კიევის შეჯიბრმა მოცურავეები საგზურებს მიაახლოვა

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე ხუთიოდე თვეა დარჩენილი. ამიტომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ინტენსიურად ტარდება სალიცენზიო ტურნირები.

ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრებას კიევმა უმასპინძლა. უკრაინის დედაქალაქში ქვეყნის ღია ჩემპიონატზე მასპინძლებთან ერთად საქართველოს, რუსეთის, ბელარუსის, მოლდოვისა და ყაზახეთის წარმომადგენლებმაც იასპარეზეს.

მედლები გათამაშდა როგორც უფროსებში, ისე 1994-95 წლებში დაბადებულთა შორის. ამ ასაკის მოცურავეები წლეულს ანტვერპენში ევროპის პირველობაზეც მოსინჯავენ ძალებს.

კიევში ჩვენებურთაგან (ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ხომასურიძე, მწვრთნელი ირინა მინჟულინა) განსაკუთრებით 17 წლის ირაკლი ბოლქვაძემ იყოჩაღა.

200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში მან ახალგაზრდებს შორის 2.09,64-ით პირველი ადგილი
დაიკავა. 400 მეტრზე კომპლექსში ბოლქვაძემ წინასწარი გაცურვისას 4.33,95-ით საქართველოს რეკორდი დაამყარა, საღამოს ფინალური გაცურვისას თავისივე მიღწევა გააუმჯობესა (4.33,06), რითაც ახალგაზრდებში ვერცხლის მედალი ერგო, ხოლო უფროსებში მეოთხე იყო.

განსაკუთრებით ის არის მნიშვნელოვანი, რომ 200 და 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში სალიცენზიო ნორმატივებს (შესაბამისად, 2.04,38 და 4.25,44) მიუახლოვდა.

ირაკლიმ 200 მეტრზე ბრასშიც მოსინჯა ძალები და 2.20,15-ით (სალიცენზიო ნორმატივი 2.16,35) მეხუთე ადგილი დაიკავა.

ბატერფლაიში ურიგოდ არ უბრძოლია თემურ კობახიძეს. 50 მეტრი მან 25,64 წამში დაფარა და ფინალში მეშვიდე იყო, თუმცა ეს შედეგი საკმარისი აღმოჩნდა საქართველოს რეკორდის გასაუმჯობესებლად.

ირაკლი რევიშვილმა 200 მეტრი თავისუფალი ყაიდით წუთსა და 53,31 წამში გაცურა და მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა.

საგულისხმოა, რომ პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილეს 2012 წლის ოლიმპიურ ლიცენზიამდე ამ დისტანციაზე ორიოდე წამი აშორებს.

ბატერფლაითა და თავისუფალი ყაიდით 100 მეტრზე 17 წლის დავით სიხარულიძე ახალგაზრდებში მხოლოდ მეხუთე იყო, თუმცა ორივე დისტანციაზე სპორტის ოსტატის ნორმატივი შეასრულა.

ქართველი მოცურავეები ზაფხულამდე კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას: 24-29 აპრილს ბრესტში ბელარუსის ღია ჩემპიონატზე გამოვლენ, 5-9 მაისს ხარკოვში უკრაინის თასი ელით, 21-27 მაისს კი დებრეცენში (უნგრეთი) ევროპის ჩემპიონატზე მოსინჯავენ ძალებს.

ბოლო სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირი 2-3 ივნისს პრაღაში ექნებათ. იმედია, ჩვენს მოცურავეებს ამ ტურნირებზე ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვება არ გაუჭირდებათ.

წყალბურთი. ორი ასაკი თოთხმეტი გუნდით
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" სტარტი აიღო წყალბურთელთა საქართველოს პირველობამ ორ ასაკში. 1998 წელსა და უფრო გვიან დაბადებულთა შორის 8 გუნდს უნდა ეასპარეზა, მაგრამ ბათუმელებმა, როგორც შევიტყვეთ, უსახსრობის გამო თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლეს და პირველი ტურის ორივე მატჩში წაგება (0:10) ჩაეთვალათ.

გთავაზობთ სასტარტო პაექრობათა შედეგებს: "ივერია-1" - "ქუთაისი" 17:3, "ივერია-2" - "საჩხერე" 4:2, "ლიგამუსი-1" - "ბათუმი" 10:0, "ლიგამუსი-2" - "თბილისი" 8:4; "ქუთაისი" - "თბილისი" 8:2, "ივერია-1" - "ლიგამუსი-2" 13:1, "ბათუმი" - "საჩხერე" 0:10, "ლიგამუსი-1" - "ივერია-2" 14:0.

უმცროსების შემდეგ შეჯიბრებაში 1996-97 წლებში დაბადებული წყალბურთელები (7 გუნდი) ჩაებნენ: "ივერია-1" - "ქუთაისი" 26:2, "ივერია-2" - "ბათუმი" 6:6, "ლიგამუსი" - "ქუთაისი" 20:2, "ივერია-1" - "ტონუსი" 31:0;

"ლიგამუსი" - "ბათუმი" 14:6, "ივერია-1" - "თბილისი" 29:7, "ივერია-2" - "ქუთაისი" 7:5, "ლიგამუსი" - "ტონუსი" 26:2.

მომავალ პარასკევს ისევ უმცროსი ასაკის სპორტსმენები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: "ივერია-2" - "ბათუმი", "ლიგამუსი-2"- "ქუთაისი", "ლიგამუსი-1" - "საჩხერე", "ივერია-1" - "თბილისი".

16-17 მარტს პაექრობებს 15-16-წლიანები განაგრძობენ. ეროვნული ჩემპიონატი კი 30 მარტს დაიწყება და მედლებისთვის "ლიგამუსი", "თბილისი", "ივერია", "ზვიგენები", "ბათუმი" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული