისთვის პაექრობაში 13 ქართველი სპორტსმენიც მონაწილეობდა (დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი აბზიანიძე, მწვრთნელები - მანანა თურქია და ნინო გოგინაშვილი), რომლებმაც 26 მედალი მოიხვეჭეს, მათ შორის - 2 ოქროსი, 15 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოსი.

ჩვენებურთაგან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი თბილისელმა ლუკა კერვალიშვილმა. 100 და 200 მეტრზე ბრასით ცურვაში იგი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, ხოლო 50 მეტრზე მესამე ადგილით დაკმაყოფილდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია 11 წლის თბილისელი ნატალია ჯაფარიძის წარმატება. 4-5 წლით უფროსებთან პაექრობაში მან 3
ბრინჯაო (50, 100 და 200 მ გულაღმა ცურვა) დაიმსახურა.

არაერთხელ გვითქვამს, რომ საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში 25-მეტრიანი აუზის გახსნით ამ კუთხეში ცურვა სპორტის პოპულარული სახეობა გახდა. და აი, იქაურებმა პირველი საერთაშორისო ჯილდოებიც დააჭაშნიკეს - მარიამ ზუბიაშვილმა შამქორში ერთი ვერცხლისა (50 მ ბრასი) და ორი ბრინჯაოს (100 და 200 მ ბრასი) მედალი მოიპოვა. ხუთი ვერცხლის მედალი (50 და 100 მ თავისუფალი ყაიდა, 50 და 100 მ ბატერფლაი, 100 მ კომბინირებული ცურვა) ჩაიტანა რუსთავში 12 წლის თამთა გიგილაშვილმა. მისმა თანაქალაქელმა თეონა ბოსტაშვილმა კი ორი მეორე (100 და 200 მ ბრასი) და ერთი მესამე (50 მ ბრასი) ადგილი დაიკავა.

სხვადასხვა დისციპლინაში ხუთი ვერცხლი (50 და 100 მ გულაღმა ცურვა, 100 მ თავისუფალი ყაიდა, 50 მ ბრასი და 100 მ კომპლექსი) ერგო თბილისელ ნიკოლოზ კოკელაძეს. დანარჩენი ოთხი მედალი ჩვენი დელეგაციის სპორტულ ყულაბას რუსთაველმა ირაკლი შავიძემ (50 და 100 მ ბატერფლაი, II ადგილები), თბილისელებმა - ილია პაპიძემ (200 მ ბრასი, III ადგილი) და ნიკოლოზ სიხარულიძემ (200 მ გულაღმა ცურვა, III ადგილი) შესძინეს.

რამდენიმე დღეში საქართველოს მოცურავეთა ექვსკაციანი ნაკრები ალიტუსში გაემგზავრება და 28 ივნისიდან ლიტვის ღია ჩემპიონატში ჩაებმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული